სამინისტრო პროფესიონალებს ათავისუფლებს, ეს საფრთხეს უქმნის ეროვნულ კოლექციებს - „ლურჯი ფარი“

პუბლიკა

შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით ღია წერილს აქვეყნებს „ლურჯი ფარის“ საქართველოს ეროვნული კომიტეტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით მუშაობს.

ღია წერილის ადრესატები საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კულტურის მინისტრი, ომბუდსმენი და პრეზიდენტია.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებს სამინისტრო ათავისუფლებს სამსახურიდან, რაც მიუღებელია და საფრთხეს უქმნის როგორც ეროვნულ კოლექციებს, ისე პროფესიონალი კადრების შრომითი უფლებების დაცვას“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კულტურის სამინისტროს დაკვეთით მომზადდა და განხილვის პროცესშია მუზეუმის შენობის კონსტრუქციული გამაგრების პროექტი. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ საკითხზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა დღემდე პროფესიული საზოგადოებისთვის უცნობია, მზადდება ან მზად არის თუ არა:

  1. „მუზეუმის შენობის კონსერვაციის გეგმა – რომელიც უნდა მოიცავდეს მულტიდისციპლინურ კვლევებს, მათ შორის სახელოვნებათმცოდნეო, შენობის სტრუქტურული მდგრადობის, ფიზიკური მდგომარეობის სიღრმისეულ შეფასებასა და ანალიზს და  კონსტრუქციული გამაგრების, რესტავრაციისა და ადაპტაციის დეტალურ მეთოდოლოგიას.
  2. მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი კოლექციების გადაადგილების გეგმა. საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტების მიხედვით კოლექციების გადაადგილების გეგმა კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც უნდა მოიცავდეს  ინფორმაციას არა მხოლოდ იმის შესახებ თუ სად მოხდება კოლექციების დროებით განთავსება და  როგორია კოლექციების გადატანის ვადები (როგორც ეს იყო მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ კოლექციების გადაადგილების გეგმაში) არამედ:
  • თუ რა პერიოდის განმავლობაში დარჩება კოლექციები დროებით საცავში (სწორედ ამაზეა დამოკიდებული როგორც საცავის შერჩევა, ისე გარემო პირობების მოწყობა და კოლექციების შენახვის მეთოდი);
  • კონკრეტული კოლექციისათვის ტრანსპორტირებისას გასათვალისწინებელი უსაფრთხოების ზომების ჩამონათვალს და ტრანსპორტირების მეთოდებს (საფრთხე რომელიც მყისიერია ქაღალდის საფუძვლის კოლექციისათვის შეიძლება არც ისე აქტუალური იყოს ქვის რელიეფების კოლექციისათვის) ;
  • დროებითი საცავის მოწყობის პოლიტიკას (რომელიც უნდა ეფუძნებოდეს კოლექციების ტიპს, ექსპონატების დაცულობის მდგომარეობასა და მათ წინაშე არსებული რისკების ანალიზს)
  • შენობა/სივრცე უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის მოთხოვნებს და არ უნდა შეიცავდეს პოტენციურ საფრთხეს კოლექციებისათვის;
  • დროებითი საცავის ავეჯი და გარემო პირობები (ტემპერატურა, ფარდობითი ტენიანობა, განათება) უნდა შეესაბამებოდეს სამუზეუმო სტანდარტებსა ან/და კოლექციებისთვის ჩვეულ გარემოს;
  • კოლექციების დასაცავად დროებით საცავში მიღებული უნდა იქნას უსაფრთხოების ზომები (ხანძრის და შეჭრის საწინააღმდეგო     სისტემები, უწყვეტი ვიდეო მეთვალყურეობა თუ სხვა);
  • ყველა შესაძლო რისკის ანალიზს, რაც შეიძლება დაემუქროს კოლექციებს, პროცესის ყველა ეტაპზე, პოტენციური რისკების შეფასების, შემცირებისა და პრევენციის გზებს;  ასევე იმ საფრთხეებს, რომლებიც დადგება თუკი კოლექციები დარჩება დროებით საცავში იმაზე მეტი ხნის განმავლობაში ვიდრე ეს თავდაპირველი გეგმის მიხედვით იქნა განსაზღვრული;
  • კოლექციების ახალ საცავში გადატანის მარშრუტს, ტრანსპორტირების გზებსა და პროცესში მონაწილე პირების როლებს;
  • გეგმაში უნდა იქნას მითითებული  – თუ ვინ და რა მეთოდით ჩაატარებს კოლექციების გადატანის პროცესის დოკუმენტაციას. 

მიგვაჩნია, რომ ხსენებულ გეგმებზე სამუშაოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან შემდგარი მულტიდისციპლინური ჯგუფების აქტიურად ჩართვა. ამის საპირისპიროდ ვიგებთ, რომ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებს სამინისტრო ათავისუფლებს სამსახურიდან, რაც მიუღებელია და საფრთხეს უქმნის როგორც ეროვნულ კოლექციებს, ისე პროფესიონალი კადრების შრომითი უფლებების დაცვას. სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში ფასდაუდებელი გამოცდილების მქონე კოლექციების კურატორების დაკავებული პოზიციებიდან განთავისუფლებით პროცესი ავტომატურად კარგავს წარმატებულად განხორციელების შანსს. რადგან სწორედ მათ აქვთ ის არადოკუმენტირებული ინსტიტუციური ცოდნა და ინტუიცია ნიუანსების მიმართ, რომელთა გათვალისწინება უზრუნველყოფს კოლექციების გრძელვადიან, ადეკვატურ დაცვას.

აგრეთვე, აუცილებელია პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოების რეგულარული ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ“, – ვკითხულობთ „ლურჯი ფარის“ განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile