ზახაროვა: ქართველმა ხალხმა დასავლეთს 9 მაისზე ისტორიის წაშლის უფლება არ მისცა, ისტორია დაიცვა

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ 7 მაისის პრესკონფერენციაზე ილაპარაკა საქართველოზე 9 მაისის კონტექსტში და თქვა, ის რუსეთის და საქართველოს საერთო დღესასწაულია.

„გილოცავთ [9 მაისის] დღესასწაულს! მიმაჩნია, რომ ეს ორმაგი დღესასწაულია. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი საერთო დღესასწაულია – 9 მაისი. მეორე დღესასწაული კი, ჩემი აზრით, უშუალოდ ეხება ქართველ ხალხს და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. მახსოვს, რა მცდელობები იყო, რომ საქართველო ეიძულებინათ ან მოტყუებით მიეყვანათ გამარჯვებისადმი ზერელე დამოკიდებულებამდე. ამ თემის ერთგვარ „ნახევრად დავიწყებამდე“, ისტორიის გადაწერამდე. გახსოვთ? როგორ ცდილობდნენ ისინი, ვინც დასავლურ ინტერესებს წარმოადგენდა, მონუმენტებამდე მიღწევას და მათ „ნიველირებას“. და რა ბედნიერებაა – ეს მე მიმაჩნია საქართველოსა და ქართველი ხალხის მეორე გამარჯვებად – რომ ამის გაკეთების უფლება არ მისცეს და მეხსიერება დაიცვეს“, – თქვა მარია ზახაროვამ.

მან ასევე თქვა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის უჭერდა მხარს „რუსულ-ქართულ კონტაქტებს საზოგადო მოღვაწეების, აკადემიური, კულტურული და საექსპერტო წრეების წარმომადგენლების ხაზით“.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში (თქვენ იცით, რა მიზეზების გამო), ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ მსგავსი დიალოგის განვითარების მნიშვნელობას, აზრთა თავისუფალი და გულწრფელი გაცვლის, თანამშრომლობის ახალი გზების ძიებისა და ნდობაზე დაფუძნებული კავშირების დამყარების აუცილებლობას. შეგვიძლია ერთობლივად ჩავთვალოთ, რომ ეს არის ინვესტიცია ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალ აღდგენაში“, – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

ნაციზმზე გამარჯვების წლისთავს რუსეთი 9 მაისს აღნიშნავს, ხოლო ევროპა, აშშ, ასევე ბოლო წლებში უკრაინა – 8 მაისს.

1945 წლის 7 მაისს, საფრანგეთის ქალაქ რეიმსში, ხელი მოეწერა გერმანიის უპირობო კაპიტულაციას. დოკუმენტის მიხედვით, ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო 8 მაისს, ცენტრალური ევროპის დროით 23:01 საათზე. ევროპული ქვეყნებისთვის ეს არის ნაციზმზე გამარჯვებისა და დაღუპულთა ხსოვნის დღე.

რაც შეეხება 9 მაისს – როდესაც კაპიტულაციის აქტი ძალაში შევიდა (8 მაისის 23:01 სთ), მოსკოვის დროით უკვე 9 მაისის 01:01 საათი იყო. სწორედ ამ დროითი სხვაობის გამო, საბჭოთა კავშირში გამარჯვების დღესასწაულად 9 მაისი გამოცხადდა.

ევროკავშირის ქვეყნებისთვის 9 მაისს კიდევ ერთი დატვირთვა აქვს – ეს არის „ევროპის დღე“. იგი უკავშირდება 1950 წლის „შუმანის დეკლარაციას“, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროკავშირს.

საქართველოში საზოგადოების ნაწილს გამარჯვების დღის 8 მაისს აღნიშვნა სურს, თუმცა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თარიღს არ ცვლის და ძალაში 9 მაისს ტოვებს.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის წერილი მისწერა და კიდევ ერთხელ დაესხა მას თავს.

„რომ არა სხვა ანტიფაშისტურ ერებთან ერთად, ქართველი ხალხის დღევანდელი თაობების მშობლები და პაპა-ბებიები, ვერც ფაშიზმი დამარცხდებოდა და არც ევროკავშირი და ევროპის დღე იარსებებდა. საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელმაც ამ ომში მსხვერპლი არ გაიღო.

ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ 9 მაისს, თქვენს შეკრებაზე, სათანადო პატივს მიაგებთ 300,000 ქართველს, რომელმაც სიცოცხლე დადო ფაშიზმისაგან თავისუფალი ევროპისათვის“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.