„ვაშენებთ უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერი NATO-ს ფარგლებში“ — გამოქვეყნდა NATO-ს დეკლარაცია

პუბლიკა

გამოქვეყნდა NATO-ს ანკარის სამიტის დეკლარაცია.

დოკუმენტში ალიანსი კიდევ ერთხელ ადასტურებს კოლექტიური თავდაცვის პრინციპისადმი ერთგულებას, რუსეთს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხეს უწოდებს; ხაზს უსვამს, რომ ევროპელი მოკავშირეები თავდაცვაზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ. ამასთან, ალიანსი 2026 წელს უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფის პირობას დებს და 50 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი თავდაცვითი შესყიდვების შესახებ აცხადებს.

დეკლარაციაში ვკითხულობთ:

  1. ჩვენ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ანკარაში შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი ერთგულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვისა და ტრანსატლანტიკური კავშირის მიმართ. ერთზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ყველაზე. ჩვენი ერთიანობა, სოლიდარობა და კოლექტიური ძალა რჩება მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საფუძვლად ჩვენი თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების ალიანსის ერთი მილიარდი მოქალაქისთვის. ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით შეკავებისა და თავდაცვის 360-გრადუსიანი მიდგომის.
  2. რუსეთის მიერ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის შექმნილი გრძელვადიანი საფრთხისა და ტერორიზმის მუდმივი საფრთხის საპასუხოდ, მოკავშირეები ასრულებენ ჰააგის თავდაცვით ვალდებულებას. 2025 წელს ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თავდაცვის ძირითადი საჭიროებების დაფინანსება 139 მილიარდ დოლარზე მეტით გაზარდეს. ჩვენი ინვესტიციები უზრუნველყოფს იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლებიც გვჭირდება, და ამავდროულად აძლიერებს ჩვენს სამრეწველო ბაზასა და მდგრადობას. დღეს ანკარაში ვაცხადებთ ახალი, 50 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შესყიდვების შესახებ და ვიღებთ ვალდებულებას, გავაფართოოთ ერთობლივი საწარმოო შესაძლებლობები და ინდუსტრიასთან თანამშრომლობით დავაჩქაროთ ინოვაციები. ასევე გავაგრძელებთ მუშაობას მოკავშირეებს შორის თავდაცვითი ვაჭრობის ბარიერების აღმოსაფხვრელად და NATO-ს პარტნიორობების გამოყენებით მაქსიმალურად გავაძლიერებთ თავდაცვითი ინდუსტრიის შესაძლებლობებსა და თანამშრომლობას.
  3. ჩვენ ვაშენებთ მომავალს: უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერი NATO-ს ფარგლებში – მოდერნიზებულ ალიანსს. ევროპელი მოკავშირეები და კანადა, შეერთებულ შტატებთან ერთად, ალიანსის თავდაცვაზე სულ უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ. NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობები ეფუძნება ბირთვული, ჩვეულებრივი და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობების სათანადო კომბინაციას, რომელსაც კოსმოსური და კიბერშესაძლებლობები ავსებს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, შევინარჩუნოთ ჩვენი საბრძოლო უპირატესობა. ვახორციელებთ ინვესტიციებს ჩვენი შეიარაღებული ძალების სწრაფი განთავსების, უზრუნველყოფისა და ხანგრძლივი მხარდაჭერის შესაძლებლობებში, ასევე ყველა სფეროში განსაზღვრული შესაძლებლობების მიზნების მიღწევაში, მათ შორის, შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის დარტყმის სისტემებში, ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაში, უპილოტო სისტემებში, უახლეს ტექნოლოგიებსა და სადაზვერვო შესაძლებლობებში. ვქმნით ურთიერთთავსებად ტრანსატლანტიკურ საბრძოლო ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას და ვნერგავთ ხელოვნური ინტელექტის მძლავრ მოდელებს.
  4. უკრაინა ხელს უწყობს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და მოკავშირეები ერთიანად და ურყევად ვუჭერთ მხარს უკრაინას მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ევროპელი მოკავშირეები და კანადა ახლა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების უმეტეს ნაწილს ორმხრივი და მრავალმხრივი მექანიზმების საშუალებით აფინანსებენ. მოკავშირეები ხაზს უსვამენ, რომ ეს მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს სამართლიანად განაწილებული, პროგნოზირებადი და მდგრადი. 2026 წლისთვის მოკავშირეები უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის, დახმარებისა და წვრთნების სახით 70 მილიარდი ევროს გამოყოფის ვალდებულებას იღებენ და ადასტურებენ საკუთარ სუვერენულ ვალდებულებებს, რომ 2027 წელსაც არანაკლებ იმავე მოცულობის მხარდაჭერას შეინარჩუნებენ. ამ მიზნით, მივესალმებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის მრავალწლიანი დაფინანსების გამოყოფის შესახებ უკრაინის მხარდაჭერის სესხის მეშვეობით.
  5. ალიანსი განაგრძობს რეაგირებას და ადაპტირებას სტრატეგიულ კონკურენციასთან, ფართოდ გავრცელებულ არასტაბილურობასთან, ჰიბრიდულ საფრთხეებთან და განმეორებით კრიზისებთან, რომლებიც ჩვენს უფრო ფართო უსაფრთხოების გარემოს განსაზღვრავს. მოკავშირეები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და მოუწოდებენ ირანს, სრულად დაიცვას გემების გადაადგილების თავისუფლება ჰორმუზის სრუტეში.
  6. ჩვენ გამოვხატავთ მადლიერებას თურქეთის მიერ გაწეული გულუხვი მასპინძლობისთვის. მოუთმენლად ველით ჩვენს მომდევნო შეხვედრას.