რუსეთის ორ სტრატეგიულ აეროდრომზე, სარატოვისა და რიაზანის რეგიონებში, სადაც რუსული ავიაციაა განთავსებული, უკრაინამ საჰაერო იერიში მიიტანა.
უკრაინამ განაცხადა, რომ სარატოვში განხორციელდა თავდასხმა, სულ მცირე, საწვავის სამ ავზზე, რასაც მოჰყვა აალება და ხანძარი. ასევე, თავს დაესხნენ დიაგილევოს აეროდრომსაც.
„6 ივნისის ღამეს წარმატებული დარტყმა განხორციელდა ენგელსის აეროდრომზე სარატოვის ოლქში, სადაც იყო მტრის თვითმფრინავები.
ასევე თავდასხმა განხორციელდა დიაგილევოს აეროდრომზე რიაზანის რეგიონში, სადაც განლაგებულია საჰაერო ტანკერები, რომლებიც გამოიყენება უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების მხარდასაჭერად. გარდა ამისა, დიაგილევოდან მტრის სტრატეგიული ბომბდამშენები დაფრინავენ“, – თქვა გენერალურმა შტაბმა.
უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის, ანდრიი კოვალენკოს თქმით, დრონებმა იერიში ასევე მიიტანეს ნავთობის საცავზე.
Astra Telegram-ის არხმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ NASA-ს თანამგზავრებმა დააფიქსირეს ხანძარი ნავთობის საცავში, რომელიც საწვავს აწვდის ენგელს-2-ის სამხედრო აეროდრომს.
რეგიონის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ ენგელსში ხანძარი „ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოში“ გაჩნდა, თუმცა მისი სახელი არ ახსენა.
გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას 407 დრონითა და 45 რაკეტით შეუტია.
მასშტაბურ თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის თქმითაც, ღამით რუსეთმა სამიზნეში ამოიღო „თითქმის მთელი უკრაინა“ – ვოლინის, ლვოვის, ტერნოპოლის, კიევის, სუმის, პოლტავას, ხმელნიცკის, ჩერკასის და ჩერნიგოვის ოლქები.