წლის ბოლომდე საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყება - ბურჭულაძე

პუბლიკა

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, წლის ბოლომდე საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას დაიწყებენ. ამის შესახებ ბურჭულაძემ მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მოხდეს უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოში წარმოების დაწყება. ამ ეტაპზე შექმნილია ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს.

აღნიშნული ქართულ-პოლონური საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. გეგმის მიხედვით, კომპანია შპს „დელტა ვებე“ წლის ბოლომდე უკვე გამოუშვებს ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ასევე, თავდაცვის მინისტრის თქმით, იგეგმება ამერიკული წარმოების კონტრუპილოტო სისტემების შეძენაც, რომელიც მოიცავს როგორც გადამჭერ რადარებს, ასევე ჩამხშობ რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებს.

„გაფორმდა კონტრაქტი და უახლოეს ხანში დაიწყება სპეციალისტების მომზადება. კომპლექსების მიღებაც დაგეგმილია წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყისში. საყურადღებოა, რომ აღნიშნული სისტემა ჩაერთვება საჰაერო თვალთვალის ერთიან სისტემაში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ცის უსაფრთხოებას“, – თქვა მინისტრმა.

LB loan image desktop LB loan image mobile