შევუთვალოთ ბატონ კუბილიუსს, რომ ევტუშენკოვი ყოფილა ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ივანიშვილი-ევტუშენკოვის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერზე წამოწყებული კამპანია „საპნის ბუშტივით გასკდა“.

მისივე თქმით, გაირკვა, რომ ივანიშვილს ადანაშაულებენ იმ რუს სანქცირებულ ბიზნესმენთან საუბარში, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახთან ბიზნესკავშირი აქვს.

კობახიძე ამბობს, გავლენიანი საერთაშორისო მედია, მათ შორის „დეილი მეილი“, „ნიუ იორკ პოსტი“ საუბრობს, რომ ევტუშენკოვი ბაიდენის ოჯახთანაა დაახლოებული, მათი ბიზნესპარტნიორია და ამის გამო გათავისუფლდა ის აშშ-ის სანქციებიდან.

„[ოპოზიციამ] რაღაც კამპანიის აწევა სცადეს იმ საუბრის შესახებ, რომელიც არც ვიცით, შედგა თუ არა. თან საუბარია ინფორმაციის ლაკონიურ გაცვლა-გამოცვლაზე თუ ინფორმაციის გაცვლაც კი არ იყო ეს და საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ეს რუსი ბიზნესმენიც არის პირდაპირ ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული. მარტივად ჩავარდა, საპნის ბუშტივით გასკდა ეს კამპანია.

როდესაც ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისიც არ ვიცით, ესაუბრა თუ არ ესაუბრა, მაგრამ ორი წამი რატომ ესაუბრაო რუს ბიზნესმენს, რომელიც ბაიდენის ოჯახთანაა პირდაპირ დაკავშირებული და ბიზნესპარტნიორია პირდაპირ ბაიდენის ოჯახის, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რამდენად უსუსურია ნაცმოძრაობის მიერ წარმოებული პიარკამპანიები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბრიტანული ტაბლოიდი და ამერიკული გამოცემა, რომელზეც ირაკლი კობახიძე საუბრობს, მაღალი სტანდარტების დაცვით ცნობილი მედიაგამოცემები არ არიან.

მედიამ ირაკლი კობახიძეს ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადების შესახებაც ჰკითხა.

კუბილიუსის თქმით, თუ ევტუშენკოვი და ივანიშვილი მართლაც საუბრობდნენ იმაზე, როგორ შეიძლება საქართველოს გავლით ევტუშენკოვმა გვერდი აუაროს სანქციებს, „ეს ძალიან ცუდად ჟღერს“. კუბილიუსის თქმით, საქართველოს EU-ს წევრობის კანდიდატობის გზაზე ისეთი საკითხები, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი და ივანიშვილის რუსული კავშირები, ბევრ შეკითხვას გააჩენს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ანდრიუს კუბილიუსს უნდა შეუთვალონ, რომ ევტუშენკოვს კავშირი ბაიდენის ოჯახთან აქვს.

„შევუთვალოთ ბატონ კუბილიუსს, რომ ეს ბიზნესმენი ყოფილა ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული და ამის შემდეგ ალბათ უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნება იმასთან დაკავშირებით, რა საუბრები შედგა, თუ შედგა და ა.შ. ეს შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს ბატონი კუბილიუსისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, პირდაპირ სანდოდ მიაჩნია თუ არა გამოცემების მომზადებული მასალა, კობახიძე ამბობს, რომ დეტალებში ვერ შევა, მაგრამ საუბარია კონკრეტულ კავშირებზე ბაიდენის ოჯახსა და ევტუშენკოვს შორის.

„ეს რისთვისაა მნიშვნელოვანი – ჩვენ ვხედავთ, რომ მას არ დაუწესდა სანქციები და ამას ჰქონდა, როგორც ჩანს თავისი მიზეზი და ამ მიზეზით  იმედია, დაინტერესდება ბატონი კუბილიუსი“, – განაცხადა კობახიძემ.


რუსი ოლიგარქი, რომელიც ჰანთერ ბაიდენს შეხვდა, სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის, მაგრამ არა შეერთებული შტატების მიერ – ამ სათაურით გამოქვეყნდა მასალები „ნიუ იორკ პოსტსა“ და „დეილი მეილიში“

მედია ამბობს, რომ ევტუშენკოვს აშშ-ის სანქციები სწორედ ბაიდენთან კავშირის გამო არ შეეხო.


მედიაში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი რუს სანქცირებულ ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არაა. ჩანაწერების მიხედვით, ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილის ეუბნება, რომ საქართველოში ჩამოსულია მისი წარმომადგენელი და სთხოვს, რომ მას შეხვდეს.

ბიძინა ივანიშვილი კი პასუხობს, რომ მის წარმომადგენელს პრემიერს შეახვედრებს, რადგან „ახალგაზრდა ბიჭია და ყველაფერს მიხედავს“.

ჩანაწერი youtube-ზე მომხმარებელმა cyber kmara-მ გამოაქვეყნა. ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი, და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს. 25 აპრილს ატვირთული ახალი ჩანაწერის მიხედვით კი 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი.