რეფინანსირების განაკვეთი კვლავ გაიზარდა და 9% შეადგინა

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

„მიუხედავად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი გამყარებისა, გაცვლითი კურსი გაუფასურებული რჩება, რაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მოლოდინს უწყობს ხელს. როგორც კომიტეტის წინა გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, ინფლაციის საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შესანარჩუნებლად პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა”. – ვკითხულობთ ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 29 იანვარს ჩატარდება.