სუმზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულები

პუბლიკა

რუსეთმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინის რამდენიმე ქალაქს შეუტია. ქალაქ სუმის ცენტრალურ ნაწილზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედია Suspilne რეგიონის პროკურატურაზე მითითებით წერს, რომ დაიღუპა ორი ადამიანი.

სუმის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაახლოებით 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი 17 წლისაა. დაშავებულთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.

„დარტყმების შედეგად დაზიანდა სამედიცინო დაწესებულება, მანქანები და სახლები“, – აცხადებს სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია.

რეგიონის ადმინისტრაციის ცნობით, ზუსტდება, რა ტიპის იარაღით მოხდა თავდასხმა.


გუშინ, 2 ივნისს თურქეთში გაიმართა უკრაინის და რუსეთის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. ორივე მხარე შეთანხმდა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნებაზე, ომის დასრულების კუთხით პროგრესი არ ყოფილა. უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ უარყო უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში გამოქვეყნდა რუსეთის მემორანდუმი, რომელშიც წარმოდგენილია მოთხოვნები უკრაინისადმი. რუსეთი მემორანდუმის საფუძველზე ისევ ითხოვს უკრაინის ჯარების სრულ გაყვანას დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონებიდან, არჩევნებს და ქვეყნის „ნეიტრალიტეტს“.