ირაკლი კობახიძე სუსში გამოკითხვაზე იმყოფება

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სუსში გამოკითხვაზე იმყოფება, – ამის შესახებ „პუბლიკას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

უწყებაში არ აკონკრეტებენ ინფორმაციას, თუ რა საქმესთან დაკავშირებით არის ის გამოკითხვაზე.

ტელეკომპანია „რუსთავი 2″ აღნიშნულ ინფორმაციას თან ურთავს იმას, რომ „ირაკლი კობახიძემ, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საჯაროდ გააკეთა განცხადება დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ და მოუწოდა სამართალდამცავებს, მის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, გამოძიება დაეწყოთ”.

განახლება: სუს-დან გამოსვლის შემდეგ, კობახიძემ განაცხადა, რომ სუს-ში იმყოფებოდა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელზეც მან ბრიფინგზე ისაუბრა.

„დამიკავშირდნენ სუს-იდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე გავავრცელე რამდენიმე დღის წინ. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში „ნაცმოძრაობის” ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.