აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბაჰრუზ სამადოვის საჩივარი

პუბლიკა

ავტორი: აითან ფარჰადოვა

21 მაისს აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მკვლევრისა და OC Media-ს დაპატიმრებული კონტრიბუტორის, ბაჰრუზ სამედოვის საჩივარი, რომლითაც ადვოკატები მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ბაჰრუზ ​სამადოვს 2025 წლის ივნისში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გადაწყვეტილების შემდეგ სამადოვი სკანდირებდა: „თავისუფლება!“, „დასრულდეს უკანონო დაკავებები!, „დასრულდეს რეპრესიები!“.

დაცვის მხარე სამადოვის გამართლებას მოითხოვდა იმ მოტივით, რომ „ბრალდებები დაუსაბუთებელი იყო“. მათ ასევე მოითხოვეს, სასამართლოს გაეუქმებინა სამადოვის ​უფრო მკაცრი რეჟიმის – უმბაქის ციხეში გადაყვანის გადაწყვეტილება. ბაჰრუზი უმბაქის ციხეში ერთი წლის ვადით, 2025 წლის ოქტომბერში გადაიყვანეს.

დაკავებულის ადვოკატის, ზიბეიდა სადიგოვას თქმით, ბაჰრუზ სამადოვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და მრავალი დაავადებით იტანჯება.

საკუთარ დასკვნით სიტყვაში სამადოვმა განაცხადა, რომ მას თვალის სერიოზული დაავადება აქვს. მისი თქმით, ექსპერტის დასკვნით, დახურულ სივრცეში გატარებულმა დრომ უარყოფითი გავლენა მოახდინა მის ჯანმრთელობაზე, მათ შორის, მხედველობის სწრაფ გაუარესებაზე.

სადიგოვას თქმით, ციხეში ყოფნისას სამედოვი არაერთხელ გახდა ზეწოლის მსხვერპლი, რაც მათ შორის სამარტოო საკანში მოთავსებაში გამოიხატა.

დამოუკიდებელმა მედია Toplum TV-მ დაწერა, რომ ჩვენების მიცემისას სამადოვმა თავისი გამოსვლა გარდაცვლილი აქტივისტების, მეჰმან გალანდაროვის, ბაირამ მამედოვისა და ელბაი ქარიმლის ხსოვნას მიუძღვნა.

ოპოზიციონერი აქტივისტი გალანდაროვი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2017 წლის თებერვალში დააკავეს, ხოლო 2017 წლის აპრილში მან ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ქარიმლი 2023 წლის აგვისტოში დააკავეს მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ძეგლზე სპრეი საღებავით დატოვა წარწერა „სტალინი“. მისი ცხედარი 2025 წლის დეკემბერში, N2 გამასწორებელ დაწესებულებაში იპოვეს.

ბაირამ მამედოვმა, გიას იბრაჰიმთან ერთად, ალიევის ძეგლზე გრაფიტი 2016 წლის მაისში დატოვა. მასაც ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ვადაზე ადრე გათავისუფლების შემდეგ ის თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 2021 წლის მაისში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გარემოებებს მამედოვის ზოგიერთი მეგობარი და ოჯახის წევრი საეჭვოდ მიიჩნევს.

ბაჰრუზ სამადოვმა განაცხადა, რომ გალანდაროვი და ქარიმლი ციხეში თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ხოლო მამედოვი ასევე განიცდიდა სტრესს წამების შედეგად.

სამედოვმა თქვა: „მე არ ვარ აზერბაიჯანის მტერი“, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უდანაშაულოა და განაცხადა, რომ ის პოლიტიკური მოტივებით დააპატიმრეს.

მან გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „გაუმარჯოს მშვიდობასა და დემოკრატიას!“

 

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.