უკრაინის ვიცე-პრემიერის თქმით, რუსეთი ბოლო დღეებში დაჟინებით სთხოვდა კიევს მოლაპარაკებას – მედია

პუბლიკა

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში რუსეთი დაჟინებით სთავაზობდა კიევს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას. – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა France-24-თან ინტერვიუში განაცხადა.

„იყო საჯარო და არასაჯარო მცდელობები [მოლაპარაკებებზე] რუსი ოფიციალური პირების სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან. უკრაინა არასოდეს არ შორდებოდა მოლაპარაკებებს. მაგრამ იმ დანაშაულების სიმძიმის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა ჩვენს მიწაზე და აგრძელებს ჩადენას, მოლაპარაკებების პირობები ახლა თებერვლისგან განსხვავებულია“, – თქვა სტეფანიშინამ.

ვიცე-პრემიერის თქმით, რუსეთმა მოლაპარაკების სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო და მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა.

მისივე თქმით, უკრაინა რუსეთის ამ სცენარში მონაწილეობას არ მიიღებს და მოლაპარაკებას დაიწყებს მაშინ, როდესაც ეს ხელსაყრელი იქნება უკრაინისთვის.

11 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ: „რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, მაგრამ თუ უკრაინა გააჭიანურებს პროცესს, ეს გაართულებს კიევისთვის მოსკოვთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას“.