სოციალური მუშაკების ტრანსპორტირება პანდემიის დროსაც არ ხდება | განცხადება

პუბლიკა

სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ინფორმაციით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირება არ ხდება არც პანდემიის პირობებში. მათ არ უნაზღაურდებათ არც სამსახურამდე მისვლისა და უკან დაბრუნების და არც ვიზიტების განხორციელებისას გაწეული ხარჯი.

„იმ პირობებში, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, სოციალური მუშაკები სამსახურში დადიან საკუთარი სახსრებით. ამასთანავე სწრაფ და გადაუდებელ შემთხვევებზეც გადაადგიდლებიან ტაქსებით. მათ არ ემსახურება სამსახურის მანქანა და არც გაწეული ხარჯი უნაზღაურდებათ.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სოციალური მუშაკები, ამ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანამშრომლები, ფასდაუდებელ როლს თამაშობენ ბავშვთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დაცვისა და დახმარების პროცესში. სოციალური მუშაკის რესურსი კიდევ უფრო საჭირო და აუცილებელი გახდა პანდემიის პირობებში”, – ნათქვამია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, მართალია, შეიქმნა, ეგრეთ წოდებული, სამორიგეო სქემა, რომლის მიხედვითაც კვირაში ერთხელ უწევს სოციალურ მუშაკს მორიგეობა, თუმცა მაღალი მიმართვიანობისა და საქმეთა დიდი რაოდენობის გამო, სოციალურ მუშაკებს რამდენჯერმე უწევთ სამსხურში გამოცხადება. ამასთანავე არის შემთხვევები, სადაც სოციალური მუშაკების ფიზიკური გამოცხადება ბენეფიციართან აუცილებელია.

სოციალური მუშაკები მოუწოდებენ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, უზრუნველყოს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირება – როგორც სამსახურამდე, ისე ვიზიტების დროს.