სამართლებრივად წარმოუდგენელია იმის დადასტურება, რომ არჩილ გაგნიძე გაუსწორდა ცხონებულს – კობაიძე

პუბლიკა

არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის შეფასებით, მირიან ნიკოლაძის დღევანდელი განცხადება იყო ემოციური და გაბრაზებული ადამიანის განცხადება, რაც, მისი თქმით, „გასაგებია, რადგან მოხდა დიდი ტრაგედია“, თუმცა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის, რომელიც ასევე იმყოფებოდა „ტოიტა ქამრიში“, ბრალი ვერ დამძიმდება, რადგან ის შემხებლობაში არ ყოფილა გარდაცვლილთან.

„დიახ, მე მოვისმინე ეს განცხადება. მე უფრო ასე შევაფასებდი ამ განცხადებას, რომ იყო ემოციური, გაბრაზებული ადამიანის პოზიცია. ეს რელევანტურია მათი მხრიდან. დიდი ტრაგედია დატრიალდა. რაც შეეხება სამართლებრივ ასპექტებს, თუ სამართლებრივად შევხედავთ ამ საკითხს, ფაქტიურად წარმოუდგენელია, რომ რამე ფორმით შემხებლობაში იყოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და დადასტურდეს ფაქტობრივი გარემოებებით, რომ არჩილ გაგინიძე ფიზიკურად გაუსწორდა ცხონებულს, თუმცა დამაჯერებლობისთვის საგამოძიებო ორგანოებმა უნდა ჩაატარონ მთელი რიგი საგამოძებო მოქმედებები.

მე კიდევ ერთხელ განვმარტავ, ამ ეტაპზე რაიმე ახალი გარემოება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დაემუქროს, რომ მის წინააღმდეგ 109-ე მუხლით მოხდება ბრალის დაზუსტება, არ არსებობს.“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ, რომელიც არჩილ გაგნიძის ინტერესებს იცავს.

გიორგი შაქარაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ბრიფინგი გამართა.

როგორც ნიკოლაძე ამბობს, დასკვნამ გამოკვეთა, რომ გიორგის ძალადობის შედეგად მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და გადააგდეს მდინარეში.

ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილის ოჯახის მოთხოვნაა, რომ „ტოიოტა ქამრიში“ მყოფ 6 პირს ბრალი დაუმძიმდეს. კერძოდ, მათ ბრალად წაუყენონ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლი.

„ესენი არიან „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი პირები, რომლებიც გამოედევნენ ბავშვებს, მათ შორის, გიორგის, რომლის შემდეგაც დადგა ეს მძიმე შედეგი. ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ყველა მათგანთან მიმართებაში, ექვსივე მათგანთან.

თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერებელი იქნება რომელიმე მათგანზე, მაშინ ჩამოვყალიბდებით მტკიცებულების საფუძველზე. მაგრამ დღეს ჩვენი პოზიციაა, რომ ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით“, – ამბობს ნიკოლაძე.

LB loan image desktop LB loan image mobile