რუსი ოპოზიციონერის, ანდრეი დავიდოვის თქმით, საქართველოში არც ის შემოუშვეს

პუბლიკა

კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი Twitter-ზე წერს, რომ 15 თებერვალს საქართველოში არ შემოუშვეს. ანდრეი დავიდოვი საზღვარზე არშემოშვებას წმინდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, მას არც უარის მიზეზები განუმარტეს.

„ახსნა-განმარტების გარეშე უარი მითხრეს საქართველოში შესვლაზე. არ დამირღვევია საქართველოს არცერთი კანონი. ეს იმისთვის, რომ ყველა, ვინც მანდ ხართ, დაფიქრდეთ…. ეს არის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვვარაუდობ, რომ მოსკოვმა წარმოადგინა იმ მოქალაქეების სია, რომელთა საქართველოში ყოფნაც არასასურველია.

სხვა ყველა მოქალაქემ რუსეთის ფედერაციიდან საზღვარი დაუბრკოლებლად გადმოკვეთა. ჩემი მონაცემების შეყვანის შემდეგ მესაზღვრეებს გამოუჩნდათ შეტყობინება, გადარეკეს თბილისში და გადაწყვეტილება იქ მიიღეს“, – წერს

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 


31 იანვარს კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი და ლიბერტალიანული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ეფრიმოვი აცხადებდა, რომ ის  საქართველოში არ შემოუშვეს.

ეფრიმოვის თქმით, მესაზღვრეებმა არშეშვების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელეს და უკან ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს. როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, ის საქართველოში 2 დღის წინ, მეგობარ გოგოსთან ერთად ჩამოვიდა.

რამდენიმე კვირის წინ არ შემოუშვეს ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვიც. მაშინ მან აღნიშნა, რომ თბილისში უკრაინიდან ოფიციალური მოწვევით ჩამოვიდა, აქტივისტებთან და დიპლომატებთან შეხვედრების გამართვას აპირებდა, თუმცა ის კიევში ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს.