უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესში ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირეს

პუბლიკა

82 მომხრე, არავინ წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტში განიხილეს და პირველი მოსმენით მიიღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის წესში შესატანი ცვლილებები. კანონპროექტს საბოლოოდ ხვალ, 1 აპრილის სხდომაზე უყრიან კენჭს.

კანონპროექტის – „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ანრი ოხანაშვილი, შალვა პაპუაშვილი და მიხეილ სარჯველაძე არიან, კანონპროექტის ავტორი კი ანრი ოხანაშვილია.

კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეობის კანდიდატები საჯარო მოსმენაზე ინდივიდუალურად წარდგებიან, მათი მოსმენა უნდა გაიმართოს თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით.

საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კანდიდატებს აფასებენ ქულებით და შეფასებისას წერილობით ასაბუთებენ როგორც ქულებს, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმის თითოეულ მახასიათებელს.

თუ იუსტიციის საბჭოს წევრი განსაზღვრული წესის დაცვით არ შეაფასებს ყველა კანდიდატს და დასაბუთებასთან ერთად არ გადასცემს საბჭოს აპარატს, მიიჩნევა, რომ იგი არ მონაწილეობს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაში და მის მიერ შეფასებული ყველა კანდიდატის შედეგები უქმდება. თუ საბჭოს წევრი მხოლოდ შეფასებას გადასცემს, დასაბუთების გარეშე, მაშინ პროცედურა ხარვეზდება. თუ საბჭოს წევრი ხარვეზს 2 სამუშაო დღეში არ აღმოფხვრის, მაშინ მიიჩნევა, რომ ის არ მონაწილეობს პროცედურაში.

კანდიდატის მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა და ამ ქულების დასაბუთება, შეფასება და ამ შეფასების დასაბუთება საჯაროა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ვინაობის მითითებით ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

კანდიდატების შეფასებისა და შეფასების დასაბუთების გამოქვეყნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს განკარგულებას, რომელშიც მიუთითებს შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა ვინაობას.

კანონპროექტის მიხედვით, შემდგომ ეტაპზე გადადის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არის გამოცხადებული.

კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა შემდგომ ეტაპზე, თუ კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70%-ია და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10-მა წევრმა მაინც მიიჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს.

შერჩეულ კანდიდატებს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით კენჭი ეყრებათ საბჭოს ღია სახდომაზე:

პირველ რიგში კენჭი ეყრება კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით ამ კანდიდატებს შორის საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს, შემდეგ კი ამავე პრინციპის დაცვით თანამიმდევრობით კენჭი ეყრებათ დანარჩენ კანდიდატებს. ამასთანავე, თუ რომელიმე კანდიდატმა კენჭისყრისას ვერ მოიპოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, დანარჩენ კანდიდატებს კენჭი აღარ ეყრებათ.

კანონპროექტის მიხედვით, კენჭისყრაში მონაწილე საბჭოს წევრი თავის გადაწყვეტილებას (რატომ უჭერს ან არ უჭერს მხარს კონკრეტულ კანდიდატს) წერილობით ასაბუთებს და წარუდგენს საბჭოს მდივანს.

კანდიდატი საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარედგინება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. კენჭისყრის შედეგები და დასაბუთებები ქვეყნდება საჯაროდ.

კანონპროექტის მიხედვით, კანდიდატს უფლება აქვს, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს საბჭოს განკარგულება, თუ მას მიაჩნია, რომ: საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო, მიდგომა დისკრიმინაციული იყო, დაირღვა მისი უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას და ა.შ.

იუსტიციის საბჭოს განკარგულების/წარდგინების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს, თუ საკვალიფიკაციო პალატას მიაჩნია, რომ შესაბამისმა დარღვევამ საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არსებითად არასწორი განკარგულების/წარდგინების მიღება გამოიწვია. კანონპროექტის მიხედვით, კანდიდატის შეფასების გადასინჯვისას დაუშვებელია კანდიდატის უფრო დაბალი შედეგით შეფასება;

თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ გააუქმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული განკარგულება/წარდგინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი განკარგულება/ხელახალი წარდგინება შეიძლება ერთჯერადად უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრდეს.

უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შედეგად მიღებული საბჭოს განკარგულება/წარდგინება აღარ საჩივრდება.

„ქართული ოცნების“ წევრები ხაზს უსვამენ, რომ დაინიცირებული ცვლილებები უპასუხებს ვენეციის კომისიის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს.

კანონპროექტის ავტორის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან არ რჩება  კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არსებული ისეთი საკითხი, რომელიც არ შესრულდა.


კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს, და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ფრაგმენტულია და სრულად მოწყვეტილია ქვეყანაში შექმნილ რეალობას.

მათი შეფასებით, ახალი ინიციატივა ვერ უზრუნველყოფს როგორც თავად პროცესის გაჯანსაღებას და საზოგადოების ნდობის ამაღლებას, ისე, ზოგადად, სასამართლო სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების მოგვარებას.