ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ბიძინა ივანიშვილის და საქართველოში მისი უმეტესად არაფორმალური მმართველობის შესახებ ვრცელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. მასში მიმოხილულია ივანიშვილის გავლენები, ბიზნესი, თანხები ოფშორში, კავშირები რუსეთთან და სხვა.
გთავაზობთ სტატიას:
29 აპრილს თბილისში გამართულ პროსამთავრობო მიტინგზე გამოსვლისას, საქართველოს რეალურმა მმართველმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთი მტრად აღიარა და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნის, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე აღიარებული საგარეო პოლიტიკური კურსის, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებისა და დასავლელი პარტნიორების ერთსულოვანი რჩევის საწინააღმდეგოდ, და მხოლოდ რუსეთის მაღალჩინოსნების მოწონების ფონზე, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსის ცვლილება გამოაცხადა.
მიტინგზე გამოსვლისას, სადაც ათასობით საჯარო მოხელე რეგიონებიდან ორგანიზებულად იყო ჩამოყვანილი, მან ასევე დააანონსა რეპრესიები პროდასავლური აქტორების წინააღმდეგ, რითიც ოფიციალურ დამტკიცებამდე ფაქტობრივად აამოქმედა რუსული სტილის უცხოელი აგენტების შესახებ კანონი.
ამ გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა ყველა ეჭვი გაფანტა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში უკვე ფაქტობრივად შეჩერებული ინტეგრაციის პროცესის შესახებ და ღიად შეუდგა საქართველოში რუსული სტილის ავტორიტარიზმის მშენებლობას, რაც, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, საქართველოს რუსეთის დაქვემდებარებულ, ვასალურ სახელმწიფოდ აქცევს.
ვინ არის ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, დამფუძნებელი და ამჟამინდელი „საპატიო თავმჯდომარე“, ბიძინა ივანიშვილი, რუსეთთან მჭიდრო კავშირების მქონე მილიარდერი ოლიგარქია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოზე რეალურ კონტროლს ახორციელებს. ოფიციალური მონაცემებით, მისი 5 მილიარდი ა.შ.შ. დოლარისგან შემდგარი ქონება,რომლის უმეტესი ნაწილი მან 90-იანი წლების რუსეთში დააგროვა, საქართველოს მ.შ.პ.-ის დაახლოებით 20%-ის ეკვივალენტურია, რაც მას ქვეყანაში ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცევს.
2012 წელს, ივანიშვილმა მისი უზარმაზარი რესურსები ოპოზიციის გასაერთიანებლად და არჩევნების მოსაგებად გამოიყენა. მას შემდეგ, პარტიათა კოალიცია დაიშალა, მათ შორის მისი პროდასავლური წევრების ჩამოშორების გზით,ხოლო „ქართულმა ოცნებამ“, ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პირობებში, მოახერხა, რომ თანდათანობით მოეხდინა ხელისუფლების ყველა შტოსა და ქვეყანაში არსებული ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიტაცება.
2012-2013 წლებში ხანმოკლე ვადით პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების გარდა, ივანიშვილს საჯარო თანამდებობა არ ჰქონია და არც რომელიმე თანამდებობის დასაკავებლად უყრია კენჭი. 2015 წელს და, ასევე, 2020 წელსაც, ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკიდან მისი სამუდამოდ წასვლის შესახებ, თუმცა ორივე შემთხვევაში ის ისევ დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა.
მართალია, ქართულ საზოგადოებაში ბოლო 12 წლის მანძილზე ყველამ იცის, რომ ივანიშვილს პოლიტიკურ კონტროლზე უარი არასოდეს უთქვამს, 2023 წლის დეკემბერში პოლიტიკაში მისმა მეორედ „მობრუნებამ“ მანამდე არსებული ყველა ეჭვი საბოლოოდ გაფანტა.
კერძოდ, მან საკუთარი თავი პარტიის „საპატიო თავმჯდომარედ“ დაინიშნა, საკუთარ თავს პრემიერ-მინისტრის წარდგენის უფლებამოსილება მიანიჭა (პარტიის წესდებაში ცვლილებების შეტანის გზით). მალევე ისარგებლა ამ უფლებამოსილებით და 2024 წლის დასაწყისში პრემიერმინისტრი შეცვალა.
სახელმწიფოზე კონტროლს ივანიშვილი ინარჩუნებს მისდამი პირადი ერთგულების მქონე პირების სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელებად დანიშვნის გზით;
განსაკუთრებულ აქცენტს ის სამართალდამცავ და უსაფრთხოების სამსახურებზე აკეთებს.
ასეთ დაახლოებულ პირებს მიეკუთვნებიან მისი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი (შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური), მისი კომპანიების ყოფილი აღმასრულებელი დირექტორები (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – გრიგოლ ლილუაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე, ყოფილი პრემიერმინისტრები – ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი), პირადი ასისტენტი (ყოფილი პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი), პირადი ადვოკატი (ყოფილი მთავარი პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – შალვა თადუმაძე), ოჯახთან დაახლოებული ექიმები (ყოფილი ჯანდაცვის მინისტრები – ეკატერინე ტიკარაძე, დავით სერგეენკო).
ეს სქემა ივანიშვილს საშუალებას აძლევს, რომ სახელმწიფოზე განახორციელოს თითქმის აბსოლუტური კონტროლი ისე, რომ არანაირი ფორმალური ანგარიშვალდებულება არ გააჩნდეს. მის მიერ მიღებული კონკრეტული სარგებელი გულისხმობს მის პირად და მისი ოჯახის გარანტირებულ ფიზიკურ და ფინანსურ უსაფრთხოებას.
ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე გარემოებას იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მუშაობს ზემოხსენებული სქემა პრაქტიკაში:
გენერალური პროკურორი ჩემი მეგობარია – 2018 წელს მიცემულ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ, ერთ-ერთი ბიზნეს დავის მოსაგვარებლად, საკუთარ რეზიდენციაში ორ ცნობილ ბიზნესმენს შორის დახურული შეხვედრები გამართა,
შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ივანიშვილმა ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, დაასწრო, რაც დაშინებად აღიქმებოდა. შოთაძემ, რომელსაც გენერალური პროკურორის თანამდებობა 2024 წლის 23 მაისამდე ეკავა, მოგვიანებით შეხვედრაზე დასწრების ფაქტი დაადასტურა.
გადავარჩინოთ ივანიშვილის პირადი ქონება – წლების მანძილზე, უმაღლესი რანგის საჯარო და პარტიული თანამდებობის პირები ყველაფერს აკეთებდნენ ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციისა და ქონების დასაცავად. მაგალითად, 2022 წელს, როდესაც ივანიშვილს „კრედიტ სუისთან“ საერთაშორისო დავა ჰქონდა, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მიანიშნა „კოორდინირებულ ძალისხმევაზე“, რომელიც მიმართული იყო ივანიშვილის იძულებაზე, რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაერთო. იმ პერიოდში, ივანიშვილი ფორმალურად პოლიტიკიდან წასული იყო და, ოფიციალურად, მხოლოდ კერძო ბიზნესმენის სტატუსი გააჩნდა.
პოლიტიკის დიდოსტატი – 2022 წლის 18 ივლისს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა წერილი გაუგზავნა ევროკომისიის თავმჯდომარეს,ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელშიც აცხადებს, რომ ევროკომისიის 9 ივნისის რეზოლუცია „არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება და საქართველოს ამჟამინდელი მმართველობის სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“.
რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილს, რომელიც იმჟამად ფორმალურად პოლიტიკიდან წასული იყო, ოლიგარქად მოიხსენიებდა და მის მიმართ სანქციების დაწესების რეკომენდაციას იძლეოდა. ღარიბაშვილი ევროკომისიას სთხოვდა, რომ მკაფიოდ გამიჯვნოდა დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას.
წერილის დანართის სახით, ღარიბაშვილმა გააგზავნა სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთი წერილი, სადაც ის, ერთი მხრივ, უარყოფს ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, ხოლო, მეორე მხრივ, რამდენიმეჯერ მიუთითებს „მის მიერ დატოვებულ თამაშის წესებზე“. ამ წერილში პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ივანიშვილს ახასიათებს, როგორც „პოლიტიკის დიდოსტატს“, რომელიც „არც თავად დგამს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს და არც მოწინააღმდეგეებს აძლევს ამგვარი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას“.
ივანიშვილი ოლიგარქი არ არის – როდესაც 2022 წელს ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის ერთ-ერთ წინაპირობად დეოლიგარქიზაცია დაასახელა, მმართველმა პარტიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი დააინიციირა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში ოლიგარქების იდენტიფიცირებას; თუმცა, ამასთან მკაფიოდ განმარტა, რომ ივანიშვილი ოლიგარქის კატეგორიაში არ მოხვდებოდა.აღნიშნული ინიციატივა საბოლოოდ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე უარყოფილ იქნა.
ცენზურა კულტურის სფეროში – ივანიშვილის პოლიტიკური ზეგავლენისგან ისეთი სფეროებიც არაა თავისუფალი, როგორიცაა კულტურა. მაგალითად, 2022 წელს გაუქმდა ქართველი კინო-რეჟისორის საერთაშორისო დონეზე აღიარებული დოკუმენტური ფილმის – „მოთვინიერება“ – საქართველოში დაგეგმილი ჩვენებები, რომელიც ივანიშვილის ფავორიტ პროექტს, საუკუნოვანი ხეების ამოძირკვასა და მის კერძო ბაღში გადარგვას, ეხებოდა.
ოფშორული იმპერია და აქტივები
ბიძინა ივანიშვილი საკუთარ აქტივებს ოფშორული კომპანიებისა და ტრასტების კომპლექსური ქსელის მეშვეობით ფლობს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალ იურისდიქციას მოიცავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მოახდინა 20-ზე მეტი ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება, რომლებსაც ივანიშვილის ოჯახი აკონტროლებს.მხოლოდ საქართველოში, ეს ოფშორული კომპანიები დიდი რაოდენობით უძრავ ქონებას და 125-ზე მეტ ადგილობრივად რეგისტრირებულ კომპანიას ფლობენ, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში ოპერირებენ. ივანიშვილს ასევე მნიშვნელოვანი თანხები აქვს დაბანდებული კრიპტო ვალუტის მაინინგში.
საქართველოს გარეთ ივანიშვილის ოჯახის გამორჩეული აქტივები მოიცავს ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ნიუ-იორკსა და პარიზში. ჟურნალისტური გამოძიებების თანახმად, ივანიშვილი ფლობს ორ უძრავ ქონებას პარიზში: ტყით გარშემორტყმულ სასახლეს პრინცესების ქუჩის (Rue de la Princesse) 29-ში და ბინას სენ-ჟერმენის ბულვარზე (Boulevard Saint-Germain), რომელიც მისი შვილის უტა ივანიშვილის სახელზეა რეგისტრირებული. გარდა ამისა, ივანიშვილს ფლობს 8,3 მლნ ა.შ.შ. დოლარად შეფასებულ 1,100 კვ.მ. ფართობიან სასახლეს ნიუ-იორკში, რომელიც მდებარეობს ბრუკლინში, დოვერის 2-ში (Dover Str. Brooklyn).
2024 წლის აპრილში, საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა საქართველოს საგადასახადო კოდექსში და ოფშორული ზონებიდან საქართველოში ქონების გადმოტანა ადგილობრივი გადასახადებისაგან გაათავისუფლა. ჩვენი შეფასებით, ეს ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის გეგმებზეა მორგებული, რომელიც სავარაუდო სანქციების მოლოდინშია. ამასთან ერთად, ეს ცვლილებები გაზრდის საქართველოში კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოდინების რისკს.
კერძო საინვესტიციო ფონდი – ყველაზე მომგებიანი ბიზნეს პროექტები საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ქოლგის ქვეშაა კონცენტრირებული. ეს ლუქსემბურგში რეგისტრირებული ივანიშვილის კერძო საინვესტიციო ფონდია, რომელიც საქართველოში 25-მდე პროექტს უწევს ოპერირებას, როგორებიცაა სავაჭრო ცენტრი, ცემენტის ქარხნები, სასტუმროები და სხვა.
ფავორიტი პროექტები – ივანიშვილის მრავალი პროექტი სხვადასხვა სახის დარღვევებით განხორციელდა. ასეთი პროექტებია, მაგალითად, „პანორამა თბილისი“ (კანონმდებლობის პროექტზე მორგება და მშენებლობისა და პრივატიზაციის რეგულაციების დარღვევა), „შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი“ (გარემოს უკონტროლო დაზიანება), „ჰაიდელბერგის ცემენტის ქარხანა“ (გარემოს უკონტროლო დაზიანება) და „ხოხბის საშენი მეურნეობა“ (სამშენებლო რეგულაციების დარღვევა).ეს და სხვა პროექტები კარგად წარმოაჩენს, თუ როგორ ხდება, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი პროცედურის, რეგულაციისა თუ კანონის სრულად უგულებელყოფა მთავრობის ნებისმიერ დონეზე და მათი ერთი პირის ინტერესებსა და სურვილებზე მორგება. ერთი მხრივ, ამ პროექტებს მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიების დროს იყენებს, ხოლო, მეორე მხრივ, მმართველი პარტია ივანიშვილის ბიზნეს პროექტების უფასო რეკლამირებას ეწევა.
აბასთუმნის ეპიზოდი საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ ემორჩილებიან სახელმწიფო ინსტიტუტები ივანიშვილის სურვილებს, რომ მისი ფავორიტი პროექტები რეალობად აქციონ. 2018 წლის აგვისტოში, აბასთუმანში დასვენების შემდეგ, ივანიშვილმა იქ სახლის აშენება გადაწყვიტა და საკურორტო ქალაქი მის მორიგ ფავორიტ პროექტად გამოაცხადა. შესაბამის საჯარო დაწესებულებებს მხოლოდ ორი კვირა დასჭირდათ საიმისოდ, რომ პრიორიტეტები გადაელაგებინათ და აღნიშნულ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო სახსრები მიემართათ.
2018 წლის აგვისტოდან 2022 წლის ბოლომდე, ექვსმა საჯარო უწყებამ აბასთუმნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თანხა, 249,920,551 ლარი გამოყო, რაც თითქმის 14-ჯერ მეტია, ვიდრე ამავე მუნიციპალიტეტში 2012-2018 წლებში დახარჯული თანხა. აღსანიშნავია, რომ გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი, მთლიანი თანხის 83.1%, ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა და პარტია „ქართული ოცნების“ შემომწირველებმა მიიღეს. ამ კომპანიებმა 1,276,000 ლარი შესწირეს მმართველ პარტიას.
კერძო საქველმოქმედო ფონდი – ივანიშვილი საკუთარ საქველმოქმედო ფონდსაც ფლობს (საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“), რომელიც ბოლო ოთხი წლის საფინანსო ანგარიშგებების გამოუქვეყნებლობით კანონს არღვევს. ამ ინფორმაციის გასაჯაროებაზე შესაბამისმა საჯარო დაწესებულებამაც – შემოსავლების სამსახურმა – უარი თქვა. ყველაზე ბოლოდროინდელი, 2018 და 2019 წლების, საფინანსო ანგარიშგებებით გაირკვა, რომ ფონდს მთლიანად ივანიშვილის ოფშორული კომპანიები აფინანსებენ.
2020 წელს, პოლიტიკიდან მისი მეორედ წასვლის გამოცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ივანიშვილმა საქართველოში არსებული მისი უძრავის ქონების აქტივების უმეტესი ნაწილი, ასევე რამდენიმე კომპანია, ფონდ „ქართუს“ გადასცა.
ეს ნაბიჯი ქველმოქმედებად იქნა წარმოდგენილი, თუმცა ივანიშვილის ოჯახი ფონდის ერთადერთი საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების დაბრუნება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
საგანგაშოა, რომ 2018 წელს ფონდი „ქართუ“ ამომრჩეველთა მასობრივი მოსყიდვისთვის იქნა გამოყენებული. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ფონდი 600,000 მოქალაქეს ვალების ჩამოწერას დაჰპირდა. ეს ამომრჩეველთა მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენების აშკარა შემთხვევა იყო, რადგან საქართველოს მთავრობა ვალების ჩამოწერის პროცესში აქტიურად იყო ჩართული.ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება არ ჩატარებულა.
რუსეთთან კავშირები
ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქების იმ ჯგუფის წარმომადგენელია, ანუ ერთ-ერთია იმ რამდენიმე ათეული პირიდან, რომლებმაც 90-იანი წლების რუსეთში ჩატარებული პრივატიზაციის გზით საბჭოთა პერიოდის სახელმწიფო აქტივები ჩაიგდეს ხელში. ორიათასიანების დასაწყისში საქართველოში დაბრუნებამდე, ივანიშვილი რუსეთში ცხოვრობდა და იქ რამდენიმე მილიარდის ღირებულების აქტივებს ფლობდა. მისი საქმიანი გარიგებები მრავალ იმდროინდელ ცნობილ რუს ოლიგარქთან იყო დაკავშირებული, რომელთაგან ბევრი ამჟამად სანქცირებულია. მისი ოთხი შვილიდან ორს, უტა და ბერა ივანიშვილებს, დღემდე რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.
ივანიშვილის მჭიდრო კავშირებს რუსეთთან კარგად ადასტურებს შემდეგი ფაქტები:
ძველ მეგობრებს არ ივიწყებენ – უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ გავრცელებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, პოლიტიკიდან მეორედ წასულმა ივანიშვილმა ბიზნეს შეთავაზება მიიღო სანქცირებულ რუს ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვისგან, რომელიც რუსეთის არმიისთვის დრონების მწარმოებელი კომპანია „სისტემის“ მფლობელია. ჩანაწერიდან ჩანს, რომ ივანიშვილი და ევტუშენკოვი ერთმანეთს შინაურულად ესაუბრებიან. ბიზნესშეთავაზებაზე პასუხად ივანიშვილი ევტუშენკოვის წარმომადგენელს იმდროინდელ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ამისამართებს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ევტუშენკოვმა დაადასტურა მისი წარმომადგენლის ასეთი შეხვედრა, ღარიბაშვილი ასეთ შეხვედრას უარყოფს. სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, ფარული ჩანაწერის შინაარსზე გამოძიება არ ჩატარებულა.
დარღვეული პირობა – 2011 წელს პოლიტიკაში შემოსვლისთანავე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებულ ყველა მის ბიზნესს და აქტივს გაყიდდა, რათა ქართულ საზოგადოებაში არასაჭირო კითხვები არ გაჩენილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა რუსეთში არსებული უშუალოდ მის სახელზე რეგისტრირებული აქტივები გაყიდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აღმოაჩინა, რომ 2012-2019 წლებში ის, ოფშორებში რეგისტრირებული სუბიექტების მეშვეობით, კვლავ ფლობდა მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას, რომლებიც შვილობილი კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელს მოიცავდა. დღეის მდგომარეობით, ივანიშვილი რუსეთში, მისი ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის მეშვეობით, მინიმუმ 1 კომპანიას (Aqua-Space Ltd) ფლობს, რომელიც 2023 წელს გააქტიურდა და 70 მლნ რუბლის წმინდა მოგება ნახა. გარდა იმისა, რომ ივანიშვილმა საზოგადოება მოატყუა მისი რუსეთში არსებული აქტივების შესახებ,მის მიერ რუსული აქტივების მოკლე დროში, მარტივად გაყიდვამ თავის დროზე კითხვები გააჩინა კრემლის მხრიდან შესაძლო პოლიტიკური პირობების არსებობის შესახებ.
ბიზნესი КГБ-ს გენერალთან – რუსეთში ბიზნესს ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც აწარმოებენ. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს კომპანია „გეო ორგანიკსის“ გავლით საერთო ბიზნესი აქვთ აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ „კაგებეს“ (სსრკ-ის „სუკ“-ის) გენერალ და სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორ გეორგი პოლტავჩენკოსთან და ასევე, ვოლგოგრადის ყოფილ მაღალჩინოსან როლანდ ხერიანოვთან, რომლის მეუღლეც, სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი და ცნობილი პროპაგანდისტული ვიდეოს – „ბიძია ვოვა, ჩვენ შენთან ვართ“ – ავტორი ანნა კუვიჩკოა.
რუსეთის ჯაშუში მარჯვენა ხელად – 2023 წლის 14 სექტემბერს, აშშ-მა, რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურთან (ФСБ) თანამშრომლობის გამო, სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს.ფარცხალაძე, რომელიც ამჟამად რუსეთის მოქალაქეა, ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელია. არაერთმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ის წლების მანძილზე ივანიშვილისთვის დავების არაფორმალური მომრიგებლის ფუნქციას ასრულებდა. ის, თუ რა ძალისხმევა გაიღო „ქართულმა ოცნებამ“ ფარცხალაძის დასაცავად და რომ ამ მიზანს ქვეყნის ეროვნული ბანკის რეპუტაციაც კი შესწირა, გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა ის ივანიშვილის არაფორმალურ სახელისუფლებო ვერტიკალში.
მხილება უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამდებობის პირის მიერ – 2022 წლის სექტემბერში ამჟამად პატიმრობაში მყოფმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა, ბიძინა ივანიშვილი ამხილა და განაცხადა, რომ ივანიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (ФСБ) კავშირის დამყარება დაავალა.
გოგაშვილის თქმით, ივანიშვილის ბრძანებით, 2016 წლის დეკემბერში [„ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებიდან რამდენიმე კვირაში], ის პირადად შეხვდა ФСБ-ს აგენტებს ვლადიკავკაზში; შეხვედრის მიზანი საქართველოს და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს შორის კონტაქტების დამყარება და მათ ხელმძღვანელებს შორის შეხვედრების მომზადება იყო. გოგაშვილის მტკიცებით, მალევე, 2017 წელს, გომელაური პირადად შეხვდა ФСБ-ს ხელმძღვანელს, ალექსანდრ ბორტნიკოვს (ვლადიკავკაზსა და მინსკში), ხოლო მოგვიანებით საქართველოში, საკუთარ რესტორანში, საიდუმლოდ უმასპინძლა ФСБ-ს მე-5 განყოფილების [ყოფილი სამჭოთა კავშირის ქვეყნებზე მომუშავე განყოფილება] უფროს სერგეი ბესედას და ФСБ-ს გენერალ ალექსეი სედოვს.
გოგაშვილის თქმით, ამ შეხვედრების მიზანი იყო: უკანონო და კონტრაბანდული საქონლისთვის უსაფრთხო დერეფნების მოწყობა, რუსული მხარის მიერ დასახელებული კონკრეტული პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება და მათთვის დახმარების გაწევა საქართველოში კომპანიების დაფუძნებაში, რუსეთისთვის ძებნილი პირების არალეგალური გადაცემა. გოგაშვილის თქმით, ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი კონკრეტული შედეგი იყო რუსეთიდან ამონიუმის ნიტრატის გადატანა სირიაში, საქართველოს გავლით, სადაც მოხდა ტვირთისთვის ქართული წარმოების ეტიკეტების დაკვრა. მისი თქმით, სატრანსპორტო გემმა ფოთის პორტი და ლიბანში არსებული ერთ-ერთი პორტი გამოიყენა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა გოგაშვილის ბრალდებების საკითხზე გამოძიების ჩატარება მოითხოვეს, თუმცა მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.
გოგაშვილმა ასევე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვით საქართველოს ხელისუფლება კოორდინაციაში იყო რუსეთის სპეც-სამსახურებთან ე.წ. „სკრიპალების საქმის” გამო საქართველოდან რუსი დიპლომატების გაწვევის პროცესში. გოგაშვილის მტკიცებით, რუსეთის სპეცაგენტების 10 კაციანი სია მოსკოვთან შეთანხმდა.