სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2026-2027 წლამდე გადავადდება

პუბლიკა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, „ზოგადი განათლების კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საქართველოს კანონპროექტის თანახმად სკოლების ავტორიზაციის პროცესი ახალი სტანდარტის მიხედვით 2020-2021 სასწავლო წლის ნაცვლად 2026-2027 წლამდე დასრულდება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია ზოგადი განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმით, რაც სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული, უსაფრთხო, ინფრასტრუქტურულად გამართული გარემოს შექმნას გულისხმობს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ მიზნას ემსახურება პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც გულისხმობს როგორც სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე სწავლა-სწავლების პროცესში ახალი, თანამედროვე მეთოდების დანერგვას.

ამ ეტაპზე „ახალი სკოლის მოდელი“ 165 საჯარო სკოლაში ხორციელდება. 2020-2021 სასწავლო წლიდან იგი საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას შეეხება. სამინისტროში აცხადებენ, რომ ზოგადი განათლების რეფორმის სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2025-2026 სასწავლო წლისთვის ყველა სკოლის ინფრასტრუქტურული საჭიროებები დაკმაყოფილდება და სასწავლო პროცესში სწავლა-სწავლების ახალი მიდგომა სრულად დაინერგება.

მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის თქმით, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია სკოლების ავტორიზაციის ვადების გადაწევა. მისივე განმარტებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან ავტორიზაციის პროცესი ახალი სტანდარტით განხორციელდება, რაც საქართველოს ყველა სკოლამ უნდა დააკმაყოფილოს.

„ავტროიზაციის ნაწილზე ჩვენ უკვე დავიწყეთ ხარისხის მართვის ეროვნულ ცენტრთან მუშაობა, პარალელურად ვმუშაობთ „ახალი სკოლის მოდელზე“ და მთლიანად ვცვლით როგორც სასწავლო მიდგომებს, ისე პროცესებს, ინფრასტრუქტურას, სასკოლო კულტურას, ამ მიმართულებით სკოლების დამოკიდებულება მონიტორინგის, შეფასების ნაწილში ასევე იცვლება.

იმის გამო, რომ დღესდღეობით (შეგვიძლია, ვთქვათ) საქართველოში არსებულ ყველა კერძო სკოლას აქვს ავტორიზაცია, ამ მიმართულებით მიიჩნევა, რომ საჯარო სკოლებიც არიან ავტორიზებული, თუმცა იმის გამო რომ ჩვენ გვინდა უფრო მეტად ხარისხიანი, ხელმისაწვდომი, საგანმანათლებლო გარემო მოსწავლეებისთვის, ჩვენი მიზანი არის შევქმნათ ისეთი სტანდარტები რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს დააკმაყოფლებს, ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ჩვენ გვჭირდება გარკვეული პერიოდი , მუშაობა სკოლებთან, სკოლების განვითარებაზე როგორც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე ადამიანური და მატერიალური რესურსების განვითარების კუთხით, ინიცირების მიზეზი არის ის რომ კიდევ უფრო მეტად კვალიფიციური, მაღალი ხარისხის სტანდარტის საჯარო სკოლები მივიღოთ“,- განმარტავს ეკა დგებუაძე.

მისივე თქმით, იქნება გარკვეული ცვლილებები კერძო სკოლის სტანდარტისაც ავტორიზაციის ნაწილში, თუმცა ამ ეტაპზე მეტ დეტალებზე ვერ საუბრობს.