მახაშვილი: ყველა დონეზე მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ოკუპაცია დასრულდეს. ამის იქით ყველაფერი პოლიტიკური მატრაკვეცობაა

პუბლიკა

ყველა დონეზე მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ოკუპაცია დასრულდეს. ამის იქით ყველაფერი პოლიტიკური მატრაკვეცობაა – ასე გამოეხმაურა  ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გახარიას პარტიის რეზოლუციის პროექტს, რომელიც 9 მაისს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებასა და ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირებას შეეხება.

ლევან მახაშვილმა „პირველ არხს“ განუცხადა, რომ საქართველოს მკაფიო პოზიცია აქვს რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ თუ საერთაშორისო სასამართლოების დონეზე.

„საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია და საქართველოს მკაფიო პოზიცია აქვს როგორც ოკუპაციასთან დაკავშირებით, ასევე რუსულ ქმედებებთან მიმართებით, იქნება ეს პოლიტიკურ დონეზე თუ რუსულ ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოების დონეზე. ყველა დონეზე, სადაც შეგვიძლია, პოლიტიკურად, ეკონომიკურად თუ სამართლებრივად მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ოკუპაცია დასრულდეს. ამის იქით ყველაფერი პოლიტიკური მატრაკვეცობაა. მით უმეტეს, იმ ძალის მხრიდან, რომლის ლიდერმაც, კარგად ვიცით, ჩორჩანასთან დაკავშირებით რაც გააკეთა“, – განუცხადა ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

„გახარია – საქართველოსთვის“ რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის წინააღმდეგ რეზოლუციას წარადგენს. კერძოდ, რეზოლუციის პროექტი მიმდინარე წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებასა და ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირებას შეეხება.

13 მაისს რუსეთის დუმამ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

შეთანხმებას ვლადიმერ პუტინმა და ალან გაგლოევმა 9 მაისს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტს 15 მაისს გამოეხმაურა მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც ევროსაბჭოს მინისტრთა 135-ე მინისტერიალის სესიაზე განაცხადა, რომ რუსეთი „კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების უგულვებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ“.