„საქართველოსთვის $33 მილიონის გამოყოფა გვსურს“ - ლოიდ ოსტინი ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა

პუბლიკა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მათ კონგრესს აცნობეს, რომ საქართველოსთვის $33 მილიონის გამოყოფა სურთ.

ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტმა განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

ასევე, შეხვედრის შემდეგ ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი შეიარაღების მოთხოვნა და მიღება უფრო მარტივად შეეძლება.

„დღეს მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ ჩვენ დავამტკიცეთ საქართველოსთვის რისკების ანალიზზე დაფუძნებული გადახდის სისტემა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს შეეძლება უფრო მარტივად მოითხოვოს და მიიღოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები. ეს გადაწყვეტილება ასახავს იმ ღირებულებებს, რომლებსაც ჩვენ ორმხრივ ურთიერთობასა და პარტნიორობას ვანიჭებთ“, – განაცხადა ოსტინმა.

ოსტინის თქმით, ახალი ორმხრივი პროგრამა მიმართულია საქართველოს თავდაცვაში მნიშვნელოვანი რეფორმების განსახორციელებლად და ემსახურება მისი თავდაცვისა და მედეგობის გაძლიერებას.

ასევე აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, შეერთებული შტატები სამი ათწლეულია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისი თქმით, საქართველომ გააღრმავა კავშირი დასავლეთთან და მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ამასთან საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში.

„საქართველო სამხედროების რაოდენობით იყო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ავღანეთში, NATO-ს მისიაში. ჩვენ ღრმად ვაფასებთ საქართველოს უდიდეს გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით. ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში ღრმავდება.

საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში ყველას გვეხმარება, რომ გავაძლიეროთ უკრაინის შესაძლებლობა, დაიცვას თავისი თავი და გააძლიეროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო საზღვარი, რომელიც ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავს. ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს გაბედულად ბრძოლას რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ“, – განაცხადა ოსტინმა.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით კი, საქართველო აფასებს მის სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-თან, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისა და მისი მშვიდობიანი, სტაბილური განვითარებისთვის.

მისი თმით, აშშ-საქართველოს პარტნიორობა ემყარება საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილება, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა.

„შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და იმ ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს.

აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.