რუსეთმა სომხური წყლისა და უალკოჰოლო სასმელების 70 000 ბოთლის იმპორტი აკრძალა

პუბლიკა

ანი ღულინიანი

რუსეთმა ჯანმრთელობისთვის სავარაუდო საფრთხეებისა და პროდუქტის სტანდარტებთან შეუსაბამობის საბაბით სომხეთიდან იმპორტირებული 70 000-ზე მეტი ბოთლი წყლისა და უალკოჰოლო სასმელების რეალიზაცია აკრძალა. აკრძალვა შეეხო, მათ შორის, მინერაულ წყალ Bjni-ს , ბუნებრივ სასმელ წყალ Prosto Azbuka-ს და უალკოჰოლო გაზიან სასმელ Mohito-ს. 

იმპორტის აკრძალვა რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის – როსპოტრებნადზორის განკარგულებით ამოქმედდა.

სომხეთის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სამსახურმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ როსპოტრებნადზორისგან ოფიციალურ განმარტებას ჯერ კიდევ ელოდება.

ეს მოსკოვის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების მორიგი შემთხვევაა, რომელიც რუსეთის მხრიდან სომხეთზე ეკონომიკური ზეწოლის ნაწილია 2026 წლის ივნისში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.

მაისის ბოლოს რუსეთმა სომხეთიდან გარკვეული სახეობის კენკრისა და ახალი ბოსტნეულის იმპორტი შეზღუდა. მანამდე კი რამდენიმე სომხური მწარმოებლის ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია შეაჩერა იმ მიზეზით, რომ ისინი „სავალდებულო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდნენ“. გარდა ამისა, რუსეთმა სრულად აკრძალა სომხური მინერალური წყალი Jermuk-ის იმპორტი და გაყიდვა.

რუსეთმა და ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა (EAEU) არაერთხელ და ღიად გააფრთხილეს სომხეთი იმ შედეგების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ორგანიზაციის დატოვებას მაშინ, როდესაც ერევანი დასავლეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს.

სავაჭრო შეზღუდვების მიღმა რუსეთმა სხვა მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებშიც მიანიშნა შესაძლო შედეგებზე, რომელთა წევრიც სომხეთია. 4 აგვისტო  კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო/ ОДКБ) რუსეთის წარმომადგენელმა ვიქტორ ვასილიევმა განაცხადა, რომ 11 ნოემბერს მოსკოვში დაგეგმილ სამიტზე, სავარაუდოდ, განიხილავენ სომხეთისთვის ხმის უფლების შეჩერებას საწევრო შენატანების გადაუხდელი გამო.

თუმცა მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად ორგანიზაციის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. სომხეთმა საწევრო გადასახადების გადახდა 2025 წელს შეწყვიტა, ხოლო 2024 წლის თებერვლიდან ОДКБ-ში მონაწილეობა გაყინა. სომხეთი ორგანიზაციას ადანაშაულებს იმაში, რომ მან 2022 წელს, სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეჭრის შემდეგ, ქვეყანას სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა არ აღმოუჩინა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.