თუ ასეთი ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველს, რას ელოდებოდა? - „ოცნების“ დეპუტატი

პუბლიკა

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ნინოწმინდის პანსიონის შესახებ შეკითხვაზე ამბობს, რომ სახალხო დამცველს თუ ასეთი ინფორმაცია ჰქონდა, რას ელოდებოდა.

„მინდა, გითხრათ, რომ სახელმწიფო ვერ იქნება სუბიექტური მიდგომების ავანგარდში. ეს მინდა, რომ მკაფიოდ და ნათლად გავმიჯნოთ. მძიმე სავარაუდო დანაშაულებზეა საუბარი, როგორიცაა გაუპატიურება და ა.შ. თუ ასეთი ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველს მთელი ამ ხნის განმავლობაში, რას ელოდებოდა?! ამაზე განგაში იყო ასატეხი არა ახლა, არამედ თავის დროზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ დღეს აქტიური ქმედება არ განახორციელო”, – განაცხადა დეპუტატმა.

დღეს პარლამენტში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას ან არ პასუხობდნენ, ან აცხადებდნენ, რომ არ სჯერათ, რამე დარღვევის არსებობა პანსიონში.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.