როგორ მოქმედებს ამინდი კორონავირუსზე - ახალი კვლევების წინასწარი შედეგები

პუბლიკა

Washington Post აქვეყნებს სტატიას რამდენიმე კვლევის წინასწარ შედეგებზე, რომელთა თანახმადაც ახალი კორონავირუსის გავრცელებას წელიწადის სეზონების ცვალებადობა შეანელებს. კვლევა, თუ როგორ მოქმედებს ვირუსი სხვადასხვა ტემპერატურასა და ტენიანობაზე ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. გთავაზობთ სტატიის თარგმანს:

რამდენიმე კვლევის პირველადი შედეგები სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით ადგენს, რა კავშირი აქვს ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობას იმ გეოგრაფიულ რეგიონებთან, სადაც ვირუსი გავრცელდა. ამ კვლევების შედეგები ჯერ არ გადამოწმებულა, თუმცა თითოეული მათგანი ერთ ზოგად შესაძლებლობაზე მიუთითებს: პანდემია, შესაძლოა, ზაფხულის თვეებში შემცირდეს ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის გარკვეულ ტერიტორიებზე, თუმცა შესაძლოა, შემოდგომაზე კვლავ გამძვინვარდეს.

ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი საკითხი აზიაში ვირუსის გავრცელების შესახებ არის შემდეგი –  რატომ არ გავრცელდა ვირუსი მასშტაბურად აზიის ქვეყნები, ჩინეთთან ახლო კონტაქტის მიუხედავად.

ვირუსთან ბრძოლაში ტაივანის, სინგაპურისა და ჰონგ-კონგის წარმატება, შესაძლოა, მივაწეროთ მთავრობების სწრაფ და გაბედულ ქმედებებს, ასევე ადგილობრივების მხრიდან უსაფრთხოების ზომების დაცვასა და სოციალურ დისტანციას. მაგრამ ეს სრულად მაინც ვერ განმარტავს – რატომ შემცირდა ვირუსის გავრცელება კამბოჯაში, ტაილანდში, ვიეტნამსა და ფილიპინებში. ყოველ შემთხვევაში, ამ ქვეყნებში ვირუსი ისე არ გავრცელებულა, როგორც დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში. თითოეულ ჩამოთვლილ ქვეყანას წლის დასაწყისში აუარება ჩინელი ვიზიტორი ჰყავდა.

კამბოჯის მთავრობას იმის გამოც აკრიტიკებდნენ, რომ საზღვრები ჩინეთთან დროულად არ დაკეტა და ვერ შეძლო ქვეყნის პირბადეებით უზრუნველყოფა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, პირველი დადასტურებული შემთხვევიდან ორ თვეში კამბოჯაში მხოლოდ 91 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან თითქმის ყველა შემთხვევა იმპორტირებული იყო. აშშ-ში კი, მხოლოდ 3 დღეში, 10 ათასი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო კვირებში ბევრ ცხელ ქვეყანაში ტესტირებების მასშტაბის გაზრდასთან ერთად ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამაც იმატა. თუმცა ბევრი მათგანი ევროპიდან ან აშშ-დან იყო იმპორტირებული. სამხრეთ ნახევარსფეროში, კერძოდ, ავსტრალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ მათი უმრავლესობა მიჩნეულია, რომ საზღვარგარეთიდან შემოვიდა, დიდი ნაწილის პირველწყარო კი ამ დრომდე გამოკვლევის საგანია.

უამრავი მაგალითია იმისა, როდესაც ვირუსი ადამიანიდან ადამიანს თბილ და ტენიან ქვეყანაში გადაედო. რამდენიმეა ისეთი მაგალითი, როდესაც ინფექციის კლასტერი ცხელი ქვეყანა იყო. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლასტერი მალაიზიის ერთ მეჩეთში 4-დღიანი რელიგიური თავშეყრა აღმოჩნდა: 800-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და შემდგომ მათ ვირუსი სულ მცირე 6 ქვეყანაში გაავრცელეს.

ტაილანდში ასობით ადამიანი, სავარაუდოდ, ბოქსის ჩემპიონატზე დაინფიცირდა, ზოგიერთი კი კაფე-ბარში. თუმცა არცერთ ტროპიკულ ქვეყანაში ვირუსი ისე მასშტაბურად არ გავრცელებულა, როგორც საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და აშშ-ში.

კვლევები აჩვენებს კავშირს ამინდსა და ვირუსის გავრცელებას შორის – თუმცა შედეგები საბოლოო არ არის  

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ორი მეცნიერის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც SSRN-ზე რამდენიმე დღის წინ აიტვირთა, მიუთითებს, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის გადაცემა კონკრეტული ტემპერატურისა (2,7°C-დან 17,2°C-მდე) და აბსოლუტური ტენიანობის პირობებში მოხდა. ამ ზონის მიღმა მდებარე არეალებში, ვირუსი ისევ ვრცელდება, თუმცა უფრო ნელა.

ნაშრომში, რომელიც სხვა სპეციალისტებს ჯერ არ გადაუმოწმებიათ, აღნიშნულია, რომ აშშ-ის თბილ ნაწილში, როგორიცაა ტექსასი და ფლორიდა, არ შეინიშნება ინფიცირებულთა რაოდენობის ისეთივე ზრდა, როგორც ნიუ-იორკისა და ვოშინგტონის შტატებში.

კვლევის მიხედვით, საუკეთესო შემთხვევაში გავრცელების მაჩვენებელი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მიდამოებში ტემპერატურისა და ტენიანობის ზრდასთან ერთად შემცირდება. თუმცა მათივე გაფრთხილებით, თუ ჰაერის აბსოლუტური ტენიანობა კორონავირუსის გავრცელებისას უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდება, მაშინ ბევრ ქალაქს (მათ შორის ბოსტონსა და პარიზს), სადაც შემთხვევების რაოდენობა მაღალია, ამ ზაფხულს მდგომარეობა დიდად ვერ შეუმსუბუქდებათ. რადგან ეს ადგილები საკმარისად ცხელი და ტენიანი არ არის იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებელი (თუ არ ჩავთვლით ფანჯარა პერიოდს – ივლისის თვეს).

მკვლევართა გაფრთხილებით, თბილ და ტენიან რეგიონებშიც მთავრობებმა უნდა მიიღონ ზომები, რათა შეანელონ ვირუსის გავრცელება. რადგან თბილ ამინდს შეუძლია ვირუსის შეკავება და არა მისი გავრცელების ელიმინაცია. „რადგან ამ ტერიტორიებზე მცხოვრებმა საზოგადოებამ ეს არ უნდა მიიღოს როგორც მტკიცებულება, რომ მათ შეუძლიათ ჩვეულებრივად გააგრძელონ ცხოვრება და არ გამოიჩინონ სიფრთხილე“, – ამბობს კვლევის თანაავტორი ყასიმ ბუკჰარი.

„ბევრი ქვეყნისთვის ვირუსის შესანელებლად შესაძლოა „ფანჯარა პერიოდი“, რომელსაც სჭირდება საკმარისი ტემპერატურა და ტენიანობა, არც დადგეს“, – ამბობს ბუკჰარი.

კვლევის თანაავტორი იუსუფ ჯამელი ამბობს, რომ ტროპიკულ ქვეყნებშიც ნელა, მაგრამ მაინც ვრცელდება ვირუსი. „ნებისმიერ შემთხვევაში დაცული არ ხარ. ვირუსი თითქმის ყველა ქვეყანაშია“, – ამბობს ის.

ჯამელი ამბობს, რომ სამხრეთ ნახევარსფეროს ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ზამთარი მალე დადგება, ტემპერატურა და ტენიანობა იმ დონემდე დაეცემა, რა დონეზეც ვირუსი ყველაზე ფართოდ გავრცელდა. ამიტომ ჯამელი ავსტრალიასა და ბრაზილიას მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით მხნეობისკენ მოუწოდებს.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კიდევ ერთი კვლევაც მსგავსი შედეგს ადასტურებს. ამ კვლევის მიხედვითაც „ადგილებში, სადაც აბსოლუტური ტენიანობა და დაბალი ტემპერატურაა, მაღალია შიდა გადაცემის მაჩვენებელი“, – ამბობს Washington Post-თან მერილენდის სამედიცინო სკოლის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენელი და კვლევის თანაავტორი, მოჰამად საჯადი.

საწინააღმდეგო მოსაზრებები

კოლუმბიის უნივერსიტეტის კლიმატისა და ჯანდაცვის პროგრამის დირექტორი ჯეფრი შეიმანი ამბობს, რომ ლაბორატორიული კვლევები, რომლებიც სხვადასხვა გარემოში ვირუსის ქცევას შეისწავლის, COVID-19-ის შესახებ იმაზე მეტ ინფორმაციას მოგვცემს, ვიდრე ვირუსის გავრცელების სტატისტიკური შესწავლა.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კვლევაზე შეიმანი ამბობს, რომ „ამ კვლევას ვერ დაეყრდნობი. ეს 10 000-ფუტიანი სტატისტიკური მონაცემების ბაზაა. ჩემი გადმოსახედიდან, ეს არ არის გონივრული კვლევა“.

„ჩვენ მეტი ლაბორატორიული შემოწმება გვჭირდება“, – ამბობს შეიმანი – „ამ სტატისტიკური შესწავლიდან მიღებული შედეგები ჩემთვის საერთოდ არ არის დამაჯერებელი“. მისივე თქმით, სხვა კორონავირუსები სეზონურია, რაც ამ საკითხის ახსნას ამარტივებს. „აქ ჩნდება მოლოდინი, რომ მსოფლიოს ნაწილი ამ ვირუსისგან მოვისვენებთ“.

შეიმანი ამბობს, რომ ახალი ვირუსი იმდენად მიდრეკილია გავრცელებისკენ, რომ თბილ სეზონებშიც კი მნიშვნელოვნად გავრცელდება.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის დირექტორი დევიდ ჰეიმანი ამბობს, რომ სტატისტიკური კვლევა ამ ეტაპზე ვერ გვიჩვენებს ვირუსის ქცევას.

„ვირუსი საკმაოდ მარტივად ვრცელდებოდა სინგაპურსა და ჰონგ-კონგში, სადაც ახლა გაზაფხულია. დაკვირვებაზე უკეთესი ახლა არაფერია – თუ ვირუსის გავრცელებას ხელს უშლის ცხელი და ტენიანი კლიმატი – ტროპიკულ ადგილებზე დაკვირვება ამის თქმის საშუალებას არ გვაძლევს“.

ლაბორატორიული კვლევა

იუტის უნივერსიტეტის გუნდი ამ კვირაში მუშაობას იწყებს კორონავირუსის ინერტულ ნაწილაკებზე, რომლებსაც ვირუსის სრული რნმ აკლია და გადამდები არ არის. ისინი შეეცდებიან, გაარკვიონ, როგორ რეაგირებს ვირუსი სხვადასხვა გარემოპირობებზე.

კვლევას ეროვნული სამეცნიერო ფონდი აფინანსებს და მისი მიზანია, გამოიკვლიოს მექანიკური მიზეზები, როგორ მოქმედებს ვირუსი, როცა სხვადასხვა პირობებში კარგავს სტრუქტურულ ერთიანობას.

„მე ვირუსის ნაწილაკებს შევისწავლი და გავშიფრავ, რა განსაზღვრავს ტემპერატურის ეფექტურობას“, – ამბობს უნივერსიტეტის უჯრედისა და გენომის პროფესორი სავიზ საფარიანი.