შესაძლოა, მალე სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ - ჯაფარიძე

პუბლიკა

„ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის თვის ბოლოს და შეიძლება მას ახლდნენ სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ოღონდ რომელი ქვეყნები იქნება და რამდენი იქნებიან, ამაზე მე ინფორმაცია ოფიციალურად არ მიმიღია“, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „კურიერს“ უთხრა.

მისი თქმით, ეს ფაქტი დასავლეთის ყურადღების ინდიკატორია.

მიმდინარე თვეს დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტზე ინფორმაცია 9 აპრილს გაავრცელა სალომე სამადაშვილმა. 11 აპრილს იგივე ინფორმაცია დაადასტურა „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემაც. ოპოზიციონერების ინფორმაციით, დელეგაციის მიზანი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა იქნება.

„რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი twitter-ზე წერს, რომ შესაძლოა, ამ კვირაში საქართველოს შესახებ ქრისტიან დანიელსონის ბრიფინგები გაიმართოს. ის ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში მესამე მედიაცია შედგება.

დღეს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოსალაპარაკებლად კომპრომისზე წავლენ.

„ოცნება“ პრინციპულად მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმების დოკუმენტს – ამის შესახებ კი პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.