სტუდენტები თითქოს სუფთა ტილოს ჰგვანან

პუბლიკა

როგორ შეძლეს სტუდენტებმა სერბეთში ალექსანდარ ვუჩიჩის მრავალწლიანი, შეიძლება ითქვას, ავტორიტარული რეჟიმის არჩევნებით შეცვლა? ვუჩიჩის დამარცხება სერბებმა აქამდე უკვე რამდენჯერმე სცადეს. ყოფილა არჩევნებიც და ქუჩის პროტესტიც, ყველაფერი უშედეგოდ სრულდებოდა. რა შეიცვალა სერბების პოლიტიკურ კულტურასა და ცნობიერებაში ახლა? „პუბლიკა“  ბელგრადის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალური თეორიების ინსტიტუტის მკვლევარს, ალექსანდრა კნეჟევიჩს ესაუბრა.

„როგორ შეძლეს სტუდენტებმა ხალხის ასეთი უზარმაზარი ძალის მობილიზება?! ვფიქრობ, მიზეზი საკმაოდ მარტივია და თან უკიდურესად რთული. მიზეზი ის არის, რომ მათ წარმოადგინეს იდეა, აჩვენეს გზა და საზოგადოებას შესთავაზეს გარკვეული პრინციპები, პოლიტიკა, რომელიც ხალხმა სანდოდ, საიმედოდ და კეთილსინდისიერად მიიჩნია.

სწორედ ეს განასხვავებს ამ საარჩევნო ციკლს წინა, 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან, რადგან მაშინ ოპოზიციურ პარტიებს ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა იმიტომ მისცა, რომ ნაკლებ ბოროტებად აღიქვამდა. ვფიქრობ, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სერბმა ამომრჩეველმა რეალური არჩევანი გააკეთა, ხმა მისცა მას, ვინც სურდა და არა უბრალოდ „ნაკლებ ბოროტებას“.

ასევე გამოსაყოფია წინასაარჩევნო დინამიკაც. ამ არჩევნების წინ ხალხის არამხოლოდ ხმის მისაცემად მობილიზება მოხდა, არამედ ეს მოქალაქეები თავად იყვნენ საარჩევნო პროცესში ჩართული. ყველა იყო ჩართული, ყველა იცავდა საკუთარ და ასევე თავისი მეგობრების, მეზობლებისა და ზოგადად, საზოგადოების ხმას.

საპირისპიროდ, ჩემს პერსონალურ მაგალითზე დაყრდნობით გეტყვით, რომ მაგალითად, ჩემი ბებია და ბაბუა, რომლებიც წარსულში სულ ვუჩიჩს უჭერდნენ მხარს, ამჯერად სახლში დარჩნენ და თუ „სტუდენტური სიისთვის“ ხმა არ მიუციათ, ვუჩიჩის მხარდაჭერისგანაც შეიკავეს თავი. ასე რომ, ყველაფერი იცვლება.

აღსანიშნავია, რომ ეს ყოფილა სტანდარტული არჩევნები. ახლა ჩვენ, სერბები პოლიტიკას არ ვაკეთებთ, უბრალოდ ვცდილობთ, როგორმე დავიბრუნოთ ძალაუფლება და შემდეგ მთელი ჩვენი შრომა ინსტიტუტების აღდგენას მოვახმაროთ. როდესაც ეს ინსტიტუტები გვექნება, მერე უკვე შევძლებთ პოლიტიკის კეთებას.

ამის გამოძახილია – „სტუდენტური სიაც“, რომელიც სტუდენტური პროტესტის ფონზე შეიქმნა და ძირითადად, პროფესიული კეთილსინდისიერების ნიშნით დაკომპლექტებულ გუნდს წარმოადგენს. არჩევნების მსგავსად არც ეს მოძრაობაა სტანდარტული პარტია. 

„სტუდენტური სია“, რომელიც 250 წევრისგან შედგება, იდეოლოგიურად ძალიან მრავალფეროვანია. იმდენად, რომ ლიბერალი ან მემარცხენე ადამიანების გარდა, იქ არიან ნაციონალისტებიც – ტრადიციული, პატრიარქალური ღირებულებებით და არიან ულტრამემარჯვენე ადამიანებიც ანტიიმპერიალისტური შეხედულებებით. ახლა ისინი ერთად არიან, ყოველგვარი წყენის გარეშე მუშაობენ გვერდიგვერდ, რადგან ხედავენ სახელმწიფო ინსტიტუტების აღდგენის აუცილებლობას. შემდეგ, როცა ამას მივაღწევთ, ჩვენ შევძლებთ პოლიტიკის კეთებას სათანადო პოლიტიკური ბრძოლით.

ამრიგად, ამ ჰორიზონტალური ორგანიზაციისა და ჰორიზონტალური სტრუქტურის ქონით, მათ მოახერხეს ერთად დარჩენა და საკუთარი თავის ერთიან ფრონტად წარმოჩენა სრულიად ულიდეროდ.

როდესაც „სტუდენტური სია“ ჩამოაყალიბეს, ამ სიის შექმნისა და მასში ადამიანების შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო ისეთი ადამიანების შერჩევა, რომლებიც მზად იქნებოდნენ, რომ მიეღოთ სტუდენტური მოძრაობის სტრუქტურა.

„სტუდენტურ სიაში“ პირველი პირი, ილია სრდანოვიჩი ამბობს – „მე ვარ პირველი თანასწორთა შორის“. „სტუდენტური სიის“ შიგნით პოლიტიკას ზუსტად ისევე აწარმოებენ, როგორც სტუდენტები საკუთარ მოძრაობაში – დემოკრატიულად, მსჯელობისა და ხმის მიცემის გზით. სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მარკაც ეს იყო – ყველა მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღება დემოკრატიულად, სტუდენტურ პლენუმებზე ხმის მიცემის გზით.

ამიტომ სერბეთის შემთხვევაში, რომელშიც მოქალაქეები ხანგრძლივი პაციფისტური და ფართოდ გაშლილი მოძრაობით დაუპირისპირდნენ ვუჩიჩის ავტორიტარულ სისტემას, ლიდერის გარეშე ბრძოლა წარმატებული აღმოჩნდა. ამან გარკვეულწილად ბზარიც გააჩინა ჩვენს პოლიტიკურ კულტურაში. 

ჩვენ მიჩვეული ვიყავით მთელი პასუხისმგებლობის იმ ადამიანებზე გადაბარებას, რომლებიც იერარქიაში უფრო მაღლა იდგნენ. ახლა კი მოულოდნელად ეს პოლიტიკური კულტურა ნგრევას იწყებს. რადგან არ არსებობს ლიდერი, მე უნდა ავიღო საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა. მე თავად უნდა მივიღო მონაწილეობა პოლიტიკურ და სოციალურ ცვლილებებში, რათა ეს ცვლილება საერთოდ მოხდეს.

ეს ბევრად უფრო ღრმა პროცესია. რა თქმა უნდა, სტუდენტური მოძრაობის მთავარი მიზანი, ან როგორც გნებავთ ისე უწოდეთ, სტუდენტური მოძრაობის პოლიტიკური არტიკულაცია – მოქმედი მთავრობის შეცვლა და ინსტიტუციების აღდგენაა. მაგრამ ვფიქრობ, ამ მოძრაობას შეიძლება უფრო ღრმა შედეგებიც ჰქონდეს ჩვენს პოლიტიკურ ცნობიერებაში.

ჩვენ უკვე ვხედავთ პოლიტიკური კულტურის ცვლილებას. იმ გაგებით, რომ გვყავს აქტიური მოქალაქეები, აქტიური მუშები, აქტიური დედები, აქტიური თინეიჯერები, რომლებსაც ესმით პოლიტიკის მნიშვნელობა საკუთარ ცხოვრებაში, არა მხოლოდ საჯარო, პირად ცხოვრებაშიც კი.

გასული 10 და მეტი წლის განმავლობაშიც კი ვამბობდით, რომ შესაძლებელია ცვლილებების მიღწევა, მაგრამ აქამდე ეს არ მომხდარა. და ჩემი თაობა, ვფიქრობ, ძალიან აპოლიტიკური და აპათიურია. მათ აქვთ სამყაროს განსხვავებული ხედვა. ახლა კი ახალგაზრდებმა საკუთარი თავი კარგ მაგალითად წარმოაჩინეს და ჩვენც ვენდეთ მათ.

სწორედ ისაა მთავარი, რომ სტუდენტები მზად იყვნენ, შემოეთავაზებინათ იდეა. მათ წარმოადგინეს ალტერნატივა, რომელიც იყო გონივრული და გამომდინარეობდა მათი გულწრფელი აღშფოთებიდან ნოვი-სადში მომხდარის გამო. ასე რომ, არ ვფიქრობ, თითქოს სერბები დიდად განვსხვავდებით ქართველებისგან, ან ჩვენი კულტურა იყო რამით განსხვავებული. 

ცვლილებები კი მოჰყვა ნდობას. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სტუდენტებთან ურთიერთობაში. მათ არაორდინალური რაღაცები გააკეთეს, ექსპერიმენტები ჩაატარეს დემოკრატიაზე, პოლიტიკაზე. ისინი იყვნენ უკიდურესად გაბედულები, შეუპოვრები და თავდაჯერებულები, როგორც ერთიანი კოლექტიური ორგანიზმი.

ასე რომ, რადგან ჩვენ მოგვთხოვეს პოლიტიკის კეთება ისეთი გზით, რომელიც უცნობი და გაურკვეველი იყო, ამიტომ უნდა გამოგვეჩინა ნდობა სტუდენტების მიმართ. უნდა გვქონოდა ნდობა არა მათი, როგორც ინდივიდების მიმართ, არამედ იმ დემოკრატიული პროცესის მიმართ, რომელიც სტუდენტებმა თავიანთ სტუდენტურ პლენუმებზე ააშენეს.

რატომ წააგო ვუჩიჩმა? ვფიქრობ, ადამიანების უმრავლესობა ვუჩიჩს გარკვეული, კონკრეტული მოსაზრებით აძლევდა ხმას. მაგალითად, პენსიონერები. ისინი ვუჩიჩს ხმას იმის გამო აძლევდნენ, რომ მან მათ თითქოს სტაბილურობის განცდა გაუჩინა. თუკი ვუჩიჩი იქნება, არაფერი დაემუქრება პენსიებსაც, სწორედ ამაზე აგებდა ის თავის წინასაარჩევნო პოლიტიკას.

ასევე არიან ძალიან ღარიბი ადამიანებიც, რომლებსაც არ აქვთ პრივილეგია, იფიქრონ პოლიტიკაზე და ცვლილებებზე. ისინი კომუნალური გადასახადების გადახდასა და სახლში საჭმლის მიტანაზე ფიქრობენ.

ვუჩიჩს ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსი და კონტროლი მედიაზე. ის ქმნიდა დაპირისპირებას და აღრმავებდა პოლარიზაციას. მან შექმნა კულტურა, რომელშიც მისთვის ძალიან მარტივი იყო ხმების სხვადასხვა გზით მოპარვა.

სტუდენტებმა კი შემოგვთავაზეს რაღაც ტრანს-იდეოლოგიური. ახლა ადამიანები, რომლებიც არიამ ანტინაციონალისტები და ნაციონალისტები, ერთსა და იმავე სიას აძლევენ ხმას. ეს აქამდე არასდროს მომხდარა. სხვადასხვა იდეოლოგიური პლატფორმის პარტიები ვერასდროს ახერხებდნენ გაერთიანებას, ამიტომ ვუჩიჩიც წარმატებას აღწევდა.

ხალხს კი სჭირდებათ, დაინახონ არა მხოლოდ ის, რომ კარგი ადამიანი ხარ, არამედ დაინახონ, რომ მართლაც შეგიძლია დიდი ცვლილებების მოტანა. ვფიქრობ, ახლა წარმომადგენლობითი დემოკრატიის გლობალური კრიზისია, ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა სერბეთში.

ოპოზიციური პარტიების მიმართ იყო უნდობლობა, რადგან ხალხი თითქოს ვერ გრძნობდა, რომ პარტიები, რომლებსაც ხმას აძლევდნენ, მათ სათანადოდ წარმოადგენდნენ. სტუდენტებთან და „სტუდენტურ სიასთან“ ერთად სწორედ ეს ბარიერი დაირღვა. „სტუდენტურ სიაში“ ვხედავთ ხალხს ყველა კლასიდან. არ ჩანს დაყოფა მუშათა კლასსა და ელიტას შორის. სიის წევრები იქ კონკრეტული სფეროს ცოდნითა და კონკრეტული პირობებით მოხვდნენ.

სტუდენტები თითქოს სუფთა ტილოს ჰგვანან. როგორც ვთქვი, ეს არაა პარტია საკუთარი იდეოლოგიითა და პრინციპებით, პროგრამა კი უბრალოდ საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემებს ასახავს. ის დაფუძნებულია რეალურ გამოცდილებაზე, ყველა ჩვენგანის, როგორც ინდივიდების, ისე მთლიანად საზოგადოების გამოცდილებაზე. ამრიგად, საზოგადოებასა და მის პოლიტიკურ წარმომადგენლებს შორის არსებული ეს ბარიერი დაინგრა.

ამიტომ ვამბობ, რომ სტუდენტური მოძრაობა თითქოს სუფთა ტილოა. შეგიძლიათ მასზე თქვენი საჭიროებების პროეცირება მოახდინოთ და შემდეგ გქონდეთ იმედი, რომ ეს საჭიროებები დაკმაყოფილდება; ყოველ შემთხვევაში, ისინი გულწრფელად გააკეთებენ მაქსიმუმს თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.