ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს რკინიგზის განახლების პრეზენტაციაზე გლობალურ სავაჭრო მარშრუტებში საქართველოს როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით „შუა დერეფანი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მარშრუტი გახდა და საქართველოს მიმართ ინტერესი გაიზარდა.
დღეს საქართველო მიზანმიმართულად ყალიბდება სახელმწიფოდ, სადაც ევროპა და აზია არამხოლოდ გეოგრაფიულად ხვდებიან ერთმანეთს, არამედ ეფექტიანადაც უკავშირდებიან, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა, – ბოლო წლებში მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რამდენად მყიფეა ტრადიციული მარშრუტები. გაიზარდა რისკები და გაჩნდა მოთხოვნა ახალ, სანდო და პროგნოზირებად დერეფნებზე. სწორედ ამიტომ შუა დერეფანი გახდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომაა საქართველოს მიმართ გაზრდილი ინტერესი არა შემთხვევითი, არამედ ლოგიკური შედეგი“.
მისივე თქმით, საქართველო მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა და იყოს სანდო პარტნიორი, რაც ქვეყნისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური შესაძლებლობა, არამედ სახელმწიფოებრივი ამოცანაა.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან. ერთობლივი ძალისხმევით, „შუა დერეფანი“ აღარ არის მხოლოდ პერსპექტივა, არამედ ის ხდება რეალური და სულ უფრო კონკურენტუნარიანი ალტერნატივა გლობალურ ვაჭრობაში“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
„შუა დერეფანი“ (Middle Corridor), რომელზეც მარიამ ქვრივიშვილი საუბრობს, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
სომხეთ-აზერბაიჯანის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტმა, შესაძლოა, საქართველოს ექსკლუზიური სატრანზიტო სტატუსის ალტერნატივა შექმნას.
დღეს, 5 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში განაცხადა, რომ სომხეთი შესაძლოა რეგიონში ახალი სავაჭრო გზების ჰაბად იქცეს.
სომხური გამოცემა Armenpress-ის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმოკლესი გზა ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე და კასპიის ზღვამდე სომხეთზე გადის და ეს მარშრუტი ომის გამო იყო ჩაკეტილი.
„ახლა თქვენ ამას ცვლით მშვიდობის სასარგებლოდ გაკეთებული გაბედული არჩევანისა და ევროპულ ქსელებში მეტი ინტეგრაციის წყალობით. შედეგად, სომხეთი შეიძლება გახდეს რეგიონული ჰაბი ახალი სავაჭრო გზებისთვის“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
„შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ – ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი საერთო მომავლის გასავითარებლად. სომხეთი საკვანძო საყრდენია არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიასთან ჩვენს ურთიერთობაში, არამედ ევროპის დასაკავშირებლად კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიასთან სამხრეთ კავკასიის გავლით“, – თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ.