ჩემი ინფორმაციით, სავარაუდოდ, უკრაინის ელჩს საქართველო საერთოდ არ დაუტოვებია - მდინარაძე

პუბლიკა

„…სხვათა შორის, მე ვაზღვევ ახლა ყველა სიტყვას, ისეთი პასუხი უნდა გაგცეთ – როგორც ჩემთვის ცნობილია, მას არცერთი წუთი ქვეყანა არ დაუტოვებია. თუმცა, გადაამოწმეთ, დააზუსტეთ. მეც შევეცდები ამას და დაგიბრუნდებით“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის თბილისში ყოფნის შესახებ.

მდინარაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეს მისი ინფორმაციაა და ამ ინფორმაციას „ძალიან უცნაური“ უწოდა.

„როგორც ჩემთვის ცნობილია ამ მომენტისათვის ყოველ შემთხვევაში მას საქართველო არც დაუტოვებია და ძალიან უცნაურია. დანარჩენს ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრ კომენტარს არც გავაკეთებ, იმიტომ, რომ ახლა ამაზეც იტყვიან, რა დროს ამაზე კრიტიკის დროა… ჩემთვის როგორც ცნობილია და დაზღვეული სიტყვით ვიტყვი, რომ ეს ჩემი ინფორმაციაა, 100%-იანი ინფორმაცია არ მაქვს, სავარაუდოდ, მას საქართველოს ტერიტორია საერთოდ არ დაუტოვებია და ეს ძალიან უცნაურია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ყველამ ერთად გადავამოწმოთ და მეც შევეცდები ეს დავაზუსტო“, – განაცხადა მამაუკა მდინარაძემ.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი 1 მარტს კონსულტაციებისთვის გაიწვია. ზელენსკის თქმით, ამისი მიზეზია საქართველოს ხელისუფლების მიერ მოხალისეთა წასაყვანად ჩარტერული რეისის არმიღება და სანქციებთან დაკავშირებული პოზიცია.

გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართა და სთხოვა, დაებრუნებინა ელჩი საქართველოში.

გუშინ საღამოს ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა კადრები და ინფორმაცია, რომ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თბილისშია.