„ყველა პატიმარს შეუმცირდეს სასჯელის 1/4" - მოქალაქეები ამნისტიის კანონპროექტს აპროტესტებენ

პუბლიკა

თბილისსა და ბათუმში მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა საპროტესტო აქციები გამართეს. მოქალაქეები ამნისტიის კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უნდა მიიღოს და მოითხოვენ, რომ ამნისტია არა მხოლოდ პატიმრების მცირე ნაწილს, არამედ ყველა მსჯავრდებულს შეეხოს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თუკი ამნისტია 1/4-ით არ შეუმცირებს სასჯელს ყველა პატიმარს, საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტენ.

„ვაპროტესტებთ ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო და იმედი გვაქვს, არ დამტკიცდება. ეს კანონპროექტი არის გათვლილი 200 მსჯავრდებულზე, რადგან 1500 ადამიანს კი ეხება ეს კანონპროექტი, როგორც ამას სარჯველაძე სიამაყით ამბობს, მაგრამ მათგან 1300 მსჯავრდებული ნარკოდამოკიდებულია და ისინი დამნაშავეები არ არიან, ციხეში საერთოდ არც უნდა მჯდარიყვნენ. ასე რომ, სულ 200 თავისუფლებააღკვეთილ დამნაშავეს ეხება ეს კანონპროექტი და ეს ამნისტია არ არის. დღეს პანდემიაა ქვეყანაში და 1/4-ით უნდა შეეხოთ მსჯავრდებულებს ეს ამნისტია“, – განაცხადა უფლებადამცველმა ალექსანდრე სელებანოვმა აქციაზე.

თბილისში საპროტესტო აქციები პარლამეტის წინ ორ სხვადასხვა ადგილას – პარლამენტთან და თავისუფლების მოედანზე დაიწყო, მოგვიანებით კი თავისუფლების მოედანზე მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეებმაც პარლამენტთან გადაინაცვლეს.

ბათუმში მოქალაქეებმა ამნისტიის კანონპროექტი ერას მოედანზე გააპროტესტეს. მოქალაქეები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს კორონავირუსის პანდემია და მსჯავრდებულების მიმართ უფრო ჰუმანური დამოკიდებულება გამოიჩინოს.

„ამ ეტაპზე განხილული კანონპროექტი აბსოლუტურად არ შეესაბამება ჰუმანურ პრინციპებს და არის იმედგაცრუება პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. მოვითხოვთ, რომ თითოეულ პატიმარს შეეხოს 1/4. ჩვენ ამის მოლოდინი გვქონდა, დაგვპირდნენ და გვქონდა შესაბამისი განწყობა. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემიის პირობებში არის შესაძლებელი ჰუმანური ამნისტიის და გვინდა, მთავრობამ იმედები არ გაგვიცრუოს“, – აცხადებენ აქციაზე.