გიორგი ბუტიკაშვილი
რუსეთს შეუძლია აფხაზეთში რკინიგზის აღდგენა, საბაჟო ტერმინალების აშენება და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, მაგრამ სომხეთამდე და ირანამდე აფხაზეთის გავლით საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანს საქართველოს თანხმობის გარეშე ვერ აამოქმედებს. ამიტომ მოსკოვისთვის გადამწყვეტი მხოლოდ აფხაზეთის კონტროლი არ არის. მას თბილისის პოლიტიკური გადაწყვეტილებაც სჭირდება. სწორედ ამ კონტექსტში ჩნდება კითხვა, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეს ბევრად უფრო ფართო გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს: შეიძლება თუ არა ამ პროცესმა შექმნას პოლიტიკური საფუძველი რუსეთთან ურთიერთობების ახალი ეტაპისთვის, რომლის ერთ–ერთი შესაძლო შედეგიც აფხაზეთის გავლით საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის გახსნა იქნება?
ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ პარტიების აკრძალვის პროცესი კონკრეტულად ამ სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას ემსახურება. თუმცა რამდენიმე პარალელურად მიმდინარე პროცესის ანალიზი აჩვენებს, რატომ შეიძლება აღმოჩნდეს მათი შედეგები რუსეთისთვის ხელსაყრელი.
2008 წლის ომის პასუხისმგებლობა – სასამართლოს ახალი პოლიტიკური განზომილება
21-23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა, ხუთი ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის მოთხოვნით. სარჩელის ერთ–ერთი საფუძველია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მოქმედი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ანგარიში. კომისიის მიერ ჩამოყალიბებული შეფასებები 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის მიზეზებსა და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობასაც ეხება.
2008 წლის ომის შესახებ მოსკოვის ერთ–ერთი მთავარი პოლიტიკური ნარატივი წლების განმავლობაში ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს სამხედრო დაპირისპირება საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოიწვია (გააღიზიანა რუსეთი), რუსეთი კი იძულებული გახდა, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა დაეცვა. რუსეთი ამ ინტერპრეტაციას იყენებდა როგორც სამხედრო ინტერვენციის, ისე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გასამართლებლად. სწორედ ასეთი არგუმენტაციაა წარმოდგენილი 2021 წელს ეუთოში რუსეთის ოფიციალურ განცხადებაშიც. ამ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ–ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, მოითხოვა საერთაშორისო სასამართლოებში 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარდგენილი ოფიციალური დოკუმენტების გამოთხოვა. შუამდგომლობის მიზანი იყო, სასამართლოს შეედარებინა საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი პოზიცია წულუკიანის კომისიის დასკვნებთან. სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
აქ პრინციპული შეკითხვა ჩნდება: თუ საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში გაიზიარებს 2008 წლის ომის შესახებ ისეთ ინტერპრეტაციას, რომელიც რუსეთის ისტორიულ ნარატივს უახლოვდება, როგორ აისახება ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პოზიციაზე?
ცხადია, საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ გააუქმებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნებს რუსეთის ეფექტური კონტროლისა და ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის მისი პასუხისმგებლობის შესახებ, თუმცა მას შეუძლია, შექმნას შიდა პოლიტიკური დოკუმენტი, რომელსაც მოსკოვი პროპაგანდისტული პოზიციის გასამყარებლად გამოიყენებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ გადაწყვეტილება არა მხოლოდ კონკრეტული პარტიების საქმიანობის შეფასებას, არამედ 2008 წლის ომის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხსაც შეეხება.
„წინა ხელისუფლების დანაშაული“ – რუსეთთან დიალოგის ახალი საფუძველი?
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური რიტორიკის ერთ–ერთი ცენტრალური ელემენტი უკვე წლებია, წინა ხელისუფლებისა და ე.წ. „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაზეა აგებული. თუ ეს ნარატივი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დამატებით გამყარდება, ხელისუფლებას შეეძლება, რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა განსხვავებული არგუმენტით დაასაბუთოს. ლოგიკა შესაძლოა ასეთი იყოს: რუსეთთან კონფლიქტი წინა ხელისუფლების შეცდომებისა და პროვოკაციული პოლიტიკის შედეგად გამწვავდა; მოქმედ ხელისუფლებას კი ევალება ამ შეცდომების გამოსწორება, დაპირისპირების დასრულება და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. ასეთ შემთხვევაში რუსეთთან პირდაპირი დიალოგი შეიძლება წარმოდგენილი იყოს არა როგორც დათმობა, არამედ როგორც „ისტორიული შეცდომების გამოსწორება“ და „პრაგმატული მშვიდობის პოლიტიკა“.
ამ შესაძლო ცვლილების შესაფასებლად საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება.
21 ოქტომბერს, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმის განხილვის დაწყების დღეს, ცნობილი გახდა, რომ პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა.
პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტებად რჩება. თავისთავად ეს დანიშვნა არც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ნიშნავს და არც რუსეთის მიმართ საქართველოს ოფიციალური პოზიციის შეცვლას ადასტურებს, თუმცა სასამართლოში მიმდინარე პროცესთან ერთად, აჩენს შეკითხვას: ხომ არ ყალიბდება ისეთი პოლიტიკური გარემო, რომელშიც რუსეთთან ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყება წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნარატივით დასაბუთდება? ამ კონტექსტში განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მანდატი უკვე საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედ პირველ მოადგილეს ენიჭება და კონფლიქტის მოგვარების საკითხსაც მოიცავს. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმალურ ჩანაცვლებას, თუმცა ქმნის საფრთხეს, რომ საერთაშორისო შუამავლობით მიმდინარე მრავალმხრივი მოლაპარაკებების პარალელურად მოსკოვთან ორმხრივი დიალოგი თანდათან იქცეს პოლიტიკური შეთანხმებების ძირითად სივრცედ.
„პუტინის გზა“ – ტრანსპორტი როგორც გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი
2026 წლის ივლისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებულ ჟურნალ „Международная жизнь“-ში გამოქვეყნდა რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, ვლადისლავ გასუმიანოვის სტატია პროექტზე, რომელსაც ავტორი „პუტინის გზას“ უწოდებს. ინიციატივა გულისხმობს რუსეთის, აფხაზეთის, საქართველოსა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენას, ირანის მიმართულებით შემდგომი დაკავშირების შესაძლებლობით. ამ ეტაპზე ეს არის საჯაროდ წარმოდგენილი გეოპოლიტიკური და სატრანსპორტო კონცეფცია და არა საქართველოს მიერ შეთანხმებული ან მშენებლობის ეტაპზე გადასული საერთაშორისო პროექტი, თუმცა მისი პოლიტიკური მნიშვნელობა თავად რუსულ წყაროშია ახსნილი. ავტორი აღნიშნავს, რომ პროექტი გააძლიერებს რუსეთის პოზიციებს აფხაზეთში, მის მონაწილეობას საქართველოს სატრანზიტო პოლიტიკაში და მოსკოვის გავლენას სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო არქიტექტურაზე. იგი ასევე მიუთითებს, რომ პროექტში მონაწილეობა აფხაზეთის პოლიტიკურ სუბიექტობას გააძლიერებს. ამავე დროს, ავტორი აღიარებს, რომ პროექტის რეალიზაციის ერთ–ერთი მთავარი დაბრკოლება საქართველოს პოზიცია და აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსია.
აქ იკვეთება მთავარი გეოპოლიტიკური გარემოება. რუსეთს აფხაზეთის ტერიტორია სამხედრო და პოლიტიკური კონტროლის ქვეშ აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლია, საკუთარი გადაწყვეტილებით გახსნას საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანი საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის, სომხეთისა და ირანის მიმართულებით. საამისოდ თბილისთან შეთანხმებაა აუცილებელი. მოსკოვს, შესაბამისად, სჭირდება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ ისეთი პოლიტიკური ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც ამ ინფრასტრუქტურის გამოყენებას შესაძლებელს გახდის.
აფხაზეთის გავლით ტრანზიტი – რას უშვებს ქართული კანონმდებლობა?
ამჟამად აფხაზეთის გავლით რუსეთიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე და შემდეგ სომხეთისა და ირანის მიმართულებით რეგულარული საერთაშორისო სატვირთო ტრანზიტი არ ფუნქციონირებს. საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სარკინიგზო მიმოსვლასა და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვას კრძალავს, თუმცა კანონის მე-6 მუხლი განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობის სპეციალური თანხმობის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს, მათ შორის სახელმწიფო ინტერესების, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის მიზნებისთვის.
აქ ორი გარემოებაა საყურადღებო.
- ამ კანონის შესაცვლელად საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის საჭირო. მისი ცვლილება ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცედურითაა შესაძლებელი.
- გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის დაშვების მექანიზმი უკვე არსებობს და პრაქტიკაშიც გამოიყენება.
2026 წლის 28 სექტემბერს მთავრობამ ცვლილება შეიტანა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის გაცემის წესში. ოქტომბერში კი ცნობილი გახდა კონკრეტული კომპანიებისთვის შესაბამისი ნებართვების გაცემისა და გახანგრძლივების შესახებ. ეს გადაწყვეტილებები არ ნიშნავს საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის გახსნას და არც ამგვარი გეგმის არსებობას ადასტურებს, თუმცა აჩვენებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ეკონომიკური კავშირების დასაშვებად მოქმედი ადმინისტრაციული მექანიზმი არსებობს. საერთაშორისო ტრანზიტის ამოქმედებას დამატებითი სამართლებრივი, საბაჟო და სატრანსპორტო შეთანხმებები დასჭირდება. შესაბამისად, მისი გახსნა შეიძლება მოხდეს არა ერთი გადაწყვეტილებით, არამედ რამდენიმე თანმიმდევრული პოლიტიკური და ადმინისტრაციული ნაბიჯით.
აფხაზეთის აღიარება დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე?
აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აფხაზეთის დე ფაქტო ორგანოების როლია. თეორიულად, აფხაზეთის გავლით სატრანზიტო დერეფნის ამოქმედება შესაძლებელია საქართველოს მიერ მისი დამოუკიდებლობის აღიარების გარეშეც.
ამის პრეცედენტია 2011 წელს შვეიცარიის შუამავლობით ხელმოწერილი საქართველო–რუსეთის შეთანხმება საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთების მონიტორინგის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებდა სტატუსნეიტრალურ მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც ტვირთის კონტროლში საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა, ხოლო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პოლიტიკური სტატუსის საკითხი ღიად რჩებოდა. მაგრამ განსხვავებული შედეგი შეიძლება მოჰყვეს ისეთ მოდელს, რომელშიც აფხაზეთის დე ფაქტო საბაჟო დამოუკიდებელი ადმინისტრაციული უფლებამოსილებით ჩაერთვება საერთაშორისო სატრანზიტო სისტემაში. ამ შემთხვევაში, თუნდაც საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ოფიციალური აღიარების გარეშე, შესაძლოა გაძლიერდეს მისი დე ფაქტო სახელმწიფოებრივი ფუნქციები. ტვირთების ადმინისტრირება, საბაჟო დოკუმენტების გამოყენება, სატრანზიტო შემოსავლები და უცხოურ კომპანიებთან მუდმივი ურთიერთობები შეიძლება თანდათან იქცეს აფხაზეთის პოლიტიკური სუბიექტობის განმტკიცების ინსტრუმენტებად. ამიტომ დერეფნის გახსნის შეფასებისას გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ ის, გაივლის თუ არა ტვირთი აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამედ ისიც, ვინ განახორციელებს საბაჟო კონტროლს, ვისი იურისდიქციით იმუშავებს დერეფანი და რა სტატუსით ჩაერთვებიან აფხაზეთის დე ფაქტო ორგანოები. სწორედ ამ განსხვავებაზე იქნება დამოკიდებული, ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოს სუვერენიტეტის ფარგლებში განხორციელდება თუ ხელს შეუწყობს აფხაზეთის დე ფაქტო ინსტიტუციური დამოუკიდებლობის განმტკიცებას.
რა როლი შეიძლება ჰქონდეს პარტიების აკრძალვას?
პარტიების აკრძალვის განაჩენი ვერ შეცვლის აფხაზეთის საერთაშორისო სამართლებრივ სტატუსს და თავისთავად ვერ გახსნის სატრანზიტო დერეფანს. მისი შესაძლო მნიშვნელობა სხვა მიმართულებით უნდა ვეძებოთ.
- თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში 2008 წლის ომის შესახებ წულუკიანის კომისიის რუსეთისთვის ხელსაყრელი ინტერპრეტაცია აისახება, ხელისუფლებას ექნება დამატებითი პოლიტიკური არგუმენტი რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპის დასასაბუთებლად.
- ასეთი ნარატივის პირობებში სატრანზიტო თანამშრომლობა შესაძლოა წარმოდგენილი იყოს არა რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებად, არამედ წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი დაპირისპირების დასრულების პრაქტიკულ შედეგად.
ამგვარად, შესაძლოა ჩამოყალიბდეს თანმიმდევრობა: წინა ხელისუფლებისთვის ომის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გაძლიერება და ეკონომიკური ურთიერთობების ეტაპობრივი გაფართოება.
მთავარი საფრთხე – პასუხისმგებლობის საკითხის ჩანაცვლება ეკონომიკური პრაგმატიზმით
საქართველოსთვის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების არსებობა თავისთავად ახალი მოვლენა არ არის. არც კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს შორის კავშირების აღდგენა უნდა განიხილებოდეს ავტომატურად საფრთხედ. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ეკონომიკური თანამშრომლობის პოლიტიკური საფუძველი რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის უკანა პლანზე გადაწევას გულისხმობს. თუ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საწყისი არგუმენტი გახდება მტკიცება, რომ კონფლიქტის მთავარი მიზეზი საქართველოს წინა ხელისუფლების ქმედებები იყო, მაშინ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა ადგილი დარჩება ამ პროცესში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, სამხედრო ძალების გაყვანისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებს?
და კიდევ ერთი: თუ აფხაზეთის გავლით ახალი სატრანზიტო დერეფანი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მონაპოვარი იქნება, რას მიიღებს საქართველო სანაცვლოდ, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით?
მხოლოდ სატრანზიტო შემოსავლები ამ კითხვაზე საკმარისი პასუხი ვერ იქნება. რუსეთისთვის სასურველი შედეგი შეიძლება იყოს არა საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის პირდაპირი აღიარება, არამედ ისეთი რეგიონული წესრიგის ჩამოყალიბება, რომელშიც აფხაზეთი სულ უფრო მეტად მოქმედებს, როგორც ცალკე ადმინისტრაციული და ეკონომიკური სივრცე, საქართველო კი თანდათან ერგება ამ რეალობას. სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი მხოლოდ პარტიების აკრძალვის საკითხად არ უნდა განვიხილოთ. მისი შესაძლო გეოპოლიტიკური შედეგების შესაფასებლად აუცილებელია დავაკვირდეთ, როგორ განიმარტება 2008 წლის ომი, რა ფორმას მიიღებს რუსეთთან პირდაპირი დიალოგი და რა პირობებით შეიძლება ამოქმედდეს აფხაზეთის გავლით სატრანზიტო მარშრუტი.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ყოველთვის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებით არ დგინდება, ზოგჯერ ისინი იწყება ისტორიული პასუხისმგებლობის გადაფასებით, გრძელდება პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზებით და საბოლოოდ აისახება იმაში, ვინ აკონტროლებს გზებს, საზღვრებსა და საბაჟო ტერმინალებს.