საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ზურაბ მენთეშაშვილის საქმე სისხლის სამართლის მექანიზმების ბოროტად გამოყენების მაგალითია, თავად საკანონმდებლო ცვლილება და შემდგომ მის საფუძველზე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედი მოქალაქეების მსჯავრდება კი ქვეყანაში რეპრესიული პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფის გამოხატულებაა.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აქციების მონაწილე ზურაბ მენთეშაშვილი დამნაშავედ ცნო და აქციაზე გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საია აღნიშნავს, რომ ქმედება, რომლის ჩადენასაც ზურაბ მენთეშაშვილს ედავებიან, გამომდინარეობს მისი კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების უფლებიდან.
„აღნიშნული არ წარმოადგენს ვინმესთვის რაიმე სახის საფრთხეს, მას არ გამოუწვევია ზიანი, განმეორების შემთხვევაშიც კი, ის ვერ იქნება იმგვარი შედეგის მომტანი, რომლის პრევენციაც შესაძლოა საჭიროებდეს პირის თავისუფლების უფლებაში უხეშ ჩარევასა და მის საზოგადოებისგან იზოლაციას“, – აცხადებს ორგანიზაცია.
ორგანიზაციის განცხადებით, შვიდობიანი შეკრების უფლება, გამოხატვის თავისუფლებასა და გაერთიანების თავისუფლებასთან ერთად, ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს. როდესაც ფასდება უფლებაში ჩარევა, დაკისრებული სასჯელების ბუნება და სიმკაცრე არსებითი ფაქტორია.
„სისხლის სამართლის სანქციების გამოყენება ამ შემთხვევაში, ფუნდამენტური უფლებების განხორციელებაზე მათი პოტენციური მსუსხავი ეფექტის გამო, განსაკუთრებულ დასაბუთებას საჭიროებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები არ უნდა ექვემდებარებოდეს სისხლის სამართლის სანქციების საფრთხეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს სანქციები თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
შესაბამისად, ისეთი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც დემონსტრაციის დროს არაძალადობრივი ქცევისთვის იწვევს თავისუფლების აღკვეთას, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იქნას განხილული, რათა დაცული იყოს ასეთი ზომების გამოყენებით უფლებაში ჩარევის თანაზომიერების პრინციპი: ლეგიტიმური მიზანი, გამოსადეგობა, აუცილებლობა და პროპორციულობა.
ის ფაქტი, რომ აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს მკაცრი სასჯელით პირთა დაშინება. კანონმდებელს ფორმალურადაც კი არ შეუქმნია მოსამართლისთვის ნაკლებად მზღუდავ ალტერნატივებს შორის არჩევანი. ალტერნატიული სასჯელის არქონა არღვევს სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის პრინციპებს, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველია. ასეთ პირობებში, სასამართლო ფაქტობრივად იქცევა „მექანიკურ აღმასრულებელ რგოლად“.
მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, კერძოდ, საკონსტიტუციო სარჩელით გასაჩივრებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა. შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებული შინაარსობრივ აკრძალვებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა. ამასთან, კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის, მათ შორის, არასრულწლოვანისა და ორგანიზატორის მიმართ დაწესებული თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს საია.