ვიმსჯელებთ ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება - თურნავა

პუბლიკა

ჩვენი მოთხოვნით, ნამახვანი ჰესის მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ გაასაჯაროვა ყველა კვლევა, რაც  დაკავშირებული იყო პროექტის მომზადებასთან –  ეს არის გარემოსდაცვითი, გეოლოგიური, საინჟინრო და სხვა სახის კვლევები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს შედგება შეხვედრა, რომელზეც მოწვეულია ყველა ის სპეციალისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სამეცნიერო წრეები წარმომადგენელი, ვინც საჯაროდ გამოხატა ინტერესი ან გამოთქვა გარკვეული წუხილი „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით.

„შეხვედრაზე გვექნება შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება და რომელიც დააორგანიზებს პროცესს, რომ მოხდეს კვლევების დამუშავება, სხვადასხვა დაინტერესებული პირისგან რეკომენდაციებისა და კომენტარების მიღება. საბოლოო ამოცანაა, მივიღოთ უკეთესი პროექტი, გავზარდოთ მის მიმართ ნდობის ხარისხი მოსახლეობაში, სამეცნიერო წრეებში, ექსპერტებს შორის და არასამთავრობო სექტორს შორის. დარწმუნებული ვარ, გაცილებით ფართო წრეა იმ ექსპერტების, ვინც ინტერესს გამოხატავს პროექტის მიმართ და მინდა ვთქვა, რომ პროცესი ღიაა ყველასთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის კომენტარის წერილობით ვერსიას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.