საპარლამენტო ოპოზიცია ევროკავაშირის რეკომენდაციების შესახებ NGO-ებს შეხვდა

პუბლიკა

დღეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 რეკომენდაციის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“, პოლიტიკური ჯგუფების – „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“, „რეფორმების ჯგუფის“ წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მიიღეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თითოეული რეკომენდაციის შესახებ მოსაზრებები წარმოადგინეს და იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს, რომლებიც ამ რეკომენდაციების შესრულებისთვის არის საჭირო.

„სამოქალაქო სექტორთან, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე პროცესი, ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობით დავიწყეთ. შეხვედრაზე თორმეტივე მიმართულებით დღეისთვის არსებული მდგომარეობა შევაჯამეთ. განვიხილეთ 7-8 კონკრეტული კანონპროექტი და ასევე ვიმსჯელეთ 4-5 მიმართულებაზე, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივად მუშავდება.

გამოიკვეთა, რომ საჭიროა დამატებითი შეხვედრები რამდენიმე მიმართულებით. ჩვენ ვრჩებით იმ პოზიციაზე, რომ ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასასრულებლად საჭიროა სრულიად საქართველოს ძალების კონსოლიდაცია. ჩვენ ასევე გამოვკვეთეთ ის თემები, სადაც შესაძლოა მმართველი გუნდის წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილ პოლიტიკურ პროდუქტსაც დავუჭიროთ მხარი, არის 2-3 ასეთი შესაძლებლობა.

მთავარია, რომ საშემოდგომო სესიის დაწყებას, ამ კონკრეტულ საკითხში, სერიოზული თემებით და იდეებით ვხვდებით. მზად ვართ მოვისმინოთ ხელისუფლების მიერ შემუშავებული პროექტები და საკითხები. განწყობილნი ვართ კონსესუსის ძიებისკენ, რადგან ევროპა ჩვენგან კონსოლიდირებულ და შეთანხმებულ პოზიციებს ელის“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

გიორგი ვაშაძის თქმით კი, სამუშაო პროცესი უკვე სრულდება და მომდევნო კვირაში სამოქალაქო სექტორისგან მხოლოდ ოთხ მიმართულებაზე – მართლმსაჯულებაზე, დეოლიგარქიზაციაზე, საარჩევნო რეფორმებსა და მედიასაკითხებზე მოისმენენ რეკომენდაციებს.

„საბოლოო დოკუმენტი ამ ოთხი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდება. ვფიქრობთ, რომ ის საკანონმდებლო პაკეტები, რაც ჯერ კიდევ არ არის დარეგისტრირებული, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის წარედგინება პარლამენტს“, – თქვა პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, ამ პროცესს შეუძლია დაეხმაროს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ – „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მიღების მექანიზმი“. ეს იქნება დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ დავდებთ თავის საკანონმდებლო ცვლილებებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.