New York Times Style Magazine ქართველი მოდის დიზაინერის, დემნა გვასალიას შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ამერიკული გამოცემა დემნას მისი შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ ესაუბრა.
New York Times Style Magazine დემნას ბავშვობასა და მის სექსუალობასაც ეხება. ჟურნალისტთან საუბარში კი დემნა აღნიშნავს, რომ საქართველოში ვეღარ დაბრუნდება, რადგანაც ხალხი, მათ შორის, თავისივე ბიძა, მოკვლით ემუქრებოდა.
„მისი სექსუალობა არის ის, რის შესახებაც დემნა ხმაში გარკვეული სევდის შეპარვის გარეშე ვერ საუბრობს. მისი ადრინდელი ურთიერთობა სამეზობლოში მყოფ მეგობართან მოულოდნელად მაშინ შეწყდა, როცა მათთან ოჯახის წევრი შემოვიდა და დემნას იმ ბიჭის ნახვა აუკრძალა.
პირველი მამაკაცი კი, რომელიც მას შეუყვარდა, იყო ის, ვინც მას სექსკლუბები და საკრუიზო ადგილები გააცნო. „მასწავლა, როგორ მყვარებოდა ის, – ამბობს დემნა, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ის, თუ როგორ მიყვარდეს საკუთარი თავი“.
თუმცა ყველაზე დიდი დამცირება მისთვის ისაა, რაც ჯერ კიდევ არ მომხდარა: „მე ვერ დავბრუნდები საქართველოში, რადგან ხალხი მოკვლით მემუქრება, თუ იქ ჩავალ… ბიძაჩემი ერთ-ერთი მათგანია“.
მშობლებთან „ქამინგ აუთი“ 32 წლამდე არ გაუკეთებია, თუმცა 25 წლის ასაკიდან ჰყავდა მეგობარი ბიჭი. დემნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკაზე სწავლობდა და ჯერ კიდევ მაშინ ხატავდა ტანსაცმელს რეგულარულად.
ის მეგობრობდა „ერთგვარი კრიმინალების“ ჯგუფთან, რომლებმაც ალბათ იცოდნენ, რომ ის გეი იყო, მაგრამ ეს არ აინტერესებდათ და იცავდნენ მას.
„ისეთ ქვეყანაში ვიზრდებოდი, სადაც ვერ ვიტყოდი, რომ გეი ვიყავი. ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი, მკაცრ ბიჭს დავმსგავსებოდი, რომელიც შეძლებდა იმ უბნებში გადარჩენას, სადაც მე ვიზრდებოდი. მაგრამ შინაგანად ასეთად თავს არ ვგრძნობდი“, – ციტირებს დემნას სიტყვებს New York Times Style Magazine.