სომხეთის პარლამენტში სპიკერმა ოპოზიციონერ დეპუტატს მიკროფონი გაუთიშა, რასაც ჩხუბი მოჰყვა

პუბლიკა

ავტორი: ანი ღულინიანი

სომხეთის პარლამენტში დღეს, 6 ოქტომბერს, დაძაბულ სხდომაზე მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმებასა“ და ოპოზიციური „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. 

დაპირისპირებამდე ცოტა ხნით ადრე პარლამენტის სპიკერმა რუბენ რუბინიანმა დეპუტატ ედგარ ღაზარიანს მიკროფონი გაუთიშა მას შემდეგ, რაც მან მთავრობის მიერ შაქის ინციდენტის მართვა გააკრიტიკა. რუბინიანის თქმით, ღაზარიანის გამოსვლა სხდომის დღის წესრიგს არ უკავშირდებოდა.

„სამოქალაქო შეთანხმებისა“ და „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათ გასაშველებლად უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს, თუმცა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ჩხუბი სხდომათა დარბაზის გარეთ, დერეფანში გაგრძელდა. თავად რუბინიანი დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა.

სხდომა თავიდანვე დაძაბული იყო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რუბინიანი პარლამენტის არაეფექტიან მართვაში დაადანაშაულეს. მათ გააკრიტიკეს, ერთი მხრივ, შაქის ინციდენტის მიმართ, მათი შეფასებით, არასაკმარისი ყურადღება – 1 ოქტომბერს აზერბაიჯანელი ჯარისკაცი უკანონოდ შევიდა სომხეთის ტერიტორიაზე და სოფელში ქალი დაჭრა; და, მეორე მხრივ, ეკლესიაში არსებული „კრიზისის“ შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს უკანასკნელი არაკონსტიტუციურია.

სომხეთის პარლამენტმა სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში არსებული სავარაუდო კრიზისის შესასწავლად საგამოძიებო კომისია შექმნა. კანონის თანახმად, კომისია დეპუტატების სულ მცირე მეოთხედის მოთხოვნის საფუძველზე შეიქმნა. ინიციატივა მმართველ პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ ეკუთვნის.

დაძაბულობა სხდომის დაწყებისთანავე შეინიშნებოდა. „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატმა ღაზარიანმა რუბინიანი გააკრიტიკა იმის გამო, რომ დღის წესრიგში არ შეიტანა მის მიერ წარმოდგენილი საკითხი, რომელიც პარლამენტის სპიკერის თანამდებობიდან მისი გადადგომის საკითხის განხილვას ითვალისწინებდა. მან ასევე გააკრიტიკა რუბინიანი რამდენიმე სხდომის გაცდენის გამო.

„ამ პერიოდში თქვენ მიერ ადგილი ჰქონდა არაკონსტიტუციურ საქმიანობას და არ მოგვეცით საშუალება, კანონის საფუძველზე ორგანიზება გაგვეწია პარლამენტის რეგულარული სამუშაო პროცესისთვის. ჩემი აზრით, ეს დანაშაულია, ისევე როგორც სახელმწიფო რესურსების ფლანგვა და სხვა პრობლემების შექმნა. შეგვიძლია თუ არა, ველოდოთ, რომ ამ ოთხდღიანი სხდომების განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ პარლამენტის სპიკერის შეცვლის საკითხი?“ – თქვა ღაზარიანმა.

რუბინიანმა მისი შესაძლო გადადგომის საკითხის განხილვაზე უარი თქვა და არ უპასუხა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას სხდომებზე არდასწრებასთან დაკავშირებით. ამის ნაცვლად, მან საუბარი ოპოზიციურ პარტია „ძლიერ სომხეთზე“ გადაიტანა და მისი კრიტიკა დაიწყო.

მოგვიანებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა მარიანა ღაჰრამანიანმა რუბინიანს შაქის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადების გაკეთება მოსთხოვა.

პასუხად რუბინიანმა განაცხადა, რომ საზღვრის უკანონო გადაკვეთაც და ქალისთვის სროლაც უკანონო ქმედებები იყო. ღაჰრამანიანმა განაცხადა, რომ მისგან სამართლებრივის ნაცვლად პოლიტიკური განცხადების გაკეთებას ელოდა და ჰკითხა, აზიანებდა თუ არა ეს ინციდენტი მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ მიერ წარმოებულ სამშვიდობო პროცესს.

„მშვიდობა რომ არ ყოფილიყო, აზერბაიჯანული მხარე არასდროს დაუკავშირდებოდა სომხურ მხარეს იმის სათქმელად, რომ ჯარისკაცი დაკარგული იყო და არ იკითხავდა, ხომ არ იმყოფებოდა ის სომხეთის მხარეს. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ჯარისკაცები აზერბაიჯანის მხარეს აღმოჩენილან, ან პირიქით, და ჩვენ ერთმანეთი შეგვიტყობინებია, ჯარისკაცი გვიპოვია და დაგვიბრუნებია“, – განაცხადა რუბინიანმა.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მათ ჯარისკაცის „უცნობ ვითარებაში“ გაუჩინარების შესახებ შეატყობინა. უწყების ცნობით, ამის შემდეგ ორმა სამსახურმა ჯარისკაცის მოსაძებნად ერთობლივი სამძებრო ოპერაცია დაიწყო.

„ძლიერი სომხეთის“ დეპუტატმა ტიგრან აბრაამიანმა განაცხადა, რომ ფრაქცია შაქის ინციდენტისა და არასაბრძოლო ვითარებაში ჯარისკაცების დაღუპვის საკითხების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვა.

დაძაბულობა მოგვიანებით კიდევ უფრო გამწვავდა. სხდომის მიმდინარეობისას, ღაზარიანის გამოსვლის დროს, რუბინიანმა მას სიტყვა შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ მისი განცხადებები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს არ უკავშირდებოდა, რის შემდეგაც მიკროფონი გაუთიშა.

ღაზარიანმა განაცხადა, რომ სწორედ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე საუბრობდა და მოითხოვა მისთვის გამოყოფილი დროის აღდგენა.

„თუ ბატონი ღაზარიანი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე ისაუბრებს, მიკროფონს ჩავურთავ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გამორთული დარჩება“, – განაცხადა რუბინიანმა და პარლამენტის რეგლამენტზე მიუთითა.

მოგვიანებით მიკროფონი კვლავ ჩართეს, თუმცა მალევე ისევ გათიშეს. მას შემდეგ, რაც ღაზარიანი საკუთარ ადგილს დაუბრუნდა, ორივე მხარის დეპუტატებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის გამო რუბინიანმა შესვენება გამოაცხადა.

შესვენების შემდეგ რუბინიანმა ღაზარიანი სხდომების სისტემატურად ჩაშლაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მსგავსი ქცევის გაგრძელების შემთხვევაში მას დარბაზიდან გააძევებდა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.