აქტივისტები ერევნის მუნიციპალურ შენობაში შეიჭრნენ, სომხეთში აქციები გრძელდება

პუბლიკა

ერევნის ცენტრში, კენტრონის რაიონის მუნიციპალიტეტის შენობაში ფაშინიანის მოწინააღმდეგეები შეიჭრნენ.

მოქალაქეები ერევანში მსვლელობას მართავდნენ და ხალხს საღამოს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. მოგვიანებით, აქტივისტებმა განაცხადეს, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე ზეწოლა ხდებოდა და მათ აიძულებდნენ საღამოს არა ოპოზიციის, არამედ პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიერ დაგეგმილ აქციაზე წასულიყვნენ. ამის გამო აქტივისტები ერევნის ცენტრალური რაიონის შენობაში შეიჭრნენ.

თუმცა, როგორც სომხური მედია წერს, შენობა მალევე დატოვეს და ბაგრამიანის გამზირისკენ გაემართნენ, სადაც სომხეთის პარლამენტთან – ეროვნულ ასამბლეასთან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს საღამოს ქუჩაში გამოსვლისკენ.

სომხეთში დღეს რამდენიმე აქციაა დაგეგმილი. ერევნის ცენტრში რესპუბლიკის მოედანზე თავის მომხრეებს შეკრებისკენ პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა მოუწოდა. პროსახელისუფლებო აქცია 18:30 საათზეა დაგეგმილი. 18:00 საათიდან კი ერევანში ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიების ნაწილი შეიკრიბება, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

ერევანში მსვლელობა იგეგმება 2008 წლის 1-2 მარტის გასახსენებლადაც. 12 წლის წინ ტერ-პეტროსიანის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი – დაშავდა.

ვითარება სომხეთში ცოტა ხნის წინაც დაიძაბა. 25 თებერვალს მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის გადაყენების ბრძანება გასცა, გენშტაბმა განცხადება გაავრცელა და პრემიერსა და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა. ფაშინიანმა სამხედროების პოზიცია „სამხედრო გადატრიალების მცდელობად“ შეაფასა, გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა და თავის მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. პარალელურად გენშტაბისადმი სოლიდარობის ნიშნად ქუჩაში გამოვიდნენ ოპოზიციური პარტიების ნაწილი და მათი მხარდამჭერები. გენშტაბის უფროსის გადაყენების ბრძანებას კი სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ჯერჯერობით ხელს არ აწერს.