ვიღაცისთვის შეიძლება ძვირი იყოს, ვიღაცისთვის - მისაღები - კალაძე ელექტროსკუტერების საფასურზე

პუბლიკა

ჟურნალისტის კითხვაზე – არის თუ არა ელექტროსკუტერების ერთი საათით დაქირავების საფასური ოპტიმალური და კარგი ფასი? – თბილისის მერმა კახი კალაძემ განმარტა, რომ ელექტროსკუტერების გამოყენება სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ორჯერ იაფია.

„ხაშურში წასვლას თუ აპირებს ვინმე სკუტერით, არ ვიცი, მე ამას არ ვურჩევ და ეს არ არის მიზანშეწონილი. ეს არის გამოსაყენებელი მოკლე მანძილზე. ვთქვათ, ავტობუსით მიხვედი, გაჩერებაზე ჩამოხვედი და გინდა სახლამდე მიხვიდე არა ფეხით, არამედ გადაადგილდე ამ ტრანსპორტით. ეს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერმა ადამიანმა, როგორც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებშია“, – აღნიშნა მერმა.

კალაძის თქმით, ეს ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ძვირი, ვიღაცისთვის – მისაღები. „ამიტომ ვამბობ მე, რომ ყველა ტრანსპორტს ჰყავს თავისი მომხმარებელი. ვიღაცისთვის ტაქსი ძვირია და ის სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვიღაცისთვის არ არის ძვირი და გადაადგილდება ტაქსით. ვიღაცა გადაადგილდება საკუთარი ავტომობილით, მომავალში ბევრი ადამიანი ისარგებლებს ველოსიპედით, ადამიანებს ექნებათ არჩევანი“.

მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით თბილისში მრავალფეროვნებაა. „ყოველ შემთხვევაში, ვცდილობთ, რომ იყოს სხვადასხვა მიმართულებები. განახლებული ავტობუსები, რომლებიც ეტაპობრივად შემოდის და ნაწილი კიდევ უნდა შემოსულიყო, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე, ცოტა გადაიწია, მაგრამ წლის ბოლომდე მთლიანად გვეყოლება ჩანაცვლებული ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. ასევე, მეტროს განახლება, ტაქსების რეფორმა, რომელიც წარმატებულია და ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ელექტროსკუტერებს, მასაც ეყოლება თავისი მომხმარებელი. ჩვენ ვაპირებდით ასევე ველოსიპედების შემოყვანას, თუმცა ამ მდგომარეობამ ყველაფერი შეცვალა და დღეს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია. გადაფასება მოგვიწია პრიორიტეტების, თუმცა სამომავლოდ ეს პროექტიც განხორციელდება“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც აპლიკაციაშია მითითებული, სკუტერით სარგებლობის დაწყება 1 ლარი ღირს, ყოველი წუთის ღირებულება კი 35 თეთრია. გამოდის, რომ 10 წუთით სარგებლობა მომხმარებელს 4,5 ლარი დაუჯრება.