რუსული მახე: ჩვენი ღირსება ჩვენსავე წინააღმდეგ

ნათია ორმოცაძე

ამას წინათ, ფეისბუქზე ერთი ვიდეო შემხვდა. ვიდეოს შინაარსი ასეთი იყო: ერთი რუსი რუსთაველის ძეგლთან (სავარაუდოდ, მოსკოვში) ქედს იხრიდა, ყვავილებს აწყობდა და როგორც მახსოვს, პირჯვარიც კი გადაიწერა. არ ვიცი, ვინ იყო ვიდეოს ავტორი, თუმცა თავი იმ აღფრთოვანებით დამამახსოვრა, ბედნიერი რომ გაჰყვიროდააი, ეს არის რუსი ხალხი! ასეთ რამეს სხვა არავინ აკეთებსო! აბა სხვა ვინ დაგვაფასებსო!

ამ კონკრეტული რუსის, ეს ერთი შეხედვით, კულტურული ჟესტი, შესაძლებელია მართლაც იყოს მისი სულგრძელობისა და პატივისცემის გამოხატულება, თუმცა ამ საქციელს გაცილებით ღრმა ფესვები აქვს და ახლა შევეცდები ავხსნა, რას ვგულისხმობ.

საბჭოთა წლებში რუსები თვითონვე აღიარებდნენ, რომ იმ 15 რესპუბლიკიდან, რომელიც საბჭოთა კავშირს ემონებოდა, ქართველები ყველაზე გამორჩეული იყვნენთავიანთი სილაღით, სტუმართმოყვარეობით, დარდიმანდი ბუნებით, გულუბრყვილობითაც კი. საბჭოთა ქვეყნები და ხალხები ხომ წყლის წვეთებივით ერთმანეთს უნდა ჰგვანებოდნენ მონური ბუნებითა და მორჩილებით. ქართველები კი ამ თვისებებით თითქოს იყვნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და ამავდროულად არც იყვნენ. მონური ბუნება კი ის ფუნდამენტი იყო, რომლის გარეშეც სისტემას ფეხზე დგომაც კი გაუჭირდებოდა. სწორედ ის განაპირობებდა მის სიმტკიცეს. ყველა საბჭოთა ადამიანი ცხვარივით მორჩილი და ერთმანეთის მსგავსი უნდა ყოფილიყო. სისტემა საფრთხეს ხედავდა უბრალო ამოვარდნაში, მცირედ გადახვევაშიც კი, თუნდაც ეს უბრალოდ ხასიათის გამოვლინება ყოფილიყო, და უმალ მის აღმოფხვრაზე ზრუნავდა.

ამიტომაც სისტემამ, რომელმაც ძალიან კარგად შეისწავლა ქართველის ეს განსხვავებული ბუნება, მის დასამორჩილებლად განსხვავებული ინსტრუმენტები გამოიყენა. მას მხედველობიდან არ გამორჩენია არც ქართველის ბაქია ბუნება, და იმით ტკბობა, როცა ვინმე მას აქებდა და ადიდებდა, და აქცენტი სწორედ ამაზე გააკეთა. მისი ინფანტილურობა საუკეთესო თვისება იყო მასზევე მანიპულირებისთვის

არ ვიცი, ბევრი ფიქრი და განსჯა დასჭირდებოდა თუ არა ამ დასკვნის გაკეთებას, მაგრამ მან ზუსტად მტკივნეულ და სუსტ წერტილში დაუმიზნა იარაღი. სისტემა მიხვდა, რომ ქართველთან ის მიდგომა, რომელსაც ყველა დაპყრობილი სხვა ხალხის მიმართ იყენებდა, არ იმუშავებდა. ამიტომ მასთან ძალა კი არ უნდა ეხმარა, პირიქით უნდა დაეყვავებინა, შეექო, აღფრთოვანებით ესაუბრა მის ნიჭიერებაზე, გამორჩეულობაზე, საუკეთესო თვისებებზე. ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა ტელეეთერებიდან ხშირად გაისმოდა აღფრთოვანებული შეძახილები, რომსოლნეჩნაია გრუზიაშიცხოვრობენ ვაჟკაცური ბუნების მამაკაცები, რომ აქ საუცხოოდ ცეკვავენ და მღერიან, რომ ქართული სუფრისა და თამადის ტრადიციას მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს, და საერთოდ, ქართველზე ნიჭიერი და უნიკალური ჯერ არსად არავინ დაბადებულა

ქართველიც ძალიან მალე წამოეგო ამ სატყუარას. ისინი გვაქებდნენ, ჩვენ გვიხაროდა. ისინი კიდევ უფრო მეტად გვაქებდნენ, ჩვენც უფრო მეტად გვიხაროდა. და ნელნელა ვაღიარეთ, რომ ჩვენი ფასი მხოლოდ ჩვენმა უფროსმა ძმამ და მეგობარმა, რუსმა გაიგო, დაინახა და დააფასა. რუსეთი ქართველებისგან ქმნიდა ყველაზე განსხვავებული, საუკეთესო თვისებებით დაჯილდოებული, სტუმართმოყვარე ხალხის ხატს, რათა ჩვენ ამ როლით გაბრუებულებს დაგვევიწყებინა ნამდვილი თავისუფლება. დაგვარწმუნეს, რომ ჩვენი დარი და ღირსი ხალხი დედამიწაზე არ მოიძევებოდა და ჩვენც გულწრფელად დავიჯერეთ და გავიხარეთ, გულში ალბათ ისიც კი გავიფიქრეთსხვა ტყუილად რატომ შეგაქებს, თუ არ იმსახურებო.

განა ტყუილად წუხდა ამის შემყურე დიდი პოეტი, როცა ამბობდა: „ალერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!“, და იქვე გავუფრთხილებივართშეიბრალე თავი შენი, იცოდე, მაგ შარბათში საწამლავს სვამ, იცოდე!“.

და თვისებამ, რომელიც თავისთავად მშვენიერია ადამიანშიგულუბრყვილობა, გულწრფელობა, ნდობაჩვენსავე წინააღმდეგ იმუშავა

ამიტომაცაა, რომ განსაკუთრებით უფროსი თაობის ადამიანებს დღემდე ახსოვთ ესდაფასებადა დღემდე ვერ ელევიან იმ ქებადიდებას, რომელიც რუსეთიდან ჩვენი მისამართით მოდიოდა, და რომლითაც ასე მოთაფლული და დამონებული აღმოვჩნდით, ისე, რომ ვერც კი მივხვდით ამ მზაკვრულ ჩანაფიქრს. სინამდვილეში, არ არსებობს იმაზე დიდი მტრობა, ვიდრე დაუმსახურებლად მიაწერო ადამიანს საუკეთესო თვისებები, და დააჯერო, რომ ის მათი კანონიერი მფლობელია

იმ კაცის ჟესტი, რუსთაველის ძეგლთან ქედს რომ იხრიდა, ზუსტად იმ ძველი, საბჭოთა მზაკვრული პოლიტიკით გაჟღენთილი ადამიანის ინერციაა. იმპერიას არასოდეს ეზარებოდა ჩვენი ქებადიდება, სანამ ჩვენს დამოუკიდებლობას სულს ხდიდა. და სანამ ჩვენ აღფრთოვანებულები ისევ გავაგრძელებთ კიჟინს: აბა, სხვა ვინ გვაფასებსო, მანამ ვიქნებით იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ ჩვენზე საუკეთესო ხალხი დედამიწაზე არ არსებობს, და მანამდე ის რისკიც გამუდმებით იარსებებს, რომელსაც საკუთარ ქვეყანაზე კონტროლის დაკარგვა და ემოციური მონობა ჰქვია.