ვინ ვინ არის სომხეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

2026 წლის 7 ივნისს სომხეთში თითქმის 2.5 მილიონი მოქალაქე აირჩევს პარტიას, რომელმაც ქვეყანა უნდა მართოს. ისინი არჩევანს გააკეთებენ 18 პარტიასა და ალიანსს შორის, რომლებიც პარლამენტში ადგილებისთვის იბრძვიან. ეს იქნება პირველი გეგმიური (და არა რიგგარეშე) საპარლამენტო კენჭისყრა 2017 წლის შემდეგ. 

მოსალოდნელია, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ („სამოქალაქო ხელშეკრულება”) ყველაზე ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება სამი ძირითადი ოპოზიციური ბლოკისგან: ალიანსი „ძლიერი სომხეთი“, რომელსაც მხარს უჭერს პრორუსი სომეხი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი; „სომხეთის ალიანსი“ – მთავარი საპარლამენტო ოპოზიციური გაერთიანება, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ლიდერობს; და ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის „აყვავებული სომხეთი“.

სომხეთის ყოფილი მმართველი „რესპუბლიკური პარტია“, რომელიც მანამდე პარლამენტში ალიანს „პატივი მაქვს-ის“ შემადგენლობაში იყო წარმოდგენილი, 7 ივნისის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

„სამოქალაქო შეთანხმება“

სლოგანი: მხარი დაუჭირეთ მშვიდობას

ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ სომხეთს 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ მართავს და მომავალ არჩევნებშიც ფავორიტად რჩება. მთავარი კითხვაა, შეძლებს თუ არა პარტია კიდევ ერთხელ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა, რაც მას მისცემს გარანტიას, ქვეყანა კოალიციური პარტნიორების გარეშე მართოს და საკონსტიტუციო ცვლილებები მარტივად მიიღოს.

„სამოქალაქო შეთანხმება“ პარლამენტში 2017 წელს შევიდა – მაშინ ის ალიანს „გამოსავალის“ შემადგენლობაში იყო. ამ დროს ალიანსმა ხმების 7.7% მიიღო. 2018 წელს, მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ძალაუფლების შენარჩუნება სცადა (რაც საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ გახდა შესაძლებელი), ფაშინიანმა საპროტესტო კამპანია წამოიწყო, რამაც საბოლოოდ სარგსიანს გადადგომა აიძულა.

2018 წლის რიგგარეშე არჩევნებში ბლოკ „ჩემი ნაბიჯიშის“ შემადგენლობაში მყოფმა „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ხმების 70%-ზე მეტი მოიპოვა.

ფაშინიანის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო სომხეთის დამარცხება 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომში, რასაც მასობრივი პროტესტი და მისი გადადგომის მოთხოვნა მოჰყვა. კრიზისის მიუხედავად, „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა 2021 წლის რიგგარეშე არჩევნებში და ხმების 54% მიიღო.

პარტიის 2025 წლის ყრილობაზე ფაშინიანი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში ჩამოაყალიბებს „სომხეთის მეოთხე რესპუბლიკას“, რომლის ძირითადი ნაწილიც ახალი კონსტიტუციის მიღება იქნება – ეს საკითხი აზერბაიჯანმა არაერთხელ დააყენა პარაფირებული (წინასწარ შეთანხმებული) სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის წინაპირობად.

2024 წლიდან ფაშინიანი აქტიურად უწევს პოპულარიზაციას თავის იდეოლოგიას „რეალური სომხეთის“ შესახებ და ამტკიცებს, რომ სომხებმა უნდა აღიარონ თანამედროვე სომხეთი მის ამჟამინდელ საზღვრებში. მან მოსახლეობას ასევე უთხრა, რომ ოპოზიციის გამარჯვებამ შესაძლოა აზერბაიჯანთან ახალი ომი გამოიწვიოს, რადგან მათ მშვიდობის „გადახედვა“ სურთ, ხოლო თავის მთავარ მეტოქეებს უცხოურ კავშირებში დასდო ბრალი და მათ „სამთავიანი ომის პარტია“ უწოდა.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას – ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სურს „დაბალანსებული და დამაბალანსებელი“ მიდგომა, ცდილობს ურთიერთობების ნორმალიზებას აზერბაიჯანთან და თურქეთთან; ასევე ცდილობს, თანამშრომლობა გააღრმავოს ევროკავშირთან და აშშ-სთან და ამავდროულად, შეინარჩუნოს კავშირები რუსეთთან.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) უახლესი გამოკითხვით, „სამოქალაქო შეთანხმება“ ამჟამად პირველ ადგილზეა – 22 მაისის მონაცემებით, რესპონდენტთა 32% აცხადებს, რომ ხმას ამ პარტიას მისცემდა.

„ძლიერი სომხეთი“

სლოგანი: ცვლილებები მხოლოდ სამველ კარაპეტიანთან ერთად

პრორუსი სომეხი მაგნატი სამველ კარაპეტიანი, რომლის სავარაუდო ქონებაც 4.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს (რაც ქვეყნის მთელი სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარია), პოლიტიკაში 2025 წლის ივნისში გამოჩნდა. მანამდე პოლიტიკურ პროცესებში ის დიდწილად ჩართული არ ყოფილა.

სამველ კარაპეტიანის ძმას, კარენ კარაპეტიანს დიდი ხნის კავშირები აქვს სომხეთის ყოფილ მმართველ „რესპუბლიკურ პარტიასთან“ – ის იყო პარლამენტის წევრი 2007–2008 და 2012–2018 წლებში, ასევე იყო მაშინდელი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

სამველ კარაპეტიანი პოლიტიკაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ის დააპატიმრეს სომხური სამოციქულო ეკლესიის დასაცავად გაკეთებული განცხადებების გამო, ეკლესიასა და ფაშინიანის მთავრობას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე. ხელისუფლებამ მას სწრაფად წარუდგინა ბრალი ძალაუფლების მიტაცებისკენ მოწოდებისთვის, რასაც მოგვიანებით ფულის გათეთრების ბრალდებაც დაემატა. ის ერევანშია და შინაპატიმრობა აქვს მისჯილი.

დღეს საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად მისი ძმისშვილი, ნარეკ კარაპეტიანი ხელმძღვანელობს, თუმცა რეალურად სამველ კარაპეტიანი მას შინაპატიმრობიდან მართავს.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვებში საკმარისად მაღალი რეიტინგი ჰქონდა, რათა საპარლამენტო მანდატები დამოუკიდებლად მოეპოვებინა,  კარაპეტიანის პარტია „ძლიერმა სომხეთმა“ ამჯობინა უფრო ფართო ალიანსის შექმნა შედარებით მცირე პარტიებთან: „ახალ ეპოქასთან“ და „გაერთიანებულ სომხებთან“. მოგვიანებით ბლოკთან თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა პარტიამ „ქვეყანა სიცოცხლისთვის“, რომელიც დაკავშირებულია კიდევ ერთ პრორუს სომეხ მაგნატთან, რუბენ ვარდანიანთან (იგი 2023 წლის სექტემბრიდან აზერბაიჯანშია დაპატიმრებული).

მიუხედავად იმისა, რომ იგი ალიანსის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არის დასახელებული, კარაპეტიანს კონსტიტუციით ეზღუდება ამ პოსტის დაკავება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის გამო. მიუხედავად ამისა, ალიანსი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ არჩევის შემთხვევაში კონსტიტუციას შეცვლის, რათა გზა გაუხსნას მის კანდიდატურას.

კარაპეტიანის ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ ამომრჩეველს ფართომასშტაბიან ეკონომიკურ რეფორმებს ჰპირდება, თუმცა კვლავ არსებობს შეშფოთება კარაპეტიანის უზარმაზარი ბიზნესინტერესების გამო რუსეთში და მისი სავარაუდო კავშირების გამო რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურთან (FSB). ბევრი სვამს კითხვას, რამდენად დამოუკიდებლად შეძლებს ის სომხეთის საგარეო პოლიტიკის წარმართვას. თავად კარაპეტიანი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ სომხეთი მისი ერთადერთი პრიორიტეტი იქნება.

გარდა იმისა, რომ სამველ კარაპეტიანს რამდენიმე ბრალდება წარუდგინეს, დააკავეს მასთან დაკავშირებული ათობით სხვა პირიც, ძირითადად ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის ბრალდებით.

მიუხედავად იმისა, რომ პარტიის დაკავებული წევრების საერთო რაოდენობა ცნობილი არ არის, სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2026 წლის თებერვლიდან 19 მაისამდე საარჩევნო დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 57 საქმე აღიძრა. ეს შემთხვევები უპირატესად კარაპეტიანის ალიანსის წევრებს ეხება. თავის მხრივ, კარაპეტიანი ყოველგვარი ქრთამის გაცემას უარყოფს.

უახლესი გამოკითხვით, „ძლიერი სომხეთი“ ამჟამად მეორე ადგილზეა – 22 მაისის მონაცემებით, რესპონდენტთა 6% აცხადებს, რომ ხმას მას მისცემდა.

„სომხეთის ალიანსი“

სლოგანი: ერთად ჩვენ შეგვიძლია

ალიანსს, რომელიც 2021 წლის რიგგარეშე არჩევნების შემდეგ ყველაზე დიდ ოპოზიციურ ბლოკად ჩამოყალიბდა, კვლავ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ხელმძღვანელობს.

მთიან ყარაბაღში დაბადებული ქოჩარიანი ამ რეგიონის პრეზიდენტი იყო. 1997 წელს ის სომხეთში გადავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრი გახდა. ერთი წლის შემდეგ იგი სომხეთის პრეზიდენტად აირჩიეს და ეს პოსტი 2008 წლამდე ეკავა. მისი მმართველობის დასასრულს, 2008 წლის 1 მარტს ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნია. საპროტესტო აქციები მაშინდელმა ხელისუფლებამ სისხლიანად დაარბია.

ფაშინიანი მაშინდელი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი იყო. მას შემდეგ, რაც ის სომხეთის ხელისუფლებაში მოვიდა, რობერტ ქოჩარიანს ბრალი წარყდგინეს 2008 წლის ძალადობაში მისი სავარაუდო როლის გამო.

„სომხეთის ალიანსი“ 2021 წელს პარლამენტში შევიდა, 2022 წლის ბოლოსთვის კი დაიშალა (ქოჩარიანმა მაშინ უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე და განაცხადა, რომ თავისი ხასიათიდან გამომდინარე „ყოველთვის აღმასრულებელი ხელისუფლების ადამიანი იყო“).

ალიანსის დაშლა დიდწილად განპირობებული იყო პარტია „აღორძინებული სომხეთის“ გადაწყვეტილებით, დაეტოვებინა პარლამენტი. მათ მხარი დაუჭირეს სხვა დეპუტატებს ალიანსებიდან „სომხეთი“ და „პატივი მაქვს“, რომლებმაც იმავე წლის მაისიდან ბოიკოტი გამოუცხადეს საპარლამენტო მუშაობას, მოითხოვეს მთავრობის გადადგომას და პარალელურად ქუჩის აქციები გამართეს იმის გამო, რასაც მათ უწოდეს ფაშინიანის „მზადყოფნა, წავიდეს დიდ დათმობებზე“ აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

ახლა ქოჩარიანის ალიანსი სხვა კონფიგურაციით ბრუნდება: ის კვლავ მოიცავს „სომხეთის რევოლუციურ ფედერაციას“ (დაშნაკცუთიუნი), რომელსაც ახლა შეუერთდა ახლადშექმნილი „წინ პარტია“, რომელიც ყოფილმა რესპუბლიკელმა სევაკ ხაჩატრიანმა დააფუძნა. ეს პარტია ანაცვლებს „აღორძინებულ სომხეთს“ – პარტიას, რომელსაც სევე „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი, სიუნიქის ყოფილი გუბერნატორი ვაჰე ჰაკობიანი ხელმძღვანელობდა.

ქოჩარიანმა ფაშინიანი რუსეთთან კავშირების გაფუჭებაში დაადანაშაულა. იგი მხარს უჭერს რუსეთთან უფრო ღრმა ურთიერთობებს და იმას, რასაც „გარანტირებულ მშვიდობას“ უწოდებს, და მიიჩნევს, რომ რუსეთს, აშშ-ს, ჩინეთსა და საფრანგეთს შეუძლიათ როლი ითამაშონ ამ მშვიდობის უზრუნველყოფაში.

„სომხეთის ალიანსი“ ბოლო გამოკითხვაში მესამე ადგილზე გავიდა – 22 მაისის გამოკითხვით, რესპონდენტთა 3% აცხადებს, რომ ხმას მას მისცემდა.

„აყვავებული სომხეთი“

სლოგანი: გარანტირებული მშვიდობა, აყვავავებული სომხეთი, უზრუნველყოფილი ცხოვრება

ექსცენტრიკულმა მილიარდერმა გაგიკ წარუკიანმა თავისი პარტია 2004 წელს დააფუძნა. ის წარსულში კოალიციებს ქმნიდა სარგსიანის მთავრობებთან. მას შემდეგ, რაც მათი ურთიერთობა გაფუჭდა, 2015 წელს წარუკიანი პოლიტიკას ჩამოშორდა, თუმცა 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაბრუნდა და მისი პარტია კვლავ შევიდა პარლამენტში.

2026 წლის არჩევნებისთვის პარტია კენჭს იყრის პროგრამით „წინადადება სომხეთს“, ანდრანიკ ტევანიანის ალიანს „დედა სომხეთთან“ და სურენ სურენიანცის „დემოკრატიულ ალტერნატივასთან“ ერთად, ერთიანი სიით. კოალიციას ჯერ არ დაუსახელებია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, თუმცა წარუკიანმა განაცხადა, რომ ეს თვითონ არ იქნება.

გაგიკ წარუკიანმა თავის პროგრამას უწოდა „პოლიტიკური და სამოქალაქო ნოეს კიდობანი“, რომელიც ქვეყანას „გადარჩენისა და აღორძინებისკენ“ წაიყვანს. ამასთან, მან პირობა დადო, რომ ნოეს კიდობნის მემორიალს ააშენებს მას შემდეგ, რაც დაასრულებს იესო ქრისტეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკების მშენებლობას, და განაცხადა, რომ ეს სამუშაოები „მილიონობით“ ტურისტს მიზიდავს.

თუმცა, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე პარტიას პრობლემები შეექმნა.

21 მაისს ტევანიანს ბრალი წარუდგინეს ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის მუხლით – სომხეთმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად დაიწყო გამოძიება რუსეთის მხრიდან ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის საქმეზე. ბრალდების თანახმად, მას შემდეგ, რაც 2024 წელს ტევანიანი რუსეთის სპეცსამსახურებმა გადაიბირეს, მან მათ 622,000 აშშ დოლარის სანაცვლოდ სახელმწიფო საიდუმლოება გადასცა სანაცვლოდ. ტევანიანი ბრალდებას უარყოფს.

გარდა ამისა, დამოუკიდებელმა რუსულმა მედია The Insider-მა გამოაქვეყნა გაგიკ წარუკიანის პარსპორტის ასლები, ასევე ის, თუ რამდენი დახარჯა წარუკიანმა 2017 წლის საარჩევნო კამპანიის დროს. მასალებირუსეთის ამჟამად გაუქმებული „უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოდან“ გაჟონილ დოკუმენტებს ეყრდნობა.

მასალის თანახმად, წარუკიანს აშკარა ბიზნესკავშირები აქვს რუსეთში, ასევე მეგობრობს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. წარსულში, 1979 წელს, ის ნასამართლევი იყო და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი ძარცვისა და ორი რუსი ტურისტის ჯგუფური გაუპატიურების გამო. თუმცა, მისი ნასამართლეობა 2001 წელს, წარუკიანის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა.

„ყვავავებული სომხეთი“ ბოლო გამოკითხვაში მეხუთე ადგილს იკავებს – რესპონდენტთა მხოლოდ 1% აცხადებს, რომ ხმას ამ პარტიას მისცემდა.

„სომხეთის მერიტოკრატიული პარტია“

სლოგანი: შრომა ქმნის ძალას, ძალა ქმნის უფლებას

მიუხედავად იმისა, რომ პარტია მხოლოდ 2025 წელს დაარსდა, მან IRI- ის უახლეს, მაისში ჩატარებულ და გამოქვეყნებულ გამოკითხვაში მეოთხე ადგილი დაიკავა – რესპონდენტთა 2%-მა განაცხადა, რომ ხმას მას მისცემდა მომავალ არჩევნებში, რითაც წარუკიანის პარტიასაც კი გაუსწრო.

პარტიის თავმჯდომარე გურგენ სიმონიანი მხარს უჭერს სომხეთის გამოსვლას რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ბლოკებიდან, მათ შორის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (EAEU), კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (კუხო/CSTO/ОДКБ ) და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ), და დასავლურ ინსტიტუტებში უფრო ღრმა ინტეგრაციის მოწოდებით გამოდის.

სიმონიანი მანამდე, 2019–2020 წლებში, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს წევრი იყო. საბჭო სომხეთის მთავრობის სათათბირო ორგანოა.

პარტია „ახალი ძალა“

სლოგანი: ავაშენოთ კარგინი (სათანადო) ქვეყანა

2024 წელს დაარსებულ პარტიას ერევნის ყოფილი მერი და ცნობილი კომიკოსი ჰაიკ მარუტიანი ხელმძღვანელობს. მათი სლოგანი არის მინიშნება პოპულარულ იუმორისტულ შოუზე Kargin Haghordum – „წესიერი შოუ“, რომლის თანაავტორიც არის მარუტიანი და რომელიც ეთერში 2000-იანი წლების დასაწყისიდან გადიოდა.

მარუტიანი სომხეთის ხავერდოვანი რევოლუციის აქტიური მხარდამჭერი იყო, რის შემდეგაც იგი ერევნის მერად აირჩიეს. მაშინ ის მაშინდელი მმართველი ალიანსის, „ჩემი ნაბიჯის“ წევრი იუო. თუმცა 2021 წელს მმართველმა კოალიციამ მას უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობიდან გადააყენა, რის შემდეგაც ის ოპოზიციონერი გახდა.

მარუტიანი სათავეში ჩაუდგა პარტია „ეროვნული პროგრესს“, გახდა მმართველი „სამოქალაქო შეთანხმების“ მთავარი კონკურენტი 2023 წლის ერევნის უხუცესთა საბჭოს (საკრებულოს) არჩევნებში და მეორე ადგილიც დაიკავა. თუმცა, 2024 წლის თებერვალში იგი საბჭოდან გარიცხეს იმ ბრალდებით, რომ ძალიან ბევრ სხდომას აცდენდა. რამდენიმე თვის შემდეგ მარუტიანმა და პარტია „ეროვნულმა პროგრესმა“ თანამშრომლობა შეწყვიტეს და მარუტიანმა საკუთარი პარტია დააფუძნა.

ეს არჩევნები მარუტიანის პირველი საპარლამენტო კამპანია იქნება. მისი კამპანია დიდწილად ორიენტირებულია სატირასა და დამცინავ ვიდეოებზე, რომლებიც ძირითადად ფაშინიანის წინააღმდეგაა მიმართული. მარუტიანი უშვებს სამველ კარაპეტიანის ალიანსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

22 მაისის გამოკითხვების მიხედვით პარტია „ახალი ძალა“ საარჩევნო ბარიერს მიღმა რჩება.

„სომხეთის ეროვნული კონგრესი“

სლოგანი: გონივრული გზა სომხეთისთვის

მიუხედავად იმისა, რომ პარტიას ფორმალურად სომხეთის 81 წლის პირველი პრეზიდენტი, ლევონ ტერ-პეტროსიანი ხელმძღვანელობს, კამპანიის განმავლობაში მის მთავარი სახე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ლევონ ზურაბიანია.

პარტია 2008 წელს ჩამოყალიბდა, როგორც ოპოზიციური პარტიებისა და აქტივისტების ალიანსი, რომლებიც მხარს უჭერდნენ ლევონ ტერ-პეტროსიანს იმავე წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ხუთი წლის შემდეგ კი ის ოფიციალურად დარეგისტრირდა პარტიად. ალიანსი პარლამენტში 2012 წელს შევიდა და მის დეპუტატებს შორის ფაშინიანიც იყო, თუმცა მომდევნო საარჩევნო მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.

ლევონ ტერ-პეტროსიანი და ფაშინიანი ოდესღაც ახლო მოკავშირეები იყვნენ და ერთობლივად ხელმძღვანელობდნენ პროტესტს 2008 წლის არჩევნების შემდეგ, თუმცა მათ შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა, განსაკუთრებით 2025 წლიდან, ურთიერთბრალდებებისა და კრიტიკის ფონზე. ტერ-პეტროსიანმა ასევე მხარი დაუჭირა ეკლესიას ფაშინიანის მთავრობასთან მიმდინარე დაპირისპირებაში.

მიუხედავად იმისა, რომ მან რამდენჯერმე გამოხატა სიმპათია სამველ კარაპეტიანის მიმართ და ოპოზიციას მის გარშემო კონსოლიდაციისკენ მოუწოდა, „სომხეთის ეროვნულ კონგრესსა“ და კარაპეტიანის ალიანს „ძლიერ სომხეთს“ შორის მოლაპარაკებები შეთანხმებით არ დასრულებულა.

პარტია პირობას დებს, რომ გააგრძელებს მშვიდობის დამყარების პროცესს და ურთიერთობების ნორმალიზებას აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ასევე დანერგავს TRIPP+BRICS-ის კონცეფციას, რომლითაც, მათი აზრით, „სომხეთი დაძლევს ზღვაზე გასასვლელის არმქონის სტატუსს და გახდება სტრატეგიული საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბი“.

22 მაისის მონაცემებით, „სომხეთის ეროვნული კონგრესი“ საარჩევნო ბარიერს მიღმაა.

„ერთობის ფრთები“

სლოგანი: სამართლიანობა მოდის

2025 წელს შექმნილ პარტიას „ერთობის ფრთები“ ხელმძღვანელობს ყოფილი ომბუდსმენი არმან თატოიანი, რომელსაც ეს პოსტი 2016 წლიდან 2022 წლამდე ეკავა. იგი სომხეთში ალბათ ყველაზე პოპულარული ომბუდსმენი იყო მისი ფაქტების დადგენის საქმიანობის გამო, რომელიც 2020 წლის ომისა და შემდგომი ესკალაციების შემდეგ აზერბაიჯანის მხრიდან მიყენებულ ზარალს ეხებოდა.

2016 წლამდე თატოიანი სარგსიანის პრეზიდენტობის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდეობას იკავებდა.

მისი პარტიის წევრია სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ანანიანი, რომელსაც პოსტი ფაშინიანის მმართველობის დროს ეკავა – 2018 წლიდან 2020 წლამდე. უფრო ადრე, სარგსიანის დროს, ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო.

„ერთობის ფრთების“ საარჩევნო სიაში არიან ნაციონალისტური პარტია „შანტის ალიანსის“ წევრებიც.

პარტია აცხადებს, რომ მისი მიზანია, „ააშენოს სომხეთი ფარული დღის წესრიგის გარეშე“.

სადამკვირვებლო ჯგუფმა „სომხეთის დამოუკიდებლობის დამკვირვებლები“ პროკურტურას საჩივრით მიმართა და „დოსიეს ცენტრის“ გამოძიების საფუძველზე პარტიის უკანონო დაფინანსების მოკვლევა მოითხოვა.

„დოსიეს ცენტრი“ მიხეილ ხადარკოვსკის – რუსი ნავთობის ყოფილი მაგნატის მიერ დაფუძნებული საგამოძიებო პროექტია, რომელიც აკვირდება და ამხელს კორუფციას, უკანონო საქმიანობას და ფარულ პოლიტიკურ გავლენას, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის მთავრობასთან და მისი ოლიგარქების ქსელთან.

„დოსიეს ცენტრის“ ვარაუდით, თატოიანის პარტიას წინასაარჩევნო კამპანისთვის 5 თვის განმავლობაში 2.5 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტი ჰქონდა და კოორდინაციაში იყო კრემლთან დაკავშირებულ სტრუქტურებთან ასოცირებულ რუს პოლიტტექნოლოგებთან.

გაჟონილი დოკუმენტები აჩვენებს რუსეთის გეგმებს ფაშინიანის დამხობის შესახებ და კავშირებს კარაპეტიანსა და პუტინს შორის.

პარტია „ერთობის ფრთები“ გამოკითხვაში ამჟამად მეხუთე ადგილს იკავებს –  IRI-ის მაისის კვლევით, რესპონდენტთა 1% აცხადებს, რომ ხმას მას მისცემდა.

„ნათელი სომხეთი“

სლოგანი: დაიცავი შენი იდენტობა

„ნათელი სომხეთი“ 2015 წლის დეკემბერში დააარსა ედმონ მარუკიანმა, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია იმით, რომ 2022 წლის მარტიდან 2024 წლის თებერვლამდე სომხეთის საგანგებო დავალებათა ელჩად მსახურობდა. მან თანამდებობა დატოვა იმ მიზეზით, რომ „რამდენიმე ფუნდამენტურ საგარეო პოლიტიკურ საკითხზე შეხედულებებში სხვადასხვაობა არსებობდა“.

პარტია 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ალიანს „გამოსავალს“ შეუერთდა, რომელშიც ასევე შედიოდნენ „სამოქალაქო შეთანხმება“ და „რესპუბლიკურ პარტია“. ალიანსმა საარჩევნო ბარიერი გადალახა.

„ნათელმა სომხეთმა“ საუკეთესო შედეგს 2018 წლის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მიაღწია, როდესაც პარლამენტში დამოუკიდებლად შევიდა. თუმცა, 2021 წლის არჩევნებში მან საარჩევნო ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

თავის უახლეს კამპანიაში პარტია მხარს უჭერს მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში სახელმწიფო გადატრიალებისკენ საჯარო მოწოდების გამო გაასამართლეს. პარტია მიიჩნევს, რომ სომხეთს არ უნდა ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელსაც „არანაირი უთანხმოება არ აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და არ აბალანსებს სასამართლო და საკანონმდებლო შტოებს“. პარტია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არ წარადგენს.

22 მაისის გამოკითხვის თანახმად, პარტია „ნათელი სომხეთი“ საარჩევნო ბარიერს მიღმა იყო.

„რესპუბლიკა“

სლოგანი: შენთვის, სომხეთო, შენთვის

პარტია 2001 წელს არამ სარგსიანმა დააარსა, რომელიც მცირე ხნით, 1999–2000 წლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი იყო მისი ძმის, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვაზგენ სარგსიანის მკვლელობის შემდეგ. ვაზგენ სარგსიანი სომხეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო – მან ცენტრალური როლი ითამაშა მთიანი ყარაბაღის პირველ ომში.

2017 წელს პარტია ალიანს „გამოსავალის“ ნაწილი იყო „სამოქალაქო შეთანხმებასთან“ და „ნათელ სომხეთთან“ ერთად. 2023 წელს იგი ერევნის მმართველ კოალიციაში შევიდა „სამოქალაქო შეთანხმებასთან“ ერთად მას შემდეგ, რაც ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა უმრავლესობა საკრებულოს არჩევნებში.

პარტია ასევე იყო სამოქალაქო ინიციატივა „ევროხმის“ წევრი – ინიციატივამ 60,000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა და წარმატებით აიძულა სომხეთის პარლამენტი, 2025 წელს მიეღო კანონპროექტი, რომელიც მთავრობას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მოუწოდებს.

22 მაისის მონაცემებით, პარტია „რესპუბლიკა“ საარჩევნო ბარიერს მიღმაა.

„ყრილობა რესპუბლიკისთვის“

სლოგანი: შენი ხმა პარლამენტში

პარტია 2021 წელს დარეგისტრირდა და მას არმან ბაბაჯანიანი ხელმძღვანელობს, რომელიც პარლამენტში 2018 წელს შევიდა, როგორც „ნათელი სომხეთის“ წევრი, მოგვიანებით კი დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა.

პარტიას პროდასავლური პოზიცია აქვს. ის იყო ინიციატივა „ევროხმის“ ერთ-ერთი წევრი. „ყრილობა რესპუბლიკისთვის“ მხარს უჭერს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზებას, სომხეთის გამოსვლას რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი CSTO-დან (კუხო) და EAEU-დან და ადვოკატირეებს რუსეთთან ექსკლუზიურად „ჰორიზონტალურ“ ურთიერთობებს.

22 მაისის მონაცემებით პარტია „ყრილობა რესპუბლიკისთვის“ საარჩევნო ბარიერს მიღმაა.

„სომხეთის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“

სლოგანი: ხმა მიეცით სამართლიანობას

2021 წლის თებერვალში დაარსებულ პარტიას პოლიტოლოგი ლევონ შირინიანი ხელმძღვანელობს. იმავე წელს შირინიანი არჩევნებში ბაბაჯანიანთან ერთად მონაწილეობდა, როგორც ალიანსი „შირინიან-ბაბაჯანიანის დემოკრატები“, თუმცა კოალიციამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა და პარლამენტში ვერ შევიდა.

შირინიანი თავის პარტიას წარმოაჩენს, როგორც სომხეთის რუსულ გავლენაში დაბრუნების, ისე ქვეყნის ყოფილი „კრიმინალურ-ოლიგარქიული“ პოლიტიკური ელიტის რევანშის წინააღმდეგ მომუშავე პარტიას.

22 მაისის მონაცემებით, სომხეთის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია საარჩევნო ბარიერს მიღმაა.

დემოკრატიული პარტია „ყველას წინააღმდეგ“

სლოგანი: ყველას წინააღმდეგ

პარტია დარეგისტრირდა 2026 წლის მარტში, არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები ხნით ადრე. ის თავს ახასიათებს, როგორც ალტერნატიულ პოლიტიკურ პარტიას ალტერნატიული შეთავაზებით.

პარტიის მიზანია, ჩამოაყალიბოს 100-დღიანი მთავრობა, შეცვალოს საარჩევნო კოდექსი და გადადგომის გზით ახალი არჩევნების პროვოცირება მოახდინოს, ამასთანავე იღებს ვალდებულებას, რომ მომდევნო კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ის ამტკიცებს, რომ არსებული სისტემა უზრუნველყოფს „ერთი პარტიის აბსოლუტურ ძალაუფლებას, მიუხედავად არჩევნების შედეგებისა“. „ყველას წინააღმდეგ“ მოითხოვს სტაბილური უმრავლესობის წესის გაუქმებას, საარჩევნო ბარიერის დაწევას და ბიულეტენში პუნქტის „ყველას წინააღმდეგ“ შეტანას, რათა გარანტირებული იყოს „რეალური და არა იძულებითი არჩევანი“, ხოლო მათ მიერ მიღებული ხმები ვაკანტურ მანდატებად გადაიქცეს.

პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია უფლებადამცველი ნინა კარაპეტიანცი, რომელიც პირობას დებს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ 10 წლით ჩამოშორდება პოლიტიკას.

პარტიამ უნიკალური საარჩევნო კამპანია გამართა – ის ყველა კანდიდატის ლოგოსთვის ტალახის სროლით  დაიწყო – ეს არის მინიშნება იდიომაზე „ტალახის სროლა“, რაც ცილისწამებას ან დისკრედიტაციას ნიშნავს.

დემოკრატიული პარტია „ყველას წინააღმდეგ“ ამჟამად მეხუთე ადგილს იკავებს – რესპონდენტთა 1% აცხადებს, რომ ხმას მას მისცემდა.

პარტია „დემოკრატიული კონსოლიდაცია“

სლოგანი: ავაშენოთ სომხური სახელმწიფო

2021 წელს დაარსებულ პარტიას სურენ პეტროსიანი ხელმძღვანელობს. პეტროსიანი იყო მოძრაობა „ტავუში სამშობლოსთვის“ აქტიური მხარდამჭერი. ეს მოძრაობა 2024 წელს ეწინააღმდეგებოდა საზღვრის დელიმიტაციას ჩრდილოეთ ტავუშის რეგიონში. პეტროსიანი მოგვიანებით, 2024 წლის ივნისის შუა რიცხვებში, ფაშინიანის მთავრობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ ამ მოძრაობას ჩამოშორდა.

„დემოკრატიულ კონსოლიდაციას“ ზომიერი პოზიცია უჭირავს – მხარს უჭერს რუსეთთან ძლიერი ურთიერთობების შენარჩუნებას და ამავდროულად ევროკავშირთან და აშშ-სთან კავშირების გაღრმავებას.

22 მაისის მონაცემებით პარტია „დემოკრატიული კონსოლიდაცია“ საარჩევნო ბარიერს მიღმაა.

ეროვნული აღორძინებისა და გამოღვიძების პარტია „კოჩარი“

სლოგანი: გამარჯვება არა მხოლოდ წარსულის მოგონება, არამედ მომავლის მიზანიცაა

2026 წლის მარტში დაარსებული პარტია პირობას დებს, რომ „დაიქირავებს 50–80 ათასიან კერძო არმიას და გაათავისუფლებს არცახს [მთიან ყარაბაღს] და ნახიჩევანს“

პარტიის თავმჯდომარეა არტაკ სარგსიანი, ხოლო მისი ძმა, არმან სარგსიანი ვიცე-თავმჯდომარის პოსტს იკავებს. მედიის ინფორმაციით, ძმები, რომლებიც ცნობილი არიან როგორც „ძმები არტურები“, დიდი ხანია, ჩართულები არიან სკანდალურ პოლიტიკურ და ბიზნესსაქმიანობაში კენიასა და მალდივებზე, მათ შორის ნარკოტიკებით ვაჭრობასა და დოკუმენტების გაყალბებაში, რასაც ისინი უარყოფენ.

ძმები ასევე მხარს უჭერდნენ მოძრაობას „ტავუში სამშობლოსთვის“. 2024 წლის ივნისში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ისინი იარაღის უკანონო ფლობის ეჭვის საფუძველზე დააკავა.

22 მაისის მონაცემებით, ეროვნული აღორძინებისა და გამოღვიძების პარტია „კოჩარი“ საარჩევნო ბარიერს მიღმა იმყოფებოდა.

პარტია „დემოკრატია, კანონი და წესრიგი“

სლოგანი: დემოკრატია, კანონი და წესრიგი

პარტია 2024 წელს დაარსდა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაპირველად სამხედრო პოლიციის ყოფილი ოფიცერი ვარდან ღუკასიანი წარადგინა. თუმცა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) უარი თქვა მის რეგისტრაციაზე იმ მიზეზით, რომ მან ვერ დააკმაყოფილა კანონოთ გათვალისწინებული მოთხოვნები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში მუდმივი ცხოვრებისა და მოქალაქეობის შესახებ. გაურკვეველია, პარტია სხვა კანდიდატს წარადგენს თუ კვლავ გააგრძელებს ღუკასიანის მხარდაჭერას.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სახელებული ვარდან ღუკასიანმა პოპულარობა სოციალურ ქსელებში პირდაპირი ჩართვებით მოიპოვა, სადაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და პირების შესახებ სკანდალურ და გაჟონილ ინფორმაციას აქვეყნებდა. სომხეთში იგი 2023 წლის მაისიდან იძებნება გამოძალვის, სასამართლოს უპატივცემულობისა და ძალადობისკენ საჯარო მოწოდებების ბრალდებით. ამჟამად ის აშშ-ის ციხეშია საიმიგრაციო წესების სავარაუდო დარღვევის გამო.

ღუკასიანი მანამდე ხელმძღვანელობდა პარტია „საზოგადოებრივ ხმას“, რომელმაც ერევნის 2023 წლის საკრებულოს არჩევნებში ხმების დაახლოებით 10% და შვიდი მანდატი მოიპოვა. „საზოგადოებრივი ხმა“ დაესწრო საბჭოს პირველ სხდომას, რითაც ხელი შეუშალა ოპოზიციის ბოიკოტს. ოპოზიციური პარტიები რომელიც ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ. ღუკასიანმა პარტია 2024 წლის იანვარში დატოვა.

პარტია „დემოკრატია, კანონი და წესრიგი“ გამოკითხვის თანახმად მეხუთე ადგილზეა – რესპონდენტთა 1% აცხადებს, რომ ხმას მას მისცემდა.

ალიანსი „ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსი“

სლოგანი: რწმენა, სამშობლო, სუვერენიტეტი მოქმედებაში

2020 წლის მაისში დაარსებული პარტია დიდწილად შედგება „სასნა წრერის“ (სასუნელი გაბედულები) წევრებისგან – მთიანი ყარაბაღის ომის ვეტერანთა ჯგუფისგან, რომლებმაც 2016 წლის ივლისში ერევანში პოლიციის შენობა შტურმით აიღეს, მძევლები აიყვანეს და მოსახლეობას ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდეს. მაშინ ორი პოლიციელი დაიღუპა.

ალიანსმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ვარუჟან ავეტისიანი დაასახელა, რომელიც 2016 წლის მოვლენების გამოა მსჯავრდებული.

პარტიის პლატფორმა ეფუძნება სომხეთის პირველი რესპუბლიკისგან სამართალმემკვიდრეობის პრინციპს, რაც მოიცავს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას „არცახის [მთიანი ყარაბაღის] ჩათვლით“ და საბჭოთა პერიოდის, როგორც „ოკუპაციის“ შეფასებას.

22 მაისის მონაცემებით, ალიანსი „ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსი“ საარჩევნო ბარიერს მიღმაა.

რეფორმისტების პარტია

სლოგანი: უსაფრთხოება და განვითარება

პარტიას ვაღარშაკ ჰარუთიუნიანი ხელმძღვანელობს, რომელსაც 1991 წლიდან 2000 წლამდე სომხეთის უსაფრთხოების სტრუქტურებში მაღალი თანამდებობები ეკავა, მათ შორის თავდაცვის მინისტრის პოსტი. ფაშინიანის დროს იგი მცირე ხნით, 2020 წელს, მთავარი მრჩევლის თანამდებობას იკავებდა, რის შემდეგაც იმავე წელს კვლავ თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. შემდგომში იყო სომხეთის ელჩი რუსეთში 2022 წლიდან 2024 წლამდე (გაწვევამდე).

პარტია 2016 წელს ვაჰან ბაბაიანმა დააარსა, რომელიც „აყვავავებული სომხეთის“ ყოფილი დეპუტატი იყო. თუმცა, 2017 წელს ბაბაიანმა მხარი დაუჭირა სარგსიანსა და მაშინდელ მმართველ „რესპუბლიკურ პარტიას“.

მათი მიზანია ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის მიღება და საკონსტიტუციო ცვლილებების გზით პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების მხოლოდ ერთი ვადით შეზღუდვა.

22 მაისის მონაცემებით, „რეფორმისტების პარტია“ საარჩევნო ბარიერს მიღმაა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.