სააკაშვილმა ახსენა ნეიტრალიტეტი... შემოგდებულია გარედან, რათა დაიწყოს ამ საშიში თემის განხილვა - ხელაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნეიტრალიტეტის საკითხზე მსჯელობა საქართველოში პირველად მიხეილ სააკაშვილმა წამოჭრა, როცა 17 მარტს სასამართლო დარბაზში ამ თემაზე ისაუბრა.

მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რომ საკითხი „გარედან შემოგდებულია“ და ამ თემაზე მსჯელობა ქვეყნისთვის საშიშია.

„ჩვენ კარგად ვიცით, საიდან დაიწყო [ნეიტრალიტეტის საკითხზე მსჯელობა]: 17 მარტს სასამართლო სხდომაზე პირველმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა და იმის მერე წამოვიდა, ისე გაიშალა შემდეგ პოლიტიკოსების თუ სპიკერების მხრიდან სოცმედიაში, თითქოს ეს არის განხილვის საკითხი, „კი და არა“ და ვხედავთ, რამხელა ემოციებზე გადის, მათ შორის, მედიაში ეს საკითხი, არადა საკითხი საერთოდ არ დგას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მანამდე ნეიტრალიტეტის საკითხზე ისაუბრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმაც. მანაც საკითხის წინ წამოწევაში მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა.

„რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ასეთი რამ თქვა, ახსენა სიტყვა ნეიტრალიტეტი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან საშიში რამ. ეს არის შემოგდებული ქვეყნის გარედან, იმისთვის, რომ საქართველოში დაიწყოს ამ საშიში თემის განხილვა.

მოგიწოდებთ პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს, ნუ აჰყვებით ენმ-ს და ნუ დაიწყებთ ნეიტრალიტეტის ზონდირებას საქართველოში. კონსტიტუციით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც აპირებს NATO-ში გაწევრებას ამიტომ ნეიტრალიტეტზე საუბარი უბრალოდ ვერ იქნება.

სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხდება ნეიტრალიტეტის თემის ზონდირება, სავარაუდოდ, რუსეთიდან პირდაპირ მითითებით. მოგიწოდებთ, ამ თემას ნუ აჰყვებით“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.


17 მარტს მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ იგეგმება პროვოკაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზთან, რომელიც დაბრალდება ოპოზიციას. მისი თქმით, ამის შემდეგ რუსეთი საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, რასაც, სააკაშვილის თქმით, ხელისუფლება დასთანხმდება.

LB loan image desktop LB loan image mobile