უკანონო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს უშლის სტაბილურობას და მშვიდობას - მინისტრი მღებრიშვილის საქმეზე

ია კელერმანი

ხვიჩა მღებრიშვილისთვის, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი ეხიამება. მინისტრის განცხადებით, ამგვარი ქმედებები სტაბილურობას და მშვიდობას უშლის ხელს.

„საქართველოს მთავრობა რეგულარულ და ინტენსიურ ძალისხმევას ახორციელებს გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროვოკაციული და უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. სამწუხაროდ, დღეს გაჟღერდა და დადასტურდა ინფორმაცია უკანონო სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების თაობაზე ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით. ამგვარი ქმედებები ცალსახად უშლის ხელს ადგილზე სტაბილურობის განმტკიცებას და მშვიდობას და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ჩართულობით, როგორც ხვიჩა მღებრიშვილის ასევე სხვა ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით“ – აცხადებს ახვლედიანი.


ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა მეჯვრისხეველ ხვიჩა მღებრიშვილს. ის დამნაშავედ ცნეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს.

საოკუპაციო რეჟიმი, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილის ჩვენების ვიდეო 16 ივლისს გაავრცელა.

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რათა შემდეგ თითოეული 5000 აშშ დოლარად გაეყიდა.

LB loan image desktop LB loan image mobile