თანამესაკნეებმა ბუდაღაშვილთან ერთ საკანში ყოფნაზე უარი განაცხადეს – პენიტენციური სამსახური

პუბლიკა

„ბუდაღაშვილის მიერ ციხეში მასზე თითქოსდა განხორციელებული ზეწოლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მისმა თანამესაკნეებმა მასთან ერთ საკანში ყოფნაზე უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ ბუდაღაშვილი ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა“, – 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„ამიტომ მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ბუდაღაშვილი გადაიყვანეს მე-2 სარეჟიმო კორპუსის ბრალდებულებისთვის გათვლილ ოთხკაციან საკანში (24-საათიანი ელექტრო-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ), სადაც მიმდინარე წლის 2 დეკემბრამდე ჰყავდა თანამესაკნე. 2 დეკემბერს მისმა თანამესაკნემაც უარი განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილთან ერთ საკანში ყოფნაზე და სხვა საკანში გადაყვანა მოითხოვა. მისი მოთხოვნა დაწესებულების ადმინისტრაციამ იმავე დღეს დააკმაყოფილა, რის შედეგად ზურაბ ბუდაღაშვილი დროებით მარტო იმყოფება მოცემულ საკანში, თუმცა ეს არ არის სამარტოო საკანი, როგორც ბუდაღაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა“, – აცხადებენ უწყებაში.

27 ნოემბერს ზურაბ ბუდაღაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.

ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატი, ვახტანგ იაშვილი ამბობს, როცა ბუდაღაშვილმა

აღნიშნულის შესახებ განაცხადა, იმავე დღეს გადაიყვანეს, გაურკვეველი მოტივით, სხვა საკანში, სადაც მარტო იმყოფება.