საუბრობენ აბსტრაქტულ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც მოქალაქეებამდე არ მიდის – ბუჩუკური ბავშვთა სიღარიბეზე

პუბლიკა

აქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებსეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.

პუბლიკა დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის შეფასებით, საქართველოში სიღარიბის პრობლემა ყოველთვის იყო და ეს არის კომპლექსური თემა, რომლის აღმოსაფხვრელად ერთი კონკრეტული რეფორმა არ არსებობს და საჭიროა გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიდგომების შემუშავება.

ბუჩუკური ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრის გრძელვადიან მიდგომაში სოციალური დახმარების ინდექსაციას გულისხმობს. ასევე, საუბრობს ოჯახების გაძლიერების მნიშვნელობაზეც და ამბობს, რომ ოჯახების სერვისების კუთხით ძალიან ბევრი პრობლემაა, მათ შორის – ინფორმაციის ნაკლებობა.

„რამდენიმე წლის წინ გაკეთდა პენსიების ინდექსაცია და ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ ნებისმიერ სოციალურ დახმარებაზეც უნდა გავრცელდეს ინდექსაციის პრინციპი. ინდექსაცია ნიშნავს, რომ სახელმწიფო გასაცემელი დამოკიდებული იქნება ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. არ უნდა იყოს ფიქსირებულად კონკრეტული თანხა იმიტომ, რომ დღეს, პირობითად, რასაც ადამიანი 100 ან 200 ლარით ყიდულობს, ხვალ ვერ იყიდის, რადგან ეკონომიკური მდგომარეობა მუდმივად იცვლება.

რა თქმა უნდა, ოჯახების გაძლიერება უნდა იყოს ერთ-ერთი მიმართულება და მიზანი. ვგულისხმობ, კონკრეტული სერვისების შეთავაზებას ოჯახებისთვის. აუცილებელია სოციალური დაცვის სისტემის ძირეული გარდაქმნა, სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება, ინვესტიციების მოზიდვა და ასე შემდეგ.

ოჯახების სერვისების კუთხით ძალიან ბევრი პრობლემაა, ბევრი სერვისი არ არის მათთვის შეთავაზებული, ასევე პრობლემაა მათ შორის ის, რომ სერვისები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ბენეფიციარმა საერთოდ არ იცოდეს მისი არსებობის შესახებ. მეტსაც გეტყვით, სერვისები შეიძლება იყოს ისეთი გაფანტული, რომ სახელმწიფო უწყებებმა არ იცოდნენ, ვის რა სერვისი აქვს. ამას გეუბნებით ჩემი პირადი გამოცდილებით.

ამ პრობლემების მოგვარებას სჭირდება სიღრმისეული რეფორმა და ასეთ რეფორმებს სჭირდება დრო. სამწუხაროდ, ეს დრო ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ. ვისაც უჭირს, ვის შვილსაც გული მისდის სკოლაში იმიტომ, რომ უჭმელია, იმას დიდი დრო არ აქვს. ამიტომ ყველაფერი უნდა მიდიოდეს პარალელურად, როგორც სტრატეგიული პოლიტიკა, ასევე მიზნობრივი დახმარებები, რაც იმწუთიერ ყოფას მაინც შეუმსუბუქებს ადამიანებს“, – ამბობს ანა ბუჩუკური.

რაც შეეხება მოკლევადიან პერსპექტივას, ბუჩუკური ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრის მოკლევადიან გზებს შორის უფასო სასკოლო კვებას ასახელებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვებში კვების დეფიციტის არსებობა და აღნიშნავს, რომ კვებითი დეფიციტი იწვევს ზრდაში ჩამორჩენას, კოგნიტიური განვითარების შეფერხებას, ასევე დაბალ მიღწევებს სკოლაში და ინტელექტუალური შესაძლებლობების შემცირებას.

„სიღარიბის დაძლევის მოკლევადიან გზებს შორის, ერთ-ერთია სერვისების შეთავაზება უშუალოდ ბავშვებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვთა მალნუტრიცია, იგივე კვების დეფიციტი. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კვებითი დეფიციტი იწვევს ზრდაში ჩამორჩენას და ხშირად იწვევს კოგნიტიური განვითარების შეფერხებას, შესაბამისად დაბალ მიღწევებს სკოლაში და ინტელექტუალური შესაძლებლობების შემცირებას. მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვი, რომელსაც აქვს საკვების დეფიციტი, უბრალოდ ვერ ვითარდება და ხშირ შემთხვევაში იწვევს მის გამოფიტვას. მალნუტრიცია, რა თქმა უნდა, პირდაპირ არის დაკავშირებული ოჯახების სიღარიბესთან.

ამიტომ, გრძელვადიან მიდგომასთან ერთად, რაც სიღარიბის დაძლევას უნდა უკავშირდებოდეს, მოკლევადიანი და უფრო ეფექტიანი, რაც შეიძლება იყოს, ეს არის ბავშვთა უფასო კვება სკოლებში.

მოდელები სხვადასხვანაირი არსებობს, თუმცა მთავარი არსი არის ის, რომ საჯარო სკოლაში ბავშვი იღებდეს საკვებს, რომელიც დაბალანსებული იქნება. შეიძლება დარიგდეს ე.წ ლანჩ ბოქსები, ან იყოს ვაუჩერული სისტემა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს მასშტაბურად სიღარიბეს ვერ დაძლევს, მაგრამ იმ კონკრეტულ პრობლემას, რომ ბავშვი განვითარდეს და ელემენტარულად, სკოლაში შიმშილისგან გული არ წაუვიდეს, ამას აუცილებლად მოაგვარებს“, – ამბობს ბუჩუკური.

ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას სიღარიბის აღმოფხვრის რეალური გეგმა არ გააჩნია და პრობლემის მოგვარების პოლიტიკური ნება არ არსებობს. მისი თქმით, საუბარია მხოლოდ „აბსტრაქტულ“ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელსაც რიგითი მოქალაქე ვერ გრძნობს.

„როდესაც ერთი მხრივ გვეუბნებიან, რომ ეკონომიკური ზრდა არის ქვეყანაში, მაგრამ ამ ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული ბენეფიტები რამდენიმე ოჯახზე ნაწილდება და ჩვენს მოქალაქეებზე ეს არ აისახება, აქ არის პოლიტიკური პრიორიტეტების პრობლემა. ერთი მხრივ, პრემიერი ყოველ ჯერზე გამოდიოდეს და ამბობდეს, გილოცავთ ხალხო, ავშენდით ეკონომიკურად და მეორე მხრივ, ოფიციალური გამოკითხვებით ყოველი მესამე ახალგაზრდა ამბობდეს, რომ მე ამ ქვეყნიდან წასვლა მინდა, შეუთავსებელია ეს ყველაფერი ერთმანეთთან.

ყოველ ჯერზე, როდესაც ამ საკითხზე დამისვამს კითხვა, არც ერთხელ რეალური პასუხი არ მომისმენია. ისევ საუბარია წინა ხელისუფლების დროს არსებულ სიტუაციაზე და ასე შემდეგ. ყოველთვის  საუბრობენ აბსტრაქტულ ეკონომიკურ ზრდაზე, უფრო სწორად, რიცხვებზე, რომელიც არ დადის რიგით მოქალაქემდე და განსაკუთრებით, ისეთ ადამიანებამდე, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება“, – ამბობს ბუჩუკური.