ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავისუფლებაზე საუბარი მარტივი არ არის, რომ ის რთული ფილოსოფიური კატეგორიაა, რომ მასზე მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ წერა, საუბარი…
თუმცა, თავისუფლების მთავარი ხიბლი ისიცაა, რომ უფრო თავისუფლად შეიძლება შეხედო საკითხებს, მაგალითად ისეთს, როგორიცაა თავად თავისუფლება.
ჩვენი ქვეყნის ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა, ამიტომაც საქართველოში თავისუფლებაზე საუბრობს ყველა – დიდი მწერლებიც, უბრალო მოქალაქეებიც, ბავშვებიც – მოდით, მოვუსმინოთ მათ:
თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.
– ვაჟა ფშაველა.
თავისუფლებაც ადამიანისა სხვა არა არის რა, რომ ბოროტისათვის სრულად შეკრული იყოს და სიკეთისათვის უხვად გზაგახსნილი.
– ილია ჭავჭავაძე.
სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი!
– აკაკი წერეთელი
პიროვნების ხელშეუხებლობა, თავისუფლება სინდისისა და რწმენისა, სიტყვა – წერისა, კრებისა, თავისუფლება კავშირებისა და გაფიცვისა, აი, ის შვიდი უმთავრესი თავისუფლება, რომელიც უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად სქესისა, სარწმუნოებისა, რჯულისა და ეროვნებისა.
– მიხეილ ჯავახიშვილი.
და, მოდი, მოვუსმინოთ ბავშვებს ხურვალეთის, ნიქოზის, და დიცის იდეათეკიდან.
რა არის თავისუფლება? სად არის თავისუფლება? როდის ხარ თავისუფალი? როგორი გრძნობაა თავისუფლება? რას ჰგავს თავისუფლება? როდის გრძნობ თავისუფლებას?
ინფორმაციისთვის: საქართველოს 6 სხვადასხვა რეგიონის 9 საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სივრცეები – იდეათეკები.
საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „იდეათეკების“ პროექტს უკვე მესამე წელია ახორციელებს. ამ დროის მანძილზე 5,000-მდე მოსწავლეს მიეცა წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსზე. ბანკის მიზანია, მსგავსი პროექტებითა და ინიციატივებით, საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შეუწყოს ხელი განვითარებაში, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში და ათვისებაში.
იდეათეკის სივრცეები განთავსებულია ისეთი რესურსები, როგორიცაა: ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.
ამ ეტაპზე იდეათეკები გახსნილია: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლებში დიცში, ხურვალეთში, ზემო ნიქოზში, ასევე, სოფელ დუისში, თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლაში, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1 და ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლაში, ახალქალაქის მე-3 სკოლაში.