ვგმობთ დე ფაქტო ცხინვალის ქმედებებს, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე - აშშ-ის საელჩო

პუბლიკა

„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მართულმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განაახლეს აგრესიული „ბორდერიზაცია” რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, სოფელ ტახტისძირთან“, – განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ისინი მოუწოდებენ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთს დაუყოვნებლივ შეჩერდეს ნებისმიერი ბარიერის აღმართვა, უკანონო „ბორდერიზაცია“.

„ჩვენ ვგმობთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ამწვავებს დაძაბულობას და ხელს უშლის დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართულ გადაუდებელ ძალისხმევას, განსაკუთრებით აღდგომის შაბათ-კვირას და გლობალური პანდემიის კრიზისის ფონზე.

ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეჩერდეს ნებისმიერი კონსტრუქციის, ნიშნის, ღობისა თუ ბარიერის აღმართვა, რაც ემსახურება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის უკანონო „ბორდერიზაციის” განმტკიცებასა თუ გაფართოებას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

[irp posts=”27817″ name=”სოფელ ტახტისძირთან საოკუპაციო ძალებმა უკანონო „ბორდერიზაცია“ განახორციელეს – სუს”]