ირაკლი ღარიბაშვილმა Facebook-ზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა.
მან თქვა, რომ „ქართული ოცნება“ 75 წლის მამის დაპატიმრებით აშანტაჟებს.
გარდა ამისა, ექსპრემიერმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კომენტარებს მის შესახებ ცრუ და ცილისმწამებლური უწოდა და ხაზი გაუსვა „აღვირახსნილ პროპაგანდას სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ მედიაში“. მან ასევე მიმართა მამუკა მდინარაძეს, „შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას“.
გთავაზობთ მის პოსტს სრულად:
„მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, მათი ექსპერტების ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებები. ვუყურებ აღვირახსნილ პროპაგანდას სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ მედიაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო და მათი მიზანიც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სულ ტყუილად წვალობთ. ეს წერილი მდინარაძემ თავისი ახლო მეგობრის ხელით გადასცა ჩემი ოჯახის წევრს. ის ადამიანი აბსოლუტურად შემთხვევით აღმოჩნდა ამ შარში, ამიტომ, შეგნებულად არ ვასახელებ მის სახელსა და გვარს. რაც შეეხება მდინარაძეს, მას თუ არ სურს უდანაშაულო ადამიანების დაზიანება, შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა.
საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ უკვე რვა თვეა მდუმარედ ვზივარ ციხეში. არავის ჩემი ერთი სიტყვა არ სმენია საჯაროდ. არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ახლა მივმართავ ხელისუფლებას: თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ, სახლში შემომივარდით როგორც ყაჩაღსა და ბოროტმოქმედს, ამიწიოკეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები, სახლში შეუვარდით დედაჩემსა და მამაჩემს, ჩემს სიმამრსა და სიდედრს… მთელი ეს საშინელი ტკივილი და ტრაგედია, ყველაფერი მოთმინებით და მდუმარებით, ჩემს გულში დავიტიე, ბიძინა ივანიშვილთან ჩემი ოცწლიანი ურთიერთობის გამო, ჩემი მისდამი უდიდესი სიყვარულის, პატივისცემის, უსაზღვრო მადლიერებისა და აბსოლუტური ერთგულების ძალით… აგრეთვე ჩემი პოლიტიკური ოჯახის, გუნდისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამო, უსიტყვოდ ვიტვირთე მთელი ეს სიმძიმე და საკუთარი ფეხით წავედი თქვენს მიერ მოწყობილ დაუნდობელ სამსხვერპლოზე.
შედეგად, ხუთი წლის ვადით გამიშვით ციხეში, გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეჭვების გამო. აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიმეტეთ და გამწირეთ ციხისთვის.
ახლა ციხეშიც არ მასვენებთ, მომადექით ამ წერილით და ითხოვთ კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით, რომ თქვენს მიერ შემოთვლილი ერთპროცენტიანი რისკიც დააზღვიოთ, რომ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოვშორდე.
ამ ყველაფერს თან ახლდა ამორალური შანტაჟი და ზეწოლა – უკვე მეორედ მინიშნება ჩემი სამოცდათხუთმეტი წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით. თქვენ შეეხეთ ჩემი გულისა და სულის ისეთ შრეებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით „ამაფეთქეთ” და სხვა გზა არ დამიტოვეთ…
მე არავის არ ვებრძვი, მე ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს; ამიტომ, თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ.
რაც შეეხება თქვენს მიერ ორგანიზებულ უღირს და ცილისმწამებლურ კამპანიას სოციალურ ქსელებში თუ ტელევიზიაში, თქვენი ექსპერტების და სპიკერების ცრუ მოსაზრებებს და ნარატივებს, მე ერთს გეტყვით: ფრთხილად იყავით – მალე შეგრცხვებათ თქვენივე განცხადებების, როდესაც ჩემს სიმართლეს გაიაზრებთ. თქვენ ყველა კარგად მიცნობთ;
მე ისევ ის ირაკლი ღარიბაშვილი ვარ, ვინც ვიყავი, ისევ იმ სუფთა გულით ვარ, რა გულითაც და როგორი ერთგულებითაც ვემსახურე ჩვენს სამშობლოს, თქვენ ყველასა და მთელ გუნდს. სულ ტყუილად და უსუსურად წვალობთ, რომ ჩემგან გამოიყვანოთ ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატე.
მე „ბილწთ არ შევეკვრი ზავითა”… არასოდეს წავსულვარ და არც წავალ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ გაჩერდით და დადუმდით! და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო: მე არავის არ ვებრძვი და არც არავის წინააღმდეგ ვიბრძვი; მე მხოლოდ ჩემს საკუთარ თავს და ოჯახს ვიცავ”.
17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ „დღეიდან მისი და ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.
მანვე თქვა, რომ წერილი მას ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაუგზავნეს და მისთვის უცნობ კორუფციულ საქმეზე აღიარებითი ჩვენების მიცემა შესთავაზეს, ასევე შეთანხმების სანაცვლოდ ღარიბაშვილს უარი უნდა ეთქვა პოლიტიკაში დაბრუნებაზე.
2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
2026 წლის იანვარში ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მას სასჯელის სახედ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით.
ღარიბაშვილის უფლებადამცველი, ლილი გელაშვილი ოქტომბერში ამბობდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი დაუსაბუთებელი შემოსავლის გამო წარედგინა და უკანონო შემოსავლების მიღება არ ნიშნავს კორუფციის აღიარებას.