უზრდელი, გიჟი და დიდებული ემი მარტინესი

ლევან სებისკვერაძე

რა სჯობია კარგ, წესიერ, ზრდილობიან, კულტურულ, მშვიდ, გაწონასწორებულ, მეგობრულ ადამიანს?! ვის არ უნდა ასეთი შვილი და მეგობარი, ახლობელი და ნათესავი? ვინ არ ოცნებობს, თავად იყოს ამგვარი კარგი და ხელიხელსაგოგმანები?

მაგრამ ეს ცხოვრებაა, ეს ჩვენი ეპოქაა, სადაც ქუჩაში აგრესიული ჯეელები დაძრწიან; სადაც არაფრისმცოდნე ხალხი პარლამენტარისა და მინისტრის სავარძელში ნებივრობს და ტაქსისტებიც კი ხან  ისეთ ხასიათზე არიან, მათი დამნახავი კაცი იმასაც კი იფიქრებს, რამე ხომ არ დავუშავე და ვაწყენინეო.

აი, ასეთმა ეპოქამ შვა არგენტინელი გოლკიპერი ემი მარტინესი. კაცი ჩემპიონი. კაცი სიგიჟე და გადარეულობა. კაცი სითავხედე და სირეგვნე. უმარტივესად კი ეს არის მარ-დელ-პლატელი ქუჩის ბიჭი, რომელმაც აისრულა მილიონობით არგენტინელი ყმაწვილის ოცნება, ითამაშა ევროპაში, ითამაშა „ალბისელესტეში“, გახდა მუნდიალის ჩემპიონი და თავის პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშე. ამის მიუხედავად, ზუსტად იმ ბიჭად დარჩა, გასახდელში თანაგუნდელებს ტრუსში ასაფეთქებლებს რომ უგდებს და შემგინებელ გულშემატკივარს ტრიბუნაზე რომ აუხტება, საქმის გასარჩევად.

„ხეპრე ბიჭის“ ტრიუმფი დოჰაში და  „მარაკანაზე“

აქ გრძლად აღარ მოვყვები, რა სიგიჟეებიც ჩაიდინა აწდასრულებულ კატარ-ყატარის მუნდიალზე. საუკეთესო მეკარის ჯილდოს უადგილო ადგილზე მიდება არაფერია იმასთან შედარებით, მარცხის გამო გულდათუთქულ კილიან მბაპეს რომ იუდასებრ ჩაეკონა და შემდეგ ამავე მბაპესსიფათიანი გამოსახულებებით რომ დარბოდა ჯერ დოჰაში, შემდეგ კი ბუენოს აირესში. ჩემპიონატზე გამართული პენალტების სერიების დროს მოწინააღმდეგეთა მიმართ ემი მარტინესის დამამცირებელ ქცევასა და მხრების ქნევაზე ლამის გაეროს სხდომაზეც კი ისაუბრეს. 

ახლა ყველგან ემილიანო მარტინესის, მეტსახელად „დიბუს“ კრულვა ისმის. მას უწოდებენ ხეპრეს, გაუთლელს, ნაძირალას, ოხერსა და რეგვენს. ამ ეპითეტების დიდი ნაწილი აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და კიდევ შეიძლება ემის მიმართ მრავალი სალაღობო შესატყვისის მოფიქრება, მაგრამ ამ მორალიზმის ოკეანეში კოლო მუანისთვის 100%-იანი ბურთის გატანაში ხელშეშლა, თამაშის ბოლო წამებზე მოგერიებული აუღებელი ბურთები და პირადად მოგებული პენალტების სერიები ისე მოსჩანს, როგორც არგენტინული ტანგოს დროს გაელვებული სილუეტები შალახოს მოცეკვავე ჩანჩურა კინტოთა შორის.

არგენტინაში ხუმრობენ, რომ ემი მარტინესი არ დაბადებულა. ის ზღვიდან ამოვიდა, როგორც პოსეიდონი და ამოსვლისთანავე პოსეიდონის სამკაპი ერთ ადგილზე გაუკეთა ბრაზილიის ნაკრებს. შარშან, კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილიაში, ლეგენდარულ „მარაკანას“ სტადიონზე არგენტინამ სწორედ ბრაზილიის ნაკრები დაამარცხა და როგორც იქნა, მოიპოვა ასე მონატრებული კონტინენტური პირველობის ოქროს მედლები. მანამდე არგენტინას ფინალში მარცხის სენი სჭირდა და ზედიზედ ორი კოპას ფინალი წააგო ჩილესთან. სწორედ იმ პენალტების სერიაში, რაც „დიბუს“კოზირი, სიამე და ბედნიერებაა. „ჩვენდა სამწუხაროდ, არ იყო მაშინ ეს ბიჭი „ალბისელესტეს“ კარში, თორემ ორიდან ერთ ფინალს მაინც არ გააცუდებდა“ – ამბობს არგენტინელი მიმომხილველი და ყოფილი ფეხბურთელი სერხიო ბერტი. ეს ის სერხიო ბერტია, 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინა-ინგლისის მატჩის ბოლოს პენალტების სერიისას თავისი უპრეტენზიო პენალტი რომ გაიტანა. 

მეტოქეთა სულში ხელების მოფათურე

შარშანდელი კოპა ამერიკის ფინალშიც და მანამდეც, ფაქტობრივად ყველა თამაშზე, ემი მარტინესი იყო საუკეთესო საუკეთესოთა შორის. დიდებული იყო როგორც კარის ხაზზე, ასევე საჯარიმოში თამაშისას და გამოსვლების დროს ხომ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვა „შეუდარებელს“ იმსახურებდა. თუმცა, როგორც ვთქვით, მისი მთავარი კოზირი მაინც პენალტების სერიებია. დაუვიწყარი იყო მისი ველური ქცევა კოლუმბიის ნაკრებთან ნახევარფინალში პენალტების სერიის დროს, როდესაც კოლუმბიელ ფეხბურთელ მინას ისეთები ეძახა, გაამწარა, გააცოფა და ამ უკანასკნელმა ნორმალური პენალტი უბრალოდ ვერ დაარტყა. სწორედ ასეთი პროვოკაციული იყო აწდასრულებულ მუნდიალზე ჩუამენის დარტყმის დროსაც. ფრანგსაც დააწიწკნა ნერვები, პენალტი აიღო და არგენტინას შესანიშნავი ფორა მისცა გასამარჯვებლად.

მარტინესმა წელს გაზაფხულზე არგენტინულ გამოცემა „ოლესთან“ საუბარში აღიარა, რომ მნიშვნელოვანი თამაშების წინ მოწინააღმდეგე ფეხბურთელების ბიოგრაფიებს ეცნობა. იგებს მათი ცხოვრების ამბებს, კარგსა და ავს და ყოვლად ვირეშმაკულად ალაგებს წინადადებებს თამაშის დროს, ვის რა უნდა ეძახოს. პენალტები რომც არ დაინიშნოს, დგას მთელი თამაში და ყვირის ათასგვარ საზიზღრობებს. მაგალითად, ხსენებული კოპა ამერიკის ფინალის დროს ნეიმარს უყვიროდა, დედაშენი გამაცანიო. იცოდა რა, რომ იმ პერიოდში  ნეიმარის დედა, ქალბატონი ნადინ გონსალესი შვილის ასაკის ტიპს ხვდებოდა. რიშარლისონს კი ეძახდა, შენი სატრფო ცოტა დაბალია და მოიტა, მე დავაგრძელებო. აი, ასეთ ვინმეზე გვაქვს საუბარი, რომელსაც არად უღირს მოწინააღმდეგის პატივისცემა და ყველაფერს იკადრებს გასამარჯვებლად.

ამიტომაცაა საკვირველი მავანთა დიდი მონდომება იმისთვის, რომ მორალი უკითხონ ემი მარტინესს და მას მოსთხოვონ ჯენტლმენობა. დარწმუნებული ვარ, სიტყვა „ჯენტლმენის“ მნიშვნელობაც კი არ ეცოდინება, შინაარსობრივ სიღრმეებზე რომ არაფერი ვთქვათ.

ეს დღეები მსოფლიოს ცნობილი სპორტული გამოცემები წერენ, რომ მარტინესმა თითქოს კარგად უწყის ფსიქოლოგიური ხრიკები. მოწინააღმდეგეთა წყობიდან გამოყვანა თანამედროვე ფეხბურთის საიდუმლოებების თანმდევი ამბავია და ემი თითქოს ამ მიმართულებით სპეციალისტებთან ემზადებოდაო. მაპატიეთ და მე ამის არ მჯერა. ვერ წარმომიდგენია, ემილიანო მარტინესს „სპეციალისტი“ როგორ ასწავლის ადამიანის გონებაში წვდომის გზებს და რაც მთავარია, ამ ყველაფერს დიდხელება არგენტინელი მეკარე როგორ უსმენს და იმახსოვრებს. ჩემი აზრით, საქმე ბევრად მარტივადაა – უბრალოდ, ასეთია ეს ბიჭი და მორჩა!

ტკივილიანი ამბავი

ემის არ უყვარს ბიოგრაფიული დეტალების ჩამოწიკწიკება, რაც ისედაც ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა,  როდესაც კლუბ „ინდეპენდიენტესთან“ პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა, ერთი ისეთი რამ გაიხსენა, რასაც, როგორც წესი, სულ ერთხელ ყვებიან ან საერთოდ არასოდეს ამზეურებენ. ემიმ აღიარა, რომ  პირველ ხელფასს მთლიანად მამამისს, ალბერტოსა და დედამისს, სუზანას გაუგზავნიდა. მამა განსაკუთრებთ ეცოდებოდა, რადგან ახსოვდა შემთხვევა, როდესაც ვარჯიშიდან სახლში დაბრუნებული ატირებულს დაადგა თავზე. მამა ტიროდა იმიტომ, რომ, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო გადასახადების გადახდა და ოჯახს ყველა კომუნალური სიკეთე ჩაუჭრეს.

შემდეგ იყო საოცნებო კონტრაქტი ლონდონის „არსენალთან“, სადაც ძირითადად სათადარიგოთა სკამზე მოუწია ჯდომა. იყო მცირეხნიანი გადასვლა-გადმოსვლები „ოქსფორდში“, „შეფილდში, „ვულვერჰემპტონში“, „ხეტაფეში“, „რედინგში“, თუმცა, სადაც ემის უნარები და შესაძლებლობები სათანადო აღიარეს და დააფასეს, მისი ამჟამინდელი კლუბი, ლეგენდარული „ასტონ ვილაა“, დიდი წარსულით და ბუნდოვანი მომავლით. ემილიანო მარტინესი დღეს ბირმინგემში პირველია, თუმცა პირველობა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს თითით საჩვენებლობას. ალბათ, ჯობია ბირმინგემში იყო პირველი, ვიდრე ლონდონში მეორე ან ოცდამეორე. გაიუს იულიუს კეისარმა როგორც თქვა – რომში მეორეობას ჯობია, პატარა ქალაქ ლუკაში ვიყო პირველიო. მერე რა, რომ ემი მარტინესს იულიუს კეისარი შეიძლება გაგონილიც არ ჰქონდეს. ის ხომ ემი მარტინესია! 

ლეო, დიეგო, ემი…

ცალკე უნდა ითქვას ემი მარტინესის ლეო მესისთან დამოკიდებულების შესახებ. ხომ ასეთი რეგვენი და ხისთავიანი ვინმეა და როდესაც მესიზე ჰკითხავენ, ცრემლებს ძლივს იკავებს ხოლმე. სულ ამბობს, რომ ლეო მისი მამაა, ძმაა, ოჯახის წევრია, მასწავლებელია და მესი, უბრალოდ, იმედია იმის, რომ არგენტინა ოდესმე კიდევ შეძლებდა მსოფლიოს ჩემპიონობას. მარტინესი ამბობს, რომ ღმერთს ყოველდღე მადლობას სწირავს, მესი რომ არგენტინელად გააჩინა და მესის თანაგუნდელობა რომ არგუნა ხვედრად. მისი აზრით, კოპაც და მუნდიალის თასიც ლეო მესის ეკუთვნის და მას თასზე ხელის უბრალოდ შევლების უფლებას თუ მისცემენ, იმითაც კმაყოფილი იქნება. 

გიჟმა „დიბუმ“ იტირა, როდესაც დიეგო მარადონა გარდაიცვალა და თანაგუნდელებთან ერთად მის კუბოსთან პირობა დადო, რომ თავს არ დაზოგავდა სამსოფლიოსჩემპიონოდ.  არც დაზოგა! ყველაფერი მოიმოქმედა, ყველაფერი იკადრა, მატჩის დროს თუ მატჩის შემდეგ. საკმარისია, გამარჯვების კვარცხლბეკზე მდგომი არგენტინელი ფეხბურთელების სახეები ნახოთ, ადვილად მიხვდებით, ვის აწერია სახეზე დაუფარავი და რაღაცნაირი, ველურად დიდი ბედნიერება. 

ემის ზეობა კოპა ამერიკაზე გამარჯვებით დაიწყო და საეჭვოა კატარის მუნდიალით დასრულდეს, რადგან მარ-დელ-პლატელი გიჟმაჟი ისეთი ვინმე არაა, მარტივად გაიხაროს უდიდესი წარმატებით და 1981 წლის თბილისის „დინამოს“ მსგავსად შემდეგი ცხოვრება წარსულის მოგონებებსა და წარსული გამარჯვებით ტკბობაში გალიოს. ემილიანო მარტინესი ჯერ მხოლოდ 30 წლისაა და არ გამიკვირდება, ერთი ათი წელი კიდევ რომ გაამწაროს მოწინააღმდგეები. რა რა და ეს საქმე, მართლაც, რომ დიდებულად გამოსდის!