31 ოქტომბრის არჩევნები სხვადასხვა ასპექტითაა გამორჩეული. მე მხოლოდ ორ ფაქტორზე შევაჩერებ ყურადღებას: ა) ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტსა და ბ) მიმდინარე პროცესებში სააკაშვილის როლზე.
პარლამენტის ბოიკოტი
რა გამოარჩევს ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლის ამჟამინდელ ბოიკოტს?
ის, რაც ზედაპირზე დევს და იოლი დასანახია, ისაა, რომ ამ საკითხის ირგვლივ მიღწეული ტოტალური გაერთიანება უპრეცედენტოა უახლოეს პოსტსაბჭოთა (1991 წლის შემდგომ) ისტორიაში. არჩევნების გაყალბებასა და ამ მიზეზით პარლამენტში შესვლის ბოიკოტზე თვით „პატრიოტთა ალიანსიც“ ფოკუსირდება – პარტია, რომელიც ყოველთვის „ქართული ოცნების“, სულ მცირე, ფარულ მოკავშირედ მოიაზრებოდა.
თუმცა აღნიშნულ ბოიკოტს სხვა, უფრო სერიოზული საფუძველიც აქვს: 31 ოქტომბრის არჩევნები გადიოდა იმ ზღვარზე, რომელსაც რეალურად შეეძლო მოეტანა სახელისუფლებო ცვლილების სრულიად ახალი ტიპი საქართველოსთვის – კოალიციური მთავრობა. საზოგადოებრივი აზრის, პრაქტიკულად, ყველა გამოკვლევა აჩვენებდა, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა ასეთ ცვლილებას მხარს უჭერდა და კოალიციური ხელისუფლების მოლოდინში იყო.
პრინციპში, არჩევნების თუნდაც ოფიციალურად გამოცხადებულმა შედეგმა ეს დაადასტურა – ამომრჩევლის ნახევარზე მეტმა ხმა მისცა ოპოზიციას, რაც, ამავდროულად, კოალიციური ხელისუფლების მხარდაჭერას ნიშნავს (არც ერთი ოპოზიციური ძალის ამომრჩეველს არ შეიძლებოდა, ჰქონოდა იმის განცდა, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი პარტია უმრავლესობას მიიღებდა).
თავის მხრივ, კოალიციური ხელისუფლების მხარდაჭერა ერთპარტიული მმართველობის მიუღებლობას აჩვენებს – საზოგადოება დაიღალა ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების მონოპოლიზებისა და ავტორიტარიზმისკენ სწრაფვის გამოცდილებით. მით უფრო, რომ ამ მტკივნეულ გამოცდილებას არასოდეს მოუტანია ეკონომიკური კეთილდღეობის მინიმუმზე მეტი, არ შეუქმნია დემოკრატიის დასაყრდენი, საშუალო ფენის სახით. პირიქით, ავტორიტარულმა მმართველობებმა სოციალურად დაუცველების ჯგუფი გაზარდა კიდეც.
სააკაშვილის ფაქტორი
დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლად კონსენსუსი მიიჩნევა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მაგრამ მოვლენები გვიჩვენებს, რომ კონსენსუსის მიღწევა არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ოპოზიციის შიგნით.
კონსენსუსის თემა კი ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის ფიგურას უკავშირდება.
გარკვეული აზრით, სააკაშვილი ტრაგიკული ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში. და ეს ტრაგიზმი, პირველ რიგში, მის მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გაორებულ დამოკიდებულებაში მდგომარეობს. ეს მარტივად არ გამოიხატება მხოლოდ სააკაშვილის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების თანაარსებობით. ვითარება უფრო რთულია: არც თუ ცოტანი არიან ისინი, რომელთაც ერთი თვალით უხარიათ სააკაშვილის გამოჩენა, ხოლო მეორე თვალი სიბრაზით ევსებათ. ბედის ირონია კი სწორედ ისაა, რომ ორივე „თვალს“, ობიექტურად, თავისი სიმართლე აქვს.
მიხეილ სააკაშვილი, ერთი მხრივ, აღქმულია როგორც მოდერნული საქართველოს მშენებელი, ხოლო, მეორე მხრივ, მიჩნეულია ავტორიტარად, რომლის მმართველობამ „უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები“.
მას დღემდე ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს ოპოზიციურ ფლანგზე და, ამავე დროს, ის არის ყველაზე საძულველი პოლიტიკოსი, თუნდაც ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში.
უფრო სოციოლოგიურად რომ ვთქვათ, შეკითხვაზე – რომელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოგწონთ? – ყველაზე მეტი რესპონდენტი სააკაშვილზე მიუთითებს, ხოლო, შეკითხვაზე, ყველაზე მეტად რომელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ მოგწონთ? – აქაც სააკაშვილია ლიდერი.
სააკაშვილი „გაჭედილია“ ამ ორმაგობაში – წინ ვერ მიდის (ანუ, არ შეუძლია მის მიმართ მხარდაჭერის გადაზრდა უმრავლესობად), ხოლო უკანდახევა თავად არ უნდა (ან რატომ უნდა მოინდომოს?).
შევხედოთ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებს: მათი დიდი ნაწილი სააკაშვილის მხარდამჭერებისგან შედგება, თუმცა აქციების ორგანიზატორები ცდილობენ, რომ სააკაშვილი „გადამალონ“ ან, უკეთეს შემთხვევაში, ფარულად იგულისხმონ. მაგრამ ეს გადამალვა არ გამოდის. სააკაშვილი სოციალურ ქსელებში ლამის ყოველდღე ჩნდება და უკვე მისი პარტიის წევრებიც აღარ მალავენ ბრაზს მათი ლიდერის „ბექებში“ იძულებით გაშვების გამო.
ბოლო დღეებში ამ დილემას ოპოზიციაც კარგად ამჩნევს და, ერთი მხრივ, თავად სააკაშვილი ცდილობს, თავისი პერსონის უპირატესობა წინ არ წამოწიოს (რაც მაინცდამაინც წარმატებულად არ გამოუდის), ხოლო, მეორე მხრივ, დანარჩენი ოპოზიცია ცდილობს, რომ სააკაშვილის ლანძღვა უფრო მეტი დიპლომატიით ჩაანაცვლოს.
ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, სააკაშვილის ფაქტორი და ამ ფაქტორით გამოწვეული უთანხმოება არ გაააქტიურონ (თუმცა აუცილებლად „შეინახონ“) და აქცენტი დასვან გამაერთიანებელ მესიჯზე იმის შესახებ, რომ „არჩევნები გაყალბდა“.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე გადავინაცვლოთ. დავსვათ შეკითხვა: არის კი შესაძლებელი, რომ მათ შორის ჩამოყალიბდეს კონსენსუსი, სააკაშვილის გარშემო (რასაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ვერაფრით ვერ ახერხებენ)? სხვანაირად ეს შეკითხვა ასეც შეიძლება დაისვას: არის კი ოპოზიციური ამომრჩეველი მზად, რომ პროტესტი დააფუძნოს ღირებულებებზე (ამ შემთხვევაში, სამართლიანი არჩევნების ღირებულებაზე) და არ გაამახვილოს ყურადღება სააკაშვილის წინააღმდეგობრივ ფაქტორზე?
ამ შეკითხვაზე სწორ პასუხს მაშინ ვიპოვით, თუ ოპოზიციურ ამომრჩეველს განვიხილავთ არა როგორც ერთ მთლიანს, არამედ – თაობების ჭრილში. ვფიქრობ, საშუალო და უფროსი თაობების წარმომადგენლებისთვის სააკაშვილთან მიმართებით კონსენსუსი უაღრესად რთულია (ალბათ, შეუძლებელიც). მათ საკუთარ გამოცდილებაში გამოატარეს სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის ხანა და ამ გამოცდილებით ან სააკაშვილის მიმართ აღფრთოვანება მოიპოვეს, ან – უპირობო მიუღებლობა (თუ დღემდე, სადმე შუა მართლაც გაკრეფილია, ეს, პირველ რიგში, ამ ორ პოზიციას შორის არსებულებზე ითქმის).
სააკაშვილის ფაქტორთან მიმართებით კონსენსუსს დღეს ყველაზე მეტად ახალგაზრდები ახერხებენ, უფრო ზუსტად ახალგაზრდების ის ნაწილი, რომელიც ცნობილია ე.წ. generation Z სახელით, ანუ 1996-97 წლებში დაბადებული თაობა. ეს თაობა ცდილობს, შექმნას ახალი და განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგი, სადაც სააკაშვილის ფიგურაზე აპელირება მეორეხარისხოვანია. ახალგაზრდების ამ ნაწილს ყველაზე მეტად შეუძლია, რომ ჯანსაღი დისტანცია დაიკავოს სააკაშვილის მიმართ და მას, ერთი მხრივ, მიღწევები დაუფასოს, ხოლო, მეორე მხრივ, ჩავარდნების გამო მკაცრად გააკრიტიკოს.
თუ ამჟამინდელ საპროტესტო გამოსვლებს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ქუჩაში ბევრი ახალგაზრდა, generation Z-ის წარმომადგენელი დგას. მათი წილი წინა წლებთან შედარებით აშკარად გაზრდილია. ხშირად გვესმის, რომ ეს ახალგაზრდები პარტაქტივის წარმომადგენლები არიან. ასეც რომ იყოს, ეს პრინციპულად არაფერს ცვლის: სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის „ქუდის“ ქვეშ მყოფი ახალგაზრდები ამჟღავნებენ, რომ მათ შეუძლიათ პარტიული ლიდერებისგან ჯანსაღი დისტანცირება და საერთო პრობლემებზე აპელირება.
ეს თაობა ნაკლებადაა ორიენტირებული ავტორიტეტებზე, ზოგადად, პოლიტიკის პერსონიფიკაციაზე და მათთვის წყალგამყოფი ფაქტორი, არა ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ ლოიალობაა, არამედ ფუნდამენტური ღირებულებითი განსხვავებები.
* * *
თუ შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტის ამჟამინდელი ბოიკოტი გასცდა გაბრაზებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ახირებას და ნასაზრდოებია ხელისუფლების ახალი ტიპის – კოალიციური ხელისუფლების, აგრეთვე, დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრების სოციალური დაკვეთით. მეორე მხრივ, ამ დაკვეთის შესრულებას ნამდვილად სჭირდება მიხეილ სააკაშვილის ფიგურის მიმართ კონსენსუსის მიღწევა, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა, რაც პრობლემებზე (და არა პიროვნებებზე) ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას გულისხმობს.