„ვერ ვხედავ აზრს ჩვენი შეხვედრის“ - ხუნდაძე სააკაშვილს პასუხობს

პუბლიკა

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ სააკაშვილს პასუხობს.

ის მიმართვას ავრცელებს და განმარტავს, რატომ არ აპირებს შეხვდეს საპატიმროში მიხეილ სააკაშვილს.

გუშინ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ექიმ წევრებს მიმართა, რომ მოინახულონ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი. 

„ბატონო მიხეილ, ის, რომ ჩემი ძირითადი პროფესია ექიმობაა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით, ყოველგვარი მოპატიჟების გარეშე, პატიმრობის საწყისს ეტაპზე, როდესაც შიმშილობდით, დავით სერგეენკოსთან ერთად მოვედით ციხეში თქვენი ჯანმრთელობის მოსაკითხად. რის შემდეგაც გუნდთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება თქვენი კლინიკაში გადაყვანის.

სამწუხაროდ, მაშინაც და დღესაც ჯანმრთელობის გაუარესება მოხდა მხოლოდ თქვენი სურვილით და არა ხელისუფლების უდიერი მოპყრობით. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველგვარი პიარის გარეშე, გუშინ დავით სერგეენკოსთან ერთად მოვიკითხეთ, თუ როგორ მიმდინარეობს თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. გავარკვიეთ, რომ გიკეთდებათ ყველაფერი და გაქვთ ხელმისაწვდომობა ყველანაირ საჭირო სერვისზე. მიიღებთ თუ არა ამას, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

ის, რომ თქვენი ჯანმრთელობა იყოს დაცული, ამის სურვილი ნამდვილად მაქვს როგორც ექიმს და როგორც პოლიტიკოსს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამის სურვილი, პოლიტიკური მიზნების გამო, არ გაქვთ თქვენ. სწორედ ამიტომ ვერ ვხედავ აზრს ჩვენი შეხვედრის, რასაც მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა ექნება და არა რეალური შედეგი. მით უმეტეს, მე არ გახლავართ იმ დარგის სპეციალისტი, რომელიც ამჟამად გჭირდებათ. ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, დაუჯეროთ მკურნალ ექიმებს და შეასრულოთ მათი რეკომენდაციები და რჩევები.

რაც შეეხება ციხიდან გათავისუფლებას დადგენილების საფუძველზე, მე არ გისურვებდით, რომ იმ დიაგნოზით და იმ კრიტერიუმებით გათავისუფლებულიყავით ციხიდან, რაც იქ არის ჩამოთვლილი, რადგან არ მსურს ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ისე, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი თქვენი თანაგუნდელი, სცენარის ამგვარად განვითარების წინააღმდეგი არ იქნებოდა“, – ნათქვამია დიმიტრი ხუნდაძის მიმართვაში.