სომხეთში ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე გამოძიება დაიწყეს

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

სომხეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ეჭვით გამოძიება დაიწყეს. საქმე ეხება ისტორიული ძეგლის, „შავი ციხის“გაყიდვას სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა სარგსიანი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო.

თუ მას ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ და სასამართლო დამნაშავედ ცნობს, სარგსიანს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მოპოვებულია პირველადი მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც, 2005 წლის მაისში სარგსიანმა პირდაპირი წესით გასცა ნებართვა ეროვნული მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლის, „შავი ციხის“ გაყიდვაზე, რომლის ფართობიც 626.45 კვადრატული მეტრია. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მან ასევე ნებართვა გასცა 0.7 ჰექტარი მიწის ნაკვეთის კერძო პირისთვის მიყიდვაზე – ორივე ერთად 23 მილიონ დრამად გაიყიდა რაც დაახლოებით 63 000 აშშ დოლარია.

გამოძიების მტკიცებით, გარიგება მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელდა. შედეგად, სახელმწიფომ დაკარგა საკუთრება ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლზე, რომელიც მოგვიანებით, 2007 წელს, მთავრობის იმ ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიიდანაც ამოიღეს, რომლებიც პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა.

საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მოგვიანებით ციხესიმაგრე და მიმდებარე მიწის ნაკვეთი გიუმრის ყოფილ მერს, სამველ ბალასანიანის ოჯახს გადაეცა.

ეს არ არის სისხლის სამართლის პირველი საქმე, რომელიც სარგსიანის წინააღმდეგ დაიწყო მას შემდეგ, რაც 2018 წელს სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუცია“ მოხდა და მას ხელისუფლების დატოვება მოუწია.

სერჟ სარგსიანს სომხეთის პრეზიდენტის პოსტი 2008-2018 წლებში ეკავა, რის შემდეგაც მცირე ხნით პრემიერ-მინისტრიც იყო. მისი მმართველობის პერიოდი კორუფციის არაერთი ბრალდებით იყო გამორჩეული, რაც 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა და მისი ხელისუფლების დასრულებაც გამოიწვია.

ბოლო ბრალი მას 2025 წლის ივლისში წარუდგინეს ქრთამის აღებისა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით. დანაშაული, სავარაუდოდ, 2006-2015 წლებშია ჩადენილი, როდესაც სარგსიანი თავდაცვის მინისტრის, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის თანამდებობებს იკავებდა.

რამდენიმე თვით ადრე პროკურატურამ სარგსიანი დაადანაშულა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებაში, რათა ხელი შეეწყო უცნობი კომპანიის ყველა აქციის სომხეთში რეგისტრირებულ უცხოურ კომპანიაზე გასხვისებისთვის. გამოძიების ვერსიით, სავარაუდო ქრთამი 2008 წლის თებერვალსა და აპრილში, სარგსიანის იმდროინდელი მაღალი რანგის თანაშემწის დახმარებით გადაირიცხა.

2025 წლის მარტში სომხეთის ექსპრეზიდენტს ბრალი კიდევ ერთ საქმეზე წარუდგინეს. საქმე ეხება ერევანში, ისაკოვის გამზირისა და სამხედრო პანთეონიერაბლურის“ მიმდებარე მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად უკანონო გასხვისებას. გავრცელებული ინფორმაციით, მას ედავებიან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების მითვისების 18 ეპიზოდს, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდს, ფულის გათეთრების ხელშეწყობის სამი ეპიზოდს და ფულის გათეთრებას. მას ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა.

2025 წლის აპრილში სომხეთის ანტიკორუფციულმა სააპელაციო სასამართლომ გააუქმა სარგსიანის გამამართლებელი განაჩენი სხვა საქმეზე, რომელიც 2013 წლის ფერმერთა საწვავით სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამიდან 490 მილიონ დრამზე (დაახლოებით 1.2 მილიონი აშშ დოლარი) მეტი საბიუჯეტო თანხის სავარაუდო მითვისებას ეხებოდა და საქმის ხელახალი განხილვა დანიშნა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.