TI საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა გასულ კვირას II მოსმენით მიიღო, არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის არცერთ რეკომენდაციას, კვლავ შენარჩუნებულია ცესკოს თავმჯდომარისა და არაპარტიული წევრების არჩევაზე ერთპარტიული კონტროლი და უქმდება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის ის პოსტი, რომელიც ოპოზიციისთვის არის განკუთვნილი.

მათივე განცხადებით, კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის 9 ნაბიჯთანაც.

„კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, გააგრძელებს მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების სრული კონცენტრაციის ტენდენციას, შეუნარჩუნებს მას ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის შეუზღუდავ უფლებამოსილებას და სრულ კონტროლს საარჩევნო ადმინისტრაციის მთელს ვერტიკალზე.

მიგვაჩნია, რომ არსებული სახით კანონპროექტის მიღება ხელს არ შეუწყობს ელექტორატის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ამაღლებას და მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ასევე, შესაძლოა, კანონპროექტმა სერიოზულად შეაფერხოს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი.

მოვუწოდებთ:

  • საქართველოს პარლამენტს: უარი თქვას კანონპროექტის არსებული სახით მიღებაზე და რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმგვარი ცვლილებები, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან;
  • საქართველოს პრეზიდენტს: კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული ვეტოს უფლება“, – აცხადებს TI.

განცხადებას ვრცლად გაეცანით ბმულზე.