როგორ მოხდება უფროსი, წამყვანი და მენტორი პედაგოგის სტატუსის მინიჭება - ცვლილებები სქემაში

პუბლიკა

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

კერძოდ, ცვლილებების თანახმად, მასწავლებლის კარიერული საფეხურები აღარ მოიაზრებს პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგს. მასწავლებლის სტატუსებიდან იერარქიულად ყველაზე დაბალი სტატუსია უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

ცვლილების თანახმად, მასწავლებლის სტატუსის სახეებია: უფროსი მასწავლებელი; წამყვანი მასწავლებელი; მენტორი მასწავლებელი.

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

უფროსი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას. გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის მიწოდებული მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და გამოცდაში მიღებული ქულა) საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ, რის შესახებაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

წამყვანი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს:

ა) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას;

ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილისშემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);

ბ.ბ) სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.

სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად.

მასწავლებლის პორტფოლიო ფასდება მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც  განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დაწესებულ ზღვარს. პირს გამოცდაზე მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, პირს უფლება აქვს, მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი.

მასწავლებლის შეფასებას პრაქტიკულ ნაწილში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის მიერ წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში.

მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის თითოეული კომპონენტი ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.

მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

მენტორი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს წამყვან მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:

ა) მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას;

ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს;

ბ.ა) გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);

ბ.ბ) სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.

მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს. პირს მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, მას უფლება აქვს მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი.

მასწავლებლის შეფასებას პრაქტიკულ ნაწილში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის მიერ წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში.

დადგენილების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

 

LB loan image desktop LB loan image mobile